"კირის დუღაბს ოქროს ფასი დაედება"
29-06-2015
"კირის დუღაბს ოქროს ფასი დაედება"
"სიმდიდრეს ჭკვ­იანი არ გაანიავებს, ზომა-წონით უნდა მოიხმაროს, რომ ხეობა არ გატიტვლდეს"

"წარსულს ეგ ძალა აქვს: იბრუნებ, იტრიალებ, ივლი და მაინც მასთან მიხვალ!"


ქართველი თავის ციხესიმაგრეს აგურით და დუღაბით აშენებდა. კახელი კირითხუროები თელავურ თიხას შეაზელდნენ გამომწვარ, მდინარეების ჩამოტანილ კირს... ქვევრებსაც ამ თიხით ზელდნენ. მათი აშენებული საუკუნეებს უძლებდა.


მდინარე თურდოს ხეობაში ვარდისუ­ბ­ნელმა ზაზა კბილაშვილმა წაგვიყვანა მე და ჩვენი ფოტოგრაფი ფრიდონ გეგეშიძე­. ზაზამ - არ ვიცი, რა ძალამ მომაკირწყვლინა­ ამ მდინარის რიყით ჩემი
ეზო-კარი, ალბათ, წინაპრისეული სისხლით ვიგუმანეო... ფრიდონმა კი სევდიანად­ თქვა: - უფალი გვეუბნება, თქვენი სახლების ასაშენებელ ქვას მდინარეს ვატ­ანო­. ჩვენ ჩინური ბაზალტი ჩამოვიტანეთ და იმით ვაშენებთ, რომ ამ სახლებში ვეღარ ვისუნთქოთო.
ლამაზია ვარდისუბანი, უძველეს მექვევრეთა და მშენებელთა სოფელი, რომელსაც აგურისა და ქვევრის თიხა ცივის მთიდან მოჰქონდა,
კირი და რიყის ქვა კი თურდოს ხეობიდან... აშენებდნენ და ეზოებს ვარდყვავილებით რთავდნენ. იმიტომაც დაარქვა თამარმა ვარდისუბანი.

რაია კბილაშვილი: - სალო­ცავად მიმავალ თამარ დედოფალს აქ ფეხშიშველას უნდა გამოევლო. ვარდისუბნელე­ბმა ეზოებში ვარდები დაკრიფეს, დაფურცლეს და გზაზე დაუყარეს, რომ ფეხი არა სტკენოდა. 

- რა ლამაზი ლეგენდაა...

- ლეგენდა კი არა, სიმართლეა - გარშემო ბევრი სალოცავია და იმ დალოცვილ თამარს მთელი საქართველოს სალოცავები ფეხშიშველა ჰქონდა დავლილი და ჩვენთან რატომ არ გამოივლიდა?!

ცისანა ფოთოლაშვილი: - კირის დუღაბს რომელი ცემენტი შეედრება! რაც გინდა, ააგე, შვილთაშვილს ცინცხალს გადააბარებ. ამ დუღაბით ნაშენი აგურის სახლები ხომ ლამაზია, რიყის ქვა კიდევ უკეთესი­. ზამთარში თბილია და ზაფხულში გრილი. ჩემს ბავშვობაში, ვისაც­ ჯიგარი ჰქონდა, სოფელში კირისდუღაბიან სახლს აშენებდა.­ ცემენტმა კირი განზე გასწია - ცემენტი უფრო საიოლო იყო, მაგრამ ვით­ომ უკეთესი გამოდგა ან სილამაზით, ანდა სიმტკიცით?! თელავში კირისდუღაბიანმა აგურის სახლებმა ბარემ ორ საუკუნესაც მიუკაკუნეს. როცა ცემენტი მომძლავრდა,­ მაგ სახლების პატრონებმა, დროს არ ჩამო­ვ­რჩეთო, დაიჭირეს ქაფჩები და გადალესეს. სინამდვილეში კი დაამახინჯეს. კიდევ კარგი, 5-6 წლის წინ მთავრობამ ძველი სახლებიდან ცემენტი ჩამოფხიკა და გამოანათა თელავმა...
ადრე კირქვა ხეობიდან ურმებით ამოგვ­ქონდა, ყველას კირის გამოსაწვავი ღუმელები გვქონდა. როცა გამოიწვებოდა, დავამტვრევდით და ფქვილად იქცეოდა. მერე ოსტატები წყლით მოზელდნენ, ქვებს გამოლესავდნენ და რომ გაშრებოდა, უროთიც ვერ დაამტვრევდი. ჩვენს მამა-პაპას ქვითკირით ციხეები რომ არ აეშენებინათ, მა, მტერს როგორ გაუმკლავდებოდნენ! ეგ კი არა, ბარე 10 საუკუნის რიყისა და კირისდუღაბიანი საწნახელებიც იპოვეს თელავში. 

- ალბათ ყველაწმიდის ტაძართან აღმო­ჩენილ XI   საუკუნის სამ საწნახელზე ამბობთ. თელავში ამავე საუკუნეში თიხისა და კირის გამოსაწვავი სახელოსნოებიც იყო...

- ეგრე იქნებოდა. მაგრამ აღმოუჩენე­ლი და მიწაში დამალული კიდევ რამდ­ენი იქნება! კირით შედუღაბებულ საწნახ­ელს მიწაში რა დაამტვრევდა! ეკლესიები მიწის ზევით გადაგვირჩა, ამდენ მტერსა­ და უბედურებაში­ და მიწაში დამალულ საწნახელს რა დაუშავდებოდა! ამოდენა საშენი­ მასალა უფალმა გამოგვიგზავნა - არსად წახვიდეთ, აქ დაფუძნდითო. თურდოს ხეობაში კირის ორნაირი ქვაა, ერთი მოშავო, მაგით სახლები დუღაბდება, მეორე - თეთ­რი და მაგით ხეებს ძირებს ვუთეთრებთ­, რომ ჭიაღუა არ დაესიოს, ან სამურაბე კაკალი გამოგვყავს. რასაც კირი მოხვდება, ის არც გაფუჭდება, ექიმები ხომ ამბობენ მაგაზე, საუკეთესო ანტისეპტიკიაო.  

- ხალხს ახალი გალავნები­ შემოურტყამს­ ეზოებისთვის თურდოდან ამოტანილი რიყის ქვით და ძალიან ლამაზია.
- მა როგორ?! წარსულს ეგ ძალა აქვს: იბრუნებ, იტრიალებ, ივლი და მაინც მასთან მიხვალ! კირის დუღაბსაც, როგორც ოქროს, ისეთი ფასი დაედება და უნდა დაედოს კიდეც. სიმდიდრეს ჭკვ­იანი არ გაანიავებს, ზომა-წონით უნდა მოიხმაროს, რომ ხეობა არ გატიტვლდეს. ისე კი არა, ახლა რომ ჩვენი ხეობა ვიღაცებმა მიიზომეს - ლიცენზიები ავიღეთ­ და ჩვენს უნებართვოდ კენჭსაც ვერ გაიტანთო! ეგ სად გაგონილა - უფლის გამოგზავნილს თითო-ოროლა კაცი რატომ უნდა დაეპატრონოს?! მა, სახელმწიფო რაღას­ გვიკეთებს? ერთი თამარისთანა მოვიდოდეს და ვარდისუბნელებიც ფეხშიშველები დაივლიან სალოცავებს! 
გიორგი
19 მაისი 2016 20:26
თუ შეიძლება მითხრათ რა პროპორციით ერევა კირი და ქვიშა რომ კედლის შესალესი დუღაბი მივიღოთ?
davit tetiashvili
01 ივლისი 2015 12:12
მარტლა ვარდების უბანია ვენაცვალე

რედაქტორის რჩევით