"გაგვექცა ახალგაზრდობა და ჩვენც დავიქეცით" - კვირის პალიტრა

"გაგვექცა ახალგაზრდობა და ჩვენც დავიქეცით"

ამ ზაფხულს ტემპერატურა 44 გრადუსს მიაღწევსო - სინოპტიკოსთა პროგნოზმა სული შემიხუთა. ალბათ, ჩემთან ერთად სხვებსაც, ვინც ცხელ ზაფხულს შიშით ელის მიზეზთა გამო, მათ შორის მატერიალური სიდუხჭირისაც, რისთვისაც თბილისის ეზოებში უამრავი ბავშვი მზისგულზე რჩება... წარმომიდგენია, რა მოუვიდოდათ ჩობალაურელებს, რომელთა ონკანებსა და ჭებში წლებია, წყლის წვეთი არ ჩანს. მათ თითქმის აღარაფერი გააჩნიათ, არც ბაღები, არც ბოსტნები, არც ვენახები - უწყლობამ ყველაფერი გაუნადგურა. მხოლოდ დაცარიელებული, დანგრევის პირას მისული სახლები შემორჩათ.

ამ გახუნებულ სურათში ერთადერთი სიახლე მე გახლდით, როდესაც თბილისიდან სულ 40-ოდე კილომეტრზე, სოფელში ავედი.

- ეს სახლები ტრასიდან რომ ჩანს, მხოლოდ ფუტლარებია, - მწარედ მითხრა ჯოხსდაბჯენილმა გოგია პაპამ და სნეული ფეხები ძლივს მიიტანა ღობესთან მდგარ ხის სკამზე, სადაც მასავით მოხუცებული ბებო იჯდა.

- უწყლო სოფელმა როგორ უნდა იხეიროს? იმიტომაც გაგვექცა ახალგაზრდობა და ჩვენც დავიქეცით! არადა, დასაქცევი რა გვქონდა, - დედაქალაქიდან 40-ოდე კილომეტრში ვართ. ამ სოფელში ახალგორიდან 75 წლის წინ მთავრობამ გადმოგვასახლა ქართველებიცა და ოსებიც - მთაში ყოფნას ბარში ჯობიაო... კვერნაქის ქედის ძირას შეგვასახლეს და სოფელი გავმართეთ. ცხოვრება რომ წამოვიდა წყაროს თვალივით, პური და ქერი დავთესეთ, ხეხილიც დავრგეთ და ორსართულიანი სახლებიც წამოვჭიმეთ - ქვემოდან, ტირიფონის არხიდან მოგვდიოდა სარწყავი წყალი; სოფლის თავზეც წყარო იყო, რომელსაც ზემოდან ნადარბაზევის ტბა ავსებდა და ამ წყაროდან მოგვდიოდა სოფელს წყალი.

მერე არხი რო გადაგვიკეტეს, ნადარბაზევის ტბაც დაგვიშრა და წყაროც. მას შემდეგ ვდგავართ ასე ცას მიჩერებულები და წვეთის გადმოვარდნას ველოდებით. მაისის ჩათვლით კიდევ არა გვიჭირს, ბუნება აყვავდება, შეიმოსება და ჩვენს სიღარიბესაც შემოსავს. მაისის შემდეგ კი დააჭერს სიცხე და გვახრჩობს, ცალკე მტვრითა და ცალკე უწყლობით, - მითხრა გოგია პაპამ და ჯოხი სოფლის ცენტრისაკენ გაიშვირა, - იქით წადი, სოფლის ცენტრში, ჩვენი ხალხი იქ ელოდება ხოლმე კასპიდან ამოტანილ წყალს, მანქანით მოაქვთ, ცისტერნებით...

მეც მისი ჯოხის წვერს გავყევი და სოფლის საფიხვნოს მივადექი. ცნობისმოყვარეობით შემომაჩერდნენ. რომ ვუთხარი, სოფლის გასაჭირზე უნდა დავწერო-მეთქი, ხელი ჩაიქნიეს. გოგუცა პოპიაშვილმა - არჩევნების წინ "ნაციონალებმა" კინაღამ მცემეს, - თქვენ უვარგისები ხართ, "ოცნებას" მოვიყვანთ და ის გვიშველის-მეთქი. ამათ უარესი გვიქნეს. წყალი კი არა, საწამლავი გვინდა, რომ სწრაფად დავიხოცოთ, უწყლობით ნელ-ნელა ვიხოცებით.

50 ოჯახს ცამეტი ბალღი გვყავს და ისინიც მეზობელი სოფლის სკოლაში დადიან... ჩვენი სკოლა ისეთ დღეშია, რაღა ბოსელი და რაღა ეგა! - დაამთავრა ქალმა და დანგრეული მაღაზიის კარში მიიმალა...

- შენი მადლობელი ვარ, შვილო, რომ ჩვენი ბედით დაინტერესდი, თორემ ჩვენს სოფელში იშვიათად თუ ამოდის ვინმე, - ისევ გამომეხმაურა გოგია პაპა.

მდუმარე სოფელი მძიმე სანახავია... კიდევ კარგი, გზად პატარა ბიჭის შეძახილი გავიგონე და ლოყებღაჟღაჟა და-ძმა, საბა და თამარ მუზაშვილები გამოჩნდნენ - გაჩერდნენ, ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდეს და დაჟინებით მომაცქერდნენ...

საბავშვო ბაღში არ დადიხართ-მეთქი? - ვკითხე. არაო, - თავი გამიქნიეს და ისევ შემომაჩერდნენ, - გამოლაპარაკებას ცოცხალი თავით არ აპირებდნენ. მერე თამარმა ვეღარ მოითმინა და: - სამაგიეროდ, ჩვენ აი, ასეთი პატარა გაბრიელი გვყავსო და პუტკუნა ხელები მოამრგვალა...

წამოსვლის წინ ამ ამბის გაგება კარგად მენიშნა, - როგორც ჩანს, სიცოცხლე აქ მაინც არ წყდება.