"ჩვენ მხოლოდ საკუთარი ჭერი გვინდა" - ქართულად აჟრიამულებული სოფელი და ცხოვრება გამოსახლების შიშში - კვირის პალიტრა

"ჩვენ მხოლოდ საკუთარი ჭერი გვინდა" - ქართულად აჟრიამულებული სოფელი და ცხოვრება გამოსახლების შიშში

"სხვის სახლში ვარ და თვალი გზისკენ მაქვს, შარშან თუ არ მოვიდა ამ სახლის პატრონი, წელს მაინც მოვა-მეთქი"

სოფელ ხედეკს სიცოცხლე ქართველობის ჩამოსახლებამ დაუბრუნა, მათი შვილების ხმაურმა კი ორღობეები ქართული სიტყვითა და ჟრიამულით აავსო...

წალკის სოფლებში ზვავს, ღვარცოფს და მეწყერს სვანეთიდან და აჭარიდან გამორიდებულების ჩასახლება გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო. ეკომიგრანტებს იქ სომეხი და ბერძენი მოსახლეობა დახვდათ, რომლებთანაც არც ისე კარგი მეზობლობა გამოვიდა - თავისად მიჩნეული მიწის დათმობა არავის უნდოდა. თუმცა, ქვეყანაში გაჩაღებული ომებისა და ნგრევის გამო ბერძნებმა გასაყიდი გაყიდეს, წასაღები წაიღეს, სახლის კარი გაიხურეს და უძველეს სამშობლოს მიაშურეს... აჭარელი ქართველობა კი უპატრონოდ მიტოვებულ სახლებში შევიდა, კარ-ფანჯრები ჩამოკიდა და სიცოცხლე გააგრძელა: პირუტყვიც მოაშენეს, გავერანებულ მიწებსაც მოუარეს. ამან ბერძნები დააინტერესა და ათეულწლობით მიტოვებულ სახლებში დაბრუნება დაიწყეს... ახლა ამ სოფლებში დიდი ტკივილია, - კანონის ძალით საკუთარ ქონებას ვერავის შეედავები, დიდი ხნის მიტოვებულსაც კი. ბრუნდებიან ბერძნები და ამბობენ: - იქ სიცხით ვიხრჩობით, აქ კი სიგრილეა, სახლი ჩვენია და რატომ არ უნდა დავისვენოთო! ქართველებიც სახლებს უხმოდ ტოვებენ.

სოფელ საყდრიონში სურმანიძეების ოთხშვილიანი ოჯახი, რომელთაც უფროსი შვილი 7 წლის ჰყავთ და უმცროსი - 9 თვისა, ბერძენმა მოხუცმა უკვე გამოასახლა იმ სახლიდან, რომელშიც 7 წელიწადი ცხოვრობდნენ. ართმელიძეების სამშვილიანი ოჯახი და კიდევ სხვები, გამოსახლებას დღე-დღეზე ელიან.

ამ დროს კი ამ  ქართველობამ წალკაში სიცოცხლე და საოცარი ძალა შეიტანა... ამაში სოფელ  საყდრიონშიც დავრწმუნდი, - სოფელი, რომელსაც ხედეკი ერქვა და რომელსაც ულამაზესი ძველქართული სახელი  ქართველების ჩამოსახლებამ დაუბრუნა,  ქართული სიტყვითა და ჟრიამულით აივსო. კიდევ მაYთი ნაშრომ-ნაჯაფარით და დაუშრეტელი სიცოცხლის ძალით, - გაოცებისაგან თვალები გამიფართოვდა, როცა კოკისპირულ წვიმასა და სიცივეში ართმელიძეების სახლიდან სამივე ბავშვი ფეხშიშველი გამოტანტალდა... თამარის, თეონასა და თემურის დედამ, ცირა ართმელიძემ - ახლა ზაფხული მაინცაა, უნდა ნახოთ ზამთარში რომ დარბიან ფეხშიშველები, ჯანმრთელები არიან და რა ვქნა, ირბინონ, ასე თუ უნდათო.

- ქალბატონო ცირა, დილით ძალიან ადრე დგებით, არა?

- ორი ძროხა და სამი ხბო მყავს, რძეს ვაბარებ, ამიტომ ძროხები 6 საათზე უკვე მოწველილი უნდა მყავდეს. ამის შემდეგ ბოსტანში უნდა დასათოხნი დავთოხნო, დავთესო, დავრგა, მერე შვილები სკოლაში წასასვლელად მოვამზადო, მენახირეს საქონელი გავატანო საძოვარზე... ამას სახლის საქმე მოჰყვება - დალაგება, სარეცხი, საჭმელი... ჩემი ქმარიც ასე გაუჩერებლად შრომობს

აქ მიწა კარგია, რასაც ჩააგდებ, ათი იმდენი მოგივა... ნეტა მეტი მიწა გვქონდეს, რომ უფრო მეტი მოსავალი მოვიყვანოთ...

ჩვენ კი სახლებიც არ გვაქვს. ადრე ჩამოსულებს სახლები მთავრობამ უყიდა და ერთი ჰექტარი მიწაც მისცა. მე კი  ბერძნის სახლში ვარ შესული და რაც ამ სახლს ეზო ჰქონდა, მარტო იმას ვხმარობ საბოსტნედ.

- რამდენი წელია, რაც ჩამოხვედით?

- 5 წელია სხვის სახლში ვარ და თვალი სულ გზისკენ მაქვს, შარშან თუ არ მოვიდა ამ სახლის პატრონი, წელს მაინც მოვა და აქ აღარ გაგვაჩერებს-მეთქი.

მათი დაბრუნების სეზონი ახლა იწყება. რომ დაცხება, მოხუცები საბერძნეთში ვეღარ ძლებენ, იციან, სახლები რომ გადავურჩინეთ დანგრევას და მოდიან, რომ გრილად იყვნენ. ისინი რომ კარს შემოაღებენ, ჩვენც უნდა ავბარგდეთ აქედან...

არადა, სულ უფანჯრო, უკარო და იატაკაყრილი იყო აქაურობა. მე და ჩემმა ქმარმა ჩვენი ხელით შევაკეთეთ, სადაც ჩემს შვილებს უნდა ეცხოვრა, მუხლისთავებზე დაჩოქილმა ვხეხე... ამ სახლის პატრონს ასე რომ დახვდება აქაურობა, უფრო მოეწონება და უფრო კარგად იცხოვრებს... მაინც არ ვეპუები, არსად წავალ, ეს ქართული მიწაა და აქ უნდა ვიცხოვრო. ჩემი დეიდაშვილი 4 შვილით გააგდეს გარეთ; მაგრამ მაინც არ შეეპუა, სხვა სახლში გადაბარგდა... ახლა ის მოაწყო და იქ გადაიყვანა პირუტყვი...

მთელი წალკა ძროხით ვირჩენთ თავს, მაგრამ ახლა ის სადარდელიც გაგვიჩინა მთავრობამ, რომ - ძროხის ქურდობა დაიწყო და ქურდების მპოვნელი არავინ არის. ერთ ჩვენებურ კაცს აქ 22 ხბო მოჰპარეს, მეორეს, 8, მაგრამ ვითომც არაფერი მომხდარაო... პოლიცია ისე წყნარად არის. რაიონიდან 600 ძროხაა მოპარული...

არადა, მარტო ამ ლუკმის გამოცლა წაგვაქცევს, - მითხრა ცირა ართმელიძემ და ამ დროს კარიც შემოაღეს, - მეზობელი იყო, ლიანა ბაკურაძე, ხელში კომბოსტოს ჩითილებით.

- ხანდახან იმას ვნატრობ, ნეტა ყველა ბერძენი ერთად ჩამოვიდოდეს და ყველას ერთად დაგვაცლევინებდეს ბინებს, რომ მთავრობამ ჩვენკენ გამოიხედოს-მეთქი. როდის მიხვდებიან, რომ ჩვენი სახლი უნდა იყოს? ამ სოფელში პირველად  ათიოდე ოჯახი მოვედით, მეზობლად კი 7 სომხური სოფელი იყო. როცა დავხანით და დავთესეთ, გადაირივნენ და ღამით დაგვიპირეს შემოსევა. მაშინ მთელი სოფელი მდინარეზე ჩავედით, იქ გავათენეთ, აბა, იმდენ ხალხს ათი ოჯახი რას გაუმკლავდებოდა! მაგრამ ახლა აქაურობა სავსეა ქართველებით. როცა მიხვდნენ, რომ ბევრს ვერ მოგვერევიან, ვერავინ ვერაფერს გვიბედავს...

ჩვენ კი მხოლოდ საკუთარი ჭერი გვინდა, საიდანაც კარს რომ შევიხურავთ, ვერავინ გააღებს და ვერ გვეტყვის, აბა გამოდითო. მითხრა ლიანამ და ფოტო ცოცხალი თავით არ გადამაღებინა, -  ორი კვირის წინ ბერძნების სახლიდან გამოგდებულ სურმანიძეებს გადაუღეო. მეც წავედი და გადავუღე. ამ ჯანსაღი, ლოყაწითელი ბავშვების დანახვაზე სევდის მიუხედავად, გული იმედითაც ამევსო - იმ ქართველობას, ვინც მიწის სიყვარული იცის, მიწას ვერა ძალა ვერ მოაშორებს.