"გპირდებით, ტურისტებს ფასებით აღარ "დავახრჩობთ" - კვირის პალიტრა

"გპირდებით, ტურისტებს ფასებით აღარ "დავახრჩობთ"

"გვპირდებიან, ანაკლიაში შარშანდელთან შედარებით ბევრი ტურისტი ჩამოვაო"

გასულ წელს ანაკლიამ ელექტრონული მუსიკის ფესტივალ ,,კაზანტიპს" უმასპინძლა. ზღვისპირა საკურორტო სოფელში დაბანაკებულმა ნარინჯისფერმა რესპუბლიკამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. საზოგადოების ნაწილი აპროტესტებდა, რომ ,,საქართველოში გარყვნილების პროპაგანდას არ დაუშვებდა", ნაწილი კი ,,ახალ ხილს" დადებითად შეხვდა. ერთი სიტყვით, ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, ანაკლიას გასულ წელს უამრავი ტურისტი ეწვია. მოსახლეობამ ბინის გაქირავებით სული მოითქვა, თუმცა კერძების მაღალმა ფასებმა სტუმრები გაანაწყენა.

რამდენიმე დღის წინ ანაკლიას ვესტუმრე. წელს საკურორტო მხარეში ახალი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი GEM FEST-ი გაიმართება. ივლისის მიწურულს აქ ბევრ სტუმარს ელოდებიან... არის თუ არა მზად ანაკლია სტუმრების მისაღებად? - ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ანაკლიელებს გავესაუბრე.

- რაც ეს სოფელი არსებობს, მეთევზეობით გაგვაქვს თავი. ახლა ისეთი ბიუროკრატიული წესები შემოიღეს, რომ ხელ-ფეხი შეგვეკრა. მეთევზეებს, რომლებიც ბადით თევზაობენ, თან უნდა ჰქონდეს რაცია, შაშხანა, საველე აფთიაქი, ნიჩაბი და ხუთი ლიტრი წყალი. თუ ქარმა მიმართულება შეიცვალა, მესაზღვრეებისგან უნდა მიიღო ზღვაში გასვლის ნებართვა. არადა, რაც ანაკლია არსებობს, ზღვაში ერთი მეთევზეც არ დაღუპულა... მოგეხსენებათ, ეს კოლხეთის დაცული ტერიტორიაა და ხშირად მეთევზეს ზღვაში მოულოდნელად თავზე ადგება დაცვა და აჯარიმებს. მიზეზად კი ასახელებენ, რომ დაცულ ტერიტორიაზე თევზაობა აკრძალულია. კი, მაგრამ

ხომ უნდა ვიცოდეთ, დაცული ტერიტორია საიდან იწყება? ტივტივა ან ალამი მაინც ხომ უნდა იყოს? ამის გამო 400-500 ლარით გვაჯარიმებენ...

რაც შეეხება სხვა საყოფაცხოვრებო პირობებს, მოსახლეობას ბუნებრივი აირი არა გვაქვს.

გზა განვაგრძე. ერთ-ერთი სახლის ჭიშკარზე საქართველოსა და უკრაინის დროშები შევნიშნე, რომელსაც გვერდს უმშვენებდა აბრა ორენოვანი წარწერით: ,,ქირავდება".

აზა გოგოხია: ,,გალელი ვარ, უმუშევარი. მეუღლე მასაჟისტია და ხანდახან თუ დაუძახებს ვინმე, პურის ფული გვიჩნდება. ჩვენი ოჯახის შემოსავალი დევნილთა შემწეობა, 45 ლარია. შარშან ფესტივალზე 10 დამსვენებელი მყავდა ორი კვირის განმავლობაში. ცოტა მოვითქვით სული, თუმცა ეს წლიდან წლამდე საკმარისი არ არის. სოფელშიც არაფერია ისეთი, რომ დავსაქმდეთ.

ჩემი მეზობლები წლებია, უცხოეთში არიან სამუშაოდ. სახლები დაკეტილია. ყველა ხომ არ უნდა გავიქცეთ?! შრომა არ გვეზარება, მაგრამ რა უნდა ვაკეთოთ, როცა დასაქმების პერსპექტივა არ არის.

გზაზე სწრაფი ნაბიჯებით მიმავალ ქალთან ვცადე გასაუბრება, მაგრამ სასტუმროში ვმუშაობ და ხუთი წუთიც რომ დავაგვიანო, არ შეიძლებაო, მომიბოდიშა და გზა განაგრძო.

პატარა აფთიაქის ეზოში ახალგაზრდა ქალი და ბავშვები შევნიშნე. სახლში მეპატიჟებიან და ოჯახის დიასახლისს ეძახიან.

ლელა რაზმაძე: - გუშინ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა ის ოჯახები აღრიცხეს, ვისაც სახლის გაქირავება სურთ, მუსიკალურ  ფესტივალზე ბევრ სტუმარს ველოდებითო. ვნახოთ, რა იქნება. გვპირდებიან, შარშანდელთან შედარებით ბევრი ტურისტი ჩამოვაო.

გასულ წელს მართლაც ბევრი დამსვენებელი მყავდა. ახლა სეზონი დაწყებულია, მაგრამ ერთი ვიზიტიორიც არა მყავს.

,,კაზანტიპის" დროს ღამის გათევა ერთი კაცისთვის 50 ლარი ღირდა.

- სხვა რა პრობლემები გაქვთ?

- ადრე ფეხბურთის მატჩები და ღონისძიებები იმართებოდა, ახლა ესეც აღარ არის. შვილიშვილები საბავშვო ბაღში დაგვყავს, რომელსაც ეზო არა აქვს, რომ ითამაშონ.

ცენტრალურ გზაზე გავდივარ. საბავშვო ბაღის მოპირდაპირე მხარეს დრო-ჟამისგან შელახული შენობა დგას. მის გვერდით რამდენიმე ადამიანი ფუსფუსებს. ეს შენობა ადრე კულტურის სახლი ყოფილა. აფხაზეთის ომის შემდეგ აქ იძულებით გადაადგილებული ოჯახები ცხოვრობდნენ. ბოლო ათი წელი კი მიტოვებულია და აქაურები ნაგებობას საქონლის სადგომად იყენებენ.

მოგვიანებით ანაკლიის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელ ბადრი ყორშიას ვუკავშირდები და შეხვედრაზე ვუთანხმდები.

ბადრი ყორშია: - აქაურების ძირითადი შემოსავალი ტურიზმია. წელს უფრო ბევრ ტურისტს ველოდებით. სახელმწიფომ დიდი თანხები გამოყო ანაკლიის რეკლამისთვის.

შარშან კატასტროფულად მაღალი ფასი ედო პროდუქტს. ეს წელს  დარეგულირდება. მინდა გარანტია მივცე აქ ჩამოსულ დამსვენებლებს, რომ ფასები ხელმისაწვდომი იქნება - სასტუმროების ღირებულება 10 ლარიდან დაიწყება და 40 ლარს არ გადააჭარბებს.

აქ სუფთა გარემოა, ქარხნები არ არის, ზღვაში არც ფეკალური მასები ჩაედინება და უსაფრთხო და სუფთაა.

- სოფელში ბუნებრივი აირი არ ჰქონიათ. შენობა, რომელიც წლების წინ კულტურის ცენტრი იყო, დღეს უფუნქციოა...

- გაზიფიკაცია, ალბათ, მალე დაიწყება. ეს შენობა, რომელიც დღეს მხოლოდ კედლებია, ადრე სოფლის ერთადერთი კულტურის კერა იყო. თუმცა მოსახლეობამ ვერ შეინარჩუნა.

- ანუ შენობა რომ დღეს ასეთ მდგომარეობაშია, მოსახლეობის ბრალია?

- დიახ. ყველაფერი მოიპარეს და გაანადგურეს. შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და, ალბათ, მალე გამგეობის ბალანსზე გადმოვა.

შენობის რეაბილიტაცია გამორიცხულია. უნდა დაინგრეს და ახალი აშენდეს. იმედია, მალე ანაკლიაში თანამედროვე სტანდარტების ნავსადგურის მშენებლობა დაიწყება და მასთან ერთად ინფრასტრუქტურაც განვითარდება.

ანაკლიის გამგებელთან გასაუბრების შემდეგ ისევ ცენტრალური მოედნისკენ მივდივარ. ის, რაც ზღვის სანაპიროსთან ხდება, მოლოდინს აჭარბებს. მიუხედავად იმისა, რომ ბადრი ყორშია ანაკლიის ზღვის სისუფთავეზე საუბრობდა, რეალობა სულ სხვაგვარი დამხვდა. სასტუმროებისა და ბულვარის მიმდებარე სანაპირო ზოლზე პოლიეთილენის პარკები, ბოთლები და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენი ყრია. დასანანია, რომ საზღვაო კურორტი, რომელიც რამდენიმე დღეში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის კვირეულს უმასპინძლებს, უცხოელ დამსვენებლებს ასეთი ,,დასუფთავებული" ხვდება.

თორნიკე ყაჯრიშვილი

სიუჟეტი იხილეთ პალიტრა TV-ზე