გურულების "მანიფესტი"
20-07-2015
გურულების "მანიფესტი"
როგორ ებრძვიან ბახველები დროს

ოზურგეთისკენ მივემგზავრები და თითქმის ჩაძინებულს გვარიანი შეკივლება მაფხიზლებს: - რაიო, ცავ, დათვმა ძროხა დაგლიჯა ბახვშიო?! მაგი წევიდა მოსასპობელ გზაზე, მაგის ნაწლავები ვნახე დაგლეჯილ-დადუღებული, რავა ყოლიფერმა მოსასპობელმა ჩვენდა მეიცალა?! კაცმაც, დათვმაც და მთავრობამაც! - Gგაბრაზებული ჩასძახის ის თავის ადამის ხნის "ნოკიას," მერე კი ვითომ არაფერიო, მშვიდ ფშინვას უშვებს, - უეჭველია, გრძელ გზაზე ბრაზის ჩაცხრომას დაძინებით აპირებს, მაგრამ ვინ აცლის, -  დაწვრილებით ვეკითხები დათვის, კაცისა და ბახველების ამბებს.
ბახველებიც, ყველა გურულივით, ყველა ამბავს საოცარი სისწრაფით აქცევენ სამკვდრო-სასიცოცხლო თემად და მერე, მართლა თუ სამკვდრო-სასიცოცხლო ომის გაჩა­ღებამ მოუწიათ, ასევე საოცარი  სისწრაფით უმკლავდებიან!


ასე ქნეს ბახველებმა, მაგალითად, 1905 წლის მანიფესტის შემოღებისას, - რევოლუციის სიომ შემოუბერა თუ არა, მაშინვე უზარმაზარი პეტიცია შეადგინეს და იმპერატორს სიტყვის, კრების, განათლების
თავისუფლება და კაცისა და ქალის თანასწორუფლებიანობა, ანუ გენდერული თანასწორობა მოსთხოვეს. რუსის მეფემ გურიაში დამსჯელ რაზმს მომლაპარაკებლად მთავარმმართებლობის საბჭოს წევრი კრიმ გირეი გამოაყოლა. თავადი გლეხობას 12 დღე ხვდ­ებოდა და ბოლოს განაცხადა, - ამათ მოთხო­ვნებს ჩვენი კონსტიტუცია კი არა, საფრანგეთის რესპუბლიკა ვერ დააკმაყოფილებსო. მოკლედ, გაბრაზებულმა ბახველ­ებმა იარაღი აისხეს და დანარჩენ გურულ­ებთან კბილებამდე შეიარაღებულ რუსის ჯარს ბევრგან მუსრი გაავლეს. Aამის გამო იმპერატორმა გურიაში ლამის მთელი თავისი არმია გადმოისროლა.

ბახვის მანიფესტის არსებობა ამით დამთავრდებოდა, რომ არა ლენინ-სტალინი­, რომლებმაც ბახვის მანიფესტს ხოტბა შე­ასხეს. ამის გამო სოფელში მანიფესტის მუზეუმიც კი აიგო. ბოლოს, მორიგი რუსი მმართველის, გორბაჩოვის საქართველოში­ ჩამოსვლის დროს, მუზეუმი რომელიღაც რუსებზე გაბრაზებულმა ბახველმა ცეცხლს მისცა და მანიფესტთან ერთად ნინო ჯიშკარიანის სპილენძის შანდალიც გამოწვა. ნინო დღესაც დანანებით იგონებს­, - ის შანდალი რამ მიმაცემინა მუზეუმისთვისო!

ნინოს სოფელ ბახვში შევხვდი. ჩემი თანამგზავრი გამახსენდა და დათვის, მანიფეს­ტის და დღევანდელი ამბები გამოვიკითხე­. ამით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ დრო ცნობიერებას ვერაფერს აკლებს, - გურულები იყვნენ, არიან და იქნებიან დროის ავანგარდში. დათვზე, მთავრობასა და მუზეუმის გადაწვაზე ქალბატონი ნინოც ზუსტად ისევეა გაბრაზებული, როგორც რიგითი ბახველები:

- რაფერც მაგ მანიფესტის დამწერს არ ჰქონდა ჭკუა, ისე არ გვაქვს ასი წლის მერე ჩვენ. ა, აგერ ხარ შენ, აგერაა სოფლის კანტორა, შედი და ნახე, ან რწმუნებული, ან მისი მოადგილე თუ არიან იქინე დამჯდარი! Uრა ენაღვლებათ, იღებენ­ კაი-კაი ხელფასებს და დარბიენ გარე-გარე, ვინ ჰყავთ კონტ­როლი!  სოფელს არ ადგებიან და მე რაფერ გამომადგებიან!

- სოფლის მთავრობაზე პირადი საქმის გამო ხართ გაბრაზებული?

- აბდალი უნდა ვიყო, რომ არ გავბ­რაზდე! ორი უმაღლესი მაქვს დამთავრებუ­ლი და კანტორაში ცხვირი არ შემაყოფიეს. მაგენი ვითომ ჩემზე ჭკვიანები არიან?!.

- ბახვის მანიფესტის ავტორებსაც ჭკვიანებად მიაჩნდათ თავი, მაგრამ დრომ მიივიწყა!
- მაგ მანიფესტმა დაგვღუპა ჩვენ და ბებიაჩემის სპილენძის შანდალიც. პატარა გოგო ვიყავი, ვიფიქრე, - დავდებ ამ შანდალს მუზეუმში და გავახარებ სოფელს-მეთქი, მარა ვინცხა აბდალამ მუზეუმი ნაცარტუტად აქცია - გორბაჩოვი რაიზა ჩამოვი­და საქართველოშიო! ვითომ მუზეუმის დაწვით გორბაჩოვს დეეთუთქებოდა კანი?! ახლა მუზეუმის ადგილზე მარტო მოტვლეპილი მინდორია და ზედაც ეკალი! ეკალი არ გამოელიოს ჩვენს მტერს, რუსია თუ უცხოპლანეტელი!

-  ნინოია, მტერს კი წყევლი, მარა ეკალი და მავთულხლართი ჩვენ არ გველევა, ვერ ხედავ, რუსები მავთულხლართებით შუა ტრასაზე რომ შემოჯირითდნენ?! - ამ სიტყვებით შემოგვიერთდა გამვლელი ბახველი და გამეცნო: - ბეჟანა ვარ, დოლიძე, მაგი მანიფესტი არ გამილანძღო, ბიძია,  გურულებმა თავისი საქმე კარგად იცოდნენ.
რუსი იმფერია, კაცმა არ იცის, ნერვები როდის აეშლება და დაგეტაკება, ამიტომ არც შორს უნდა იყო და არც ახლოს, ბახველების მანიფესტი მაგ დიპლომატიაზეა აშენებული!

- არ შეგეკამათებით, მაგრამ, ცხადია, როცა მანიფესტს წერდნენ, მაშინაც ასე იყო გაყო­ფილი გურია არსებული პოლიტიკის მომხრე-მოწინააღმდეგეებად. აგერ ახლა ორი ბახველიდან ერთი მანიფესტს ლანძღავს, მეორე აქებს.
- ასე მომხრე-მოწინააღმდეგეებად რომ არ ვიყოთ დაყოფილი, მთლად წახდებოდა ჩვენი საქმე, გავშტერდებოდით. ამფერ მოძრაობაში, წინააღმდეგობაში და ხუმრობაში რომ ვართ, იმიზა ვართ გადარჩენილები. რას შვრებოდნენ გურულები, რუსზე რომ გაბრაზდებოდნენ, იცი? მიიყვანდნენ ბოქაულის სახლთან რომელიმე ბახველ ივანეს, შესვამდნენ ხეზე და დოუწყებდნენ ძახილს, - ჩამოეთრიე, ვანია, ძირს და გეეთრიე ჩვენი მიწიდანო. Mმერე, ბოქაული რომ ჩაფრებს მიუგზავნიდა - რას გვერჩი, აგერ ზის ჩვენი ივანე ხეზე და იმას ვლანძღავთო!
ახლახან გამოკითხვაზე დეიარენ სოფელი­, აბა, რა შეცვალა დღევანდელმა მთავრობამ, დადებითს რას ხედავთო. მე ვუთხარი, დადებითი მარტო დენის მუხტი ვიცი, მარა, იგი რომ დაგარტყამს, კიდეც წაგაქცევს და ვეღარც ადგები-მეთქი! მაგი წაქცევა რომ არ გვინდა, იმიზა ვებრძვით ბახველები დროს.

მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა არის ჩვენი ძალისა და სიცოცხლის მომცემიო, - დიდმა ილიამ თქვა. მე კი არ მითქვამს. ისე, მაშვინაც იყო იმფერი ხალხი, ვისაც ცხოვრებისთვის უმანიფესტოდაც ჰქონდა კისერი მოგრეხილი. მაგ დროს ჩვენებურ გლეხს, ბესარიონა ცეცხლაძეს, იმდენი ფული ჰქონდა, რომ შვეიცარიის ბანკში ინახავდა.

- ამისთანას რას აკეთებდა?!
- ფოთში ტყავის ფეხსაცმელს კერავდა.­ მაგისი ფეხსაცმელი ფოთიდან გემებს ინგლისში და პარიზშიც კი გაქონდათ, მარა კომუნისტები რომ მოვიდნენ, ბესარიონამ­ შვეიცარიის ბანკში შეტანილი ფულიც დაკარგა და არტელებიც. ბესარიონა ბახვში დასახლდა. კიდე კაი, მოსწრებული ჰქონდა­ და სახლი 1904 წელს ააშენა, აგი თარიღი ახლაც აწერია ამ სახლს. მაშინ სოფელში მარტო მაგას ედგა ორსართულიანი ოდა, ამერიკიდან ჩამოტანილი ხეები ახლაც ხარობს ეზოში. წავიდა ბესარიონა გულნატკენი და გამრავლდა მისი შთამომავალი. გულსატკენი იმათაც ბევრი შეხვდათ, მაგრამ ხომ გამრავლდა ბესარიონა?

- დათვს თუ უგრეხთ კისერს? გავიგე, რომ თქვენს სოფელში ჩამოდის.
- მაგი ბევრგან ჩამოდის ოზურგეთში... ნეტა დათვის მეტი მტერი არ გვყავდეს და მაგას კი გოვუმკლავდებით! - მითხრეს გადაბუგულ ნამუზეუმართან შეკრებილმა ბახველებმა. მერე ბესარიონა ცეცხლაძის საუკუნოვანი სახლის სანახავად წავედით. მიშა გიგინეიშვილმა წამიყვანა, - მაგი ჩემი დიდი ბაბუა იყოო. თან გელა ცეცხლაძეც გამოგვყვა, - შენი თუ ბაბუა იყო, ჩემი მოგვარეაო და საუკუნეზე უხნესი ეზოს ჭიშკარი დაუკითხავად შეაღო, - აქ დაძახება არ უნდა, ყველა ერთმანეთის ნათესავი ვართო. ასწლოვანი ხეები გავიარეთ და ასევე საუკუნეგადაცილებულ ნალიასა და სახლს მივადექით. იქ ბებომ - ბესარიონა ჩემი მამამთილი იყო, იმდენ უბედურებას მოესწრო, მარა ცხოვრებაზე ავს მაინც ვერ ათქმევინებდი. ამბობდა, ღმერთმა ერთი სიცოცხლე მოგვცა და სულ ცრემლში ვერ გავატარებო. გელა ცეცხლაძემ კი ნალიას ახედა­ - თუ იცი, რატომ დგას ჩვენებური ნალია ასე მაღალ ფეხებზეო. თაგვები ვერ შევიდნენ-მეთქი! თავი დამიქნია და დაამატა, - ხედავ, რა მოიგონა ჩვენმა წინაპარმა, სარჩო რომ გადაერჩინა და ეცხოვრა?! ჩვენ იმათზე ნაკლები კი არ ვართ, სულ იმაზე გვიწევს­ ფიქრი, რომ გადავრჩეთ და იმიზა ვართ გადარჩენილები და ცოცხლებიო!
შაკო
19 აგვისტო 2015 11:40
თქვენ გაიხარეთ, გურულებო და სტატიის ავტორო თქვენ გაიხარეთ კიდევ ძალიან ძალიან მაგარია ყოჩაღ! ძაან ვისიამოვნე სტატიით. რაც შეიძლება ხშირად გამოუშვით ასეთები

რედაქტორის რჩევით