"რამდენჯერაც ამ ხიდს გადავივლით, დაგლოცავთ!" - კვირის პალიტრა

"რამდენჯერაც ამ ხიდს გადავივლით, დაგლოცავთ!"

"ახლა ვხვდები, რატომ ვერ ტოვებენ ამ სოფლის მკვიდრნი თავიანთ კერიას"

სვანეთის ხსენებაზე უნებლიეთ გახსენდება ზამთარ-ზაფხულ თოვლიანი მთები, პატარძალივით მორთული ბუნება და დაუვიწყარი სანახები. მართალია, სვანები უმშვენიერეს ადგილებში ცხოვრობენ, მაგრამ პრობლემაც ბევრი აქვთ. გული დაგეწვება მიტოვებული ნასახლარების ხილვისას, საიდანაც სევდისმომგვრელი სიჩუმე გეგებება.

ჩვენმა რესპონდენტმა როინ ჩაგუნავამ ექვსი თვე გაატარა სვანეთში და იქაურ შთაბეჭდილებებს დღემდე ვერ ივიწყებს:

- მესტიის რაიონის სოფელი ლუჰა რაიონული ცენტრიდან 35 კილომეტრითაა დაშორებული. სოფელში შვიდი თუ რვა ოჯახი ცხოვრობს. მოსახლეობის სიმცირის გამო სკოლაც არა აქვთ და იქაური ბავშვები სასწავლებლად მეზობელ სოფელ ფარში დადიან. ხიდს სოფლისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს - სათიბ-საძოვრები ენგურის მეორე ნაპირზეა, შეშაც იმ ნაპირიდან გადმოაქვთ, ხილიც და არსებობისათვის აუცილებელი ბევრი სხვა რამ. სამიოდე წლის წინ ძველი ხიდი ღვარცოფმა მოგლიჯა და წაიღო. სოფლელები მეორე ნაპირზე ვეღარ გადადიოდნენ და 10 კილომეტრის გავლა მაინც უხდებოდათ, რომ შემოვლითი გზით სათიბებამდე მისულიყვნენ.

ბატონი როინის თქმით, მან და მისმა მეგობრებმა ეს ხიდი საკუთარი მარჯვენით აღადგინეს:

- ულამაზესია სოფელი ლუჰა და ძალიან მიხარია, რომ ამ სოფლის მკვიდრთათვის სულ მცირე სიკეთის გაკეთება მაინც შევძელი.

- ბატონო როინ, ამბობთ, სოფელ ლუჰაში ხიდის აგება თითქმის შეუძლებელი იყოო...

- მიუვალი ადგილია და მძიმე ტექნიკის სოფლამდე მიყვანა შეუძლებელია. ჯერ გზა უნდა გაეყვანათ, რომ ტექნიკა იქამდე მისულიყო, რასაც დიდი დრო და სახსრები დასჭირდებოდა. მესტიის რაიონის გამგებელმა გამოყო თანხა ხიდის აღსადგენად, მაგრამ არც ერთმა სამშენებლო კომპანიამ არ მოჰკიდა ხელი ამ საქმეს. ყველამ უარი თქვა. მერე გამოჩნდა მესტიის მკვიდრი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც კერძო სამშენებლო კომპანიას ხელმძღვანელობს.

მან გაგვაცნო, თუ რა სახის სამუშაო იყო ჩასატარებელი. მართალია, სამუშაო მართლაც რთული ჩანდა, მაგრამ დავთანხმდით და სვანეთისაკენ გავემართეთ. სულ ექვსნი ვიყავით. სოფელში, მიტოვებულ სახლში დავბინავდით და საქმეს შევუდექით. იქაურებიც მხარში გვედგნენ და 6 თვეში თითქმის შიშველი ხელებით ავაგეთ 36 მეტრი სიგრძის ხიდი. ამწეც კი არ გვქონია, ყველაფერს საკუთარი მარჯვენით ვაკეთებდით, სვანები გვაქებდნენ - შეუძლებელი შეძელით, რამდენჯერაც ამ ხიდს გადავივლით, იმდენჯერ დაგლოცავთო. ჩვენც ძალიან კმაყოფილნი ვიყავით, რომ ისედაც მკაცრ პირობებში მცხოვრებ ხალხს ოდნავ მაინც შევუმსუბუქეთ ყოფა.

ახლა ვხვდები, რატომ ვერ ტოვებენ ამ სოფლის მკვიდრნი თავიანთ კერიას: სოფელი ლუჰა ხომ ედემის ბაღია!

ხათუნა ჩიგოგიძე