"სამშობლოს გარეშე რა სიცოცხლეა" - კვირის პალიტრა

"სამშობლოს გარეშე რა სიცოცხლეა"

ხევსურეთიდან მოსახლეობის ბარისკენ ლტოლვა არ წყდება. თუ ასე გაგრძელდა, ერთ დროს ხალხმრავალი სოფლებიდან თითო-ოროლა კომლიღა თუ დარჩება. ამ პროცესს მომთაბარეობამაც შეუწყო ხელი, თუმცა კი ძირითადი "დამნაშავე" მკაცრი ზამთარი და მძიმე სოციალური პირობებია.

ამ მეტად არასახარბიელო და სევდიანი სურათის ფონზე, თითოეული იმ ოჯახის ტკივილი თუ სიხარული გულთან მისატანი და მოსაფრთხილებელია, ვისაც მაგრად ჩაუბღუჯავს მამა-პაპის მიწა. ერთ ასეთ ოჯახზე მინდა გიამბოთ.

იმედა (ავთანდილ) ქობულოელი გამორჩეულად კაიყმა არი იმ კარგ ყმათა შორის, ჩვენს კუთხეში რომ არ დალეულან, და არც დაილევიან, რადგან ჯიში და სისხლი მაინც თავისას შვრება.

იმედა ლიქოკელმა მთელი ცხოვრება სიკეთის ქმნაში გაატარა, თუმცა კი წუთისოფელმა არცთუ იოლი გზასავალი მიჰკერძა. ცოცხლად მოარული ენციკლოპედიაა ხევსურეთისა - ბრწყინვალედ იცის თითოეული გვარისა და მამიშვილობის წარმომავლობა, მათი სახელები დედაწულიანად, დაბადების ადგილები და ადგილთა ტოპონიმიკა. ფეხითა და ცხენით მრავალგზის მოუვლია ფშავი, ხევი, მთიულეთ-გუდამაყარი თუ თუშეთი. წიგნია მისი განუყრელი მეგობარი, წიგნი, რომლის შესაძენად არაფერი დაუშურებია - სხვა ქონებას არც-რა ბევრად დაგიდევდათ, არც მაინცდამაინც იზიდავდა და სხვები რომ სხვადასხვა ნივთს ყიდულობდნენ, ის წიგნს იძენდა. ასე დაუგროვდა 5000-მდე გამოცემა.

ცოდნა დიდი აქვს, მეხსიერება შეუდარებელი, - უშურველად გასცემს და უზიარებს ყველას, ვინაც კი დაეკითხება. სად, რომელ წიგნში რა წერია, შეუძლია მიგითითოს, ციტატაც მოიყვანოს, და თან ანალიზი დაურთოს, ავტორმა რატომ თქვა ესა თუ ის ფრაზა.

უცხოთაგან ხშირად მსმენია: ეს კაცი  უმაღლეს სასწავლებელში უნდა ასწავლიდესო. არადა, საშუალო სკოლადამთავრებულია.

ის და მისი მეუღლე, თამილა ოდიშელიძე ერთმანეთზე უკეთეს შვილებს უზრდიან ქვეყანას. თამილა, რომელიც მთის გაუსაძლის პირობებს არაფრად აგდებს, კიდევაც მასწავლებლობს და ოჯახსაც უძღვება. მათი ოჯახის შემხედვარე უნებურად იფიქრებ: "აი, ვისზე დგას საქართველო და მისი მომავალი".

იმედა ლიქოკელი: "ბარისაკენ ლტოლვა აქაურმა ძნელმა პირობებმა გამოიწვია, მაგრამ არც ბარია ედემბაღი. მე 7-8 წელი ბარში ვიყავი და იქაც გაჭირვებაა პირუტყვის მოვლა-შენახვის მხრივ. თუმცა ტექნიკა იქ მეტია და ეს აადვილებს ცხოვრებას. აქაც ტექნიკით უნდა გავიიოლოთ ყოფა. საქართველოს კიდევ ის შველის, რომ ბევრი მუშაობს საზღვარგარეთ, იქიდან ეხმარებიან ოჯახებს. მე კი უცხო ქვეყანაში არ წავიდოდი, სამშობლოს გარეშე რა სიცოცხლეა".

და უვლის საქონელს იმედა, ფუტკარიც მოაშენა, მთა-ბარსაც პატრონობს და ხატ-სალოცავსაც. უმკლავდება სხვადასხვა პრობლემას და ხვალინდელ დღეს იმედით უყურებს...

გიორგი ჭინჭარაული, ბარისახო, ლიქოკის ხეობა