"ბორბლებიანი სასტუმროები" ურეკში - კვირის პალიტრა

"ბორბლებიანი სასტუმროები" ურეკში

"აქ ჩვენთან ერთად უამრავი ოჯახია, რომლებიც ღამეს ავტომობილში ათენებენ. მაგიდაც დავდგით, ერთად ვსაუზმობთ და ვსადილობთ, ტანსაცმელს ზღვაში ვრეცხავთ და აქვე ვფენთ"

თბილი სუბტროპიკული ჰავისა და უნიკალური მაგნიტური ქვიშის გარდა, ურეკის სანაპირო ზოლი კიდევ მრავალი "ღირსშესანიშნაობით" გამოირჩევა. ზღვის სანაპიროზე გაჩერებული "ბორბლებიანი სასტუმროები", ნაძვის ხეებს შორის გადაჭიმულ თოკზე გასაშრობად გაფენილი ჭრელი ტანსაცმელი, გაშლილი მაგიდები და რა თქმა უნდა, იქვე დაყრილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები - ერთი სიტყვით, დამსვენებლებისთვის აქ მართლაც "გასაოცარი" პანორამა იშლება.

ნარჩენებისა და ავტომობილების საცხოვრებელ ბინებად გადაკეთების შედეგად ამ ტერიტორიაზე უსიამოვნო სუნიც შეგაწუხებთ. არადა, ზღვისპირა კურორტ ურეკს, თავისი უნიკალური და განუმეორებელი სამედიცინო ფაქტორებით, ევროპის გამაჯანსაღებელ და სამკურნალო ზღვისპირა კურორტებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. დამსვენებლებმა მიკროავტობუსებს "აივანიც" კი "მიაშენეს" და საღამოობით არც იქვე დანთებულ ცეცხლზე შემწვარ სიმინდებზე ამბობენ უარს. ფაქტია, რომ ამ ხერხით ტურისტები სასტუმროებში თანხის გადახდას ერიდებიან, მაგრამ ვერავინ პასუხობს კითხვას, მაინცდამაინც სანაპირო ზოლზე რატომ? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აქ ხომ დღის განმავლობაში უამრავი ბავშვი სილაში თამაშობს.

თანაც, ამ შემთხვევაში ის დამსვენებლები ზარალდებიან, რომლებიც ურეკში "ბორბლებიანი სასტუმროთი" არ ჩამოსულან. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ თავად აქ მყოფ დამსვენებლებს შენიშვნა რამდენჯერმე მისცეს, თუმცა ვერაფერი გააგებინეს. აქ გაშლილი კარვების გამო კი, ახალჩამოსული ტურისტებისთვის ნაკლებად მიმზიდველია და სხვა ბევრად მშვიდი სანაპირო ზოლის ძებნას იწყებენ.

მარინა გოგუაძე, ადგილობრივი: "აქ სეზონზე უამრავი დამსვენებელი ჩამოდის, მაგრამ როგორც კი სანაპირო ზოლზე ასეთ ვითარებას ხედავენ, გარბიან. ზღვიდან ამოსულ ადამიანს ცოტა ხნით ხის ქვეშ დასვენება და მშვიდ გარემოში ყოფნა უნდა. მაგრამ ამის საშუალებას მიკროავტობუსებში მყოფი დამსვენებლები არ გვაძლევენ - ხმაურობენ, სვამენ, ბევრჯერ ღამე უჩხუბიათ კიდეც. აქ საპირფარეშოებიც არსად არის, ამიტომ ირგვლივ უსიამოვნო სუნიც დგას. ნუთუ არ არსებობს კანონი, რომელიც ამ პრობლემას გადაჭრის?

მესმის, რომ დამსვენებლებს ხელი მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ, მაგრამ ათი ადამიანის გამო, ასეულობით ტურისტი ხომ არ უნდა გავაქციოთ? რამდენჯერმე ვთხოვე, იქნებ მოშორებით დაბანაკდეთ-მეთქი, მაგრამ არაფერი გაიგონეს, ზღვის ხედიც გვჭირდებაო."

ჩვენ მიკროავტობუსებში მცხოვრებ დამსვენებლებს გავესაუბრეთ:

კარინა მინასიანი: "ურეკში ერთი კვირის წინ ჩამოვედით.

სასტუმროში საკმაოდ დიდი თანხა დაგვისახელეს, ამდენი ადამიანის საცხოვრებლის გადახდა ძვირი გამოდიოდა. ამიტომ გადავწყვიტეთ ღამე ავტომობილებში გაგვეთენებინა. მანქანაში ცხრა სულს გვძინავს. თუ ღამე ძალიან ცხელა, გასაშლელი ლოგინიც გვაქვს და ზოგიერთები გარეთ იძინებენ.

ჩვენთან ერთად უამრავი ოჯახია, რომელიც ღამეს ავტომობილში ამ სანაპიროზე ათენებს. ჩვენც აქ მაგიდა დავდგით, ერთად ვსაუზმობთ და ვსადილობთ... ტანსაცმელს ზღვაში ვრეცხავთ და აქვე ვფენთ, მგონი, ამით კანონს არ ვარღვევთ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან შენიშვნით ჯერჯერობით არავინ მოსულა. ვცდილობთ, აქაურობა არ დავანაგვიანოთ, მაგრამ ტერიტორია ჩვენს მოსვლამდეც დაბინძურებული იყო. ამიტომ არა მგონია, აქ არსებული სიტუაცია ჩვენი ბრალი იყოს".

ურეკში "ბორბლებიანი სასტუმროების" რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ტერიტორიის დასუფთავებაზე კი ამ დრომდე არავინ ფიქრობს.

რუსუდან შელია