"მიხარია, რომ ბევრს ქართველში ვერევი" - გაიცანით რაჭაზე შეყვარებული იტალიელი სალვატორე
17-08-2015
"მიხარია, რომ ბევრს ქართველში ვერევი" - გაიცანით რაჭაზე შეყვარებული იტალიელი სალვატორე
"მიხარია, რომ ბევრს ქართველში ვერევი"

იტალიელი სალვატორე ფილიპონე უკვე მეთერთმეტე ზაფხულს ატარებს სოფელ ნიკორწმინდაში, უჩა ფურცხვანიძის ოჯახში. მისი ურთიერთობა საქართველოსა და მის ერთ-ერთ მშვენიერ კუთხესთან მაშინ დაიწყო, როდესაც სალვატორეს მშობლიურ კალაბრიაში ქართველი ემიგრანტები ჩავიდნენ. წლების განმავლობაში ბატონი სალვატორე ქართველებს დაუმეგობრდა.


სალვატორე ფილიპონე: - უკვე მეთე­რთმეტედ ვეწვიე საქართველოს. ჯერ თბილისში ჩამოვდივართ, გარკვეული ხნის შემ­დეგ კი ულამაზეს რაჭას მოვაკითხავ ხოლმე­. მართალია, რაჭველებს ზღვა არა აქვთ, მაგ­რამ განუმეორებელი პეიზაჟები, სუფთა ჰაერი და ნატურალური
საკვები ამას მავიწყებს.­ ნიკორწმინდაში თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ. რაც შეეხება აქაურ ძეგლებს, რელიგიური ძეგლების სიმრავლითა და სიდიადით ქართველებს მართლაც გაქვთ სატრაბახო.
საქართველოში უკვე ბევრი მეგობარი გავიჩინე. მართალია, ქართულად ვერ ვლაპარაკობ, თუმცა ჟესტებით ვხვდები, რასაც მეუბნებიან.
ძალიან კარგი კულინარია გაქვთ. ქართველები ბევრ მწვანილსა და სანელებ­ლებს მოიხმართ. მხოლოდ
ქინძი არ მომწონს, ჭიანჭველების სუნი აქვს.

მომწონს, რომ აქაურ ოჯახებში პურის გამოცხობის ტრადიცია არ დაკარგულა. მახსენდება, როგორ გვიცხობდა ბავშვობაში დედაჩემი პურს და გულში სითბო მეღვრება.

თქვენს ქვეყანაში ისეთი ურთიერთობებია, როგორიც იტალიაში 50 წლის წინ იყო. ამიტომ, როდესაც აქ ჩამოვდივარ, თავს 50 წლით ახალგაზრდად ვგრძნობ. ბევრი ქართული წეს-ჩვეულება მომწონს. მაგალითად, როგორ ურთიერთობენ ერთმანეთთან ოჯახები, ძალიან აფასებენ მშობლებს. მოხუცს რომ დაინახავენ, ახალგაზრდები წამოიშლებიან და ადგილს უთმობენ. იტალიამ დაკარგა ეს წეს-ჩვეულება. იტალიისაგან განსხვავებით, აქ რასაც მოიხმარენ, კომუნალურ გადასახადს ვგულისხმობ, იმას იხდიან. ჩვენთან ასე არ არის. ვთქვათ, ბუნ­ებრივი აირი რომც არ გავხარჯოთ, მაინც ვიხდით ყოველთვიურ გადასახადს. ავტომანქანას დაზღვევის გარეშე გარეთაც ვერ გაიყვან. ჩვენ, მაგალითად, ყოველწლიურად 800 ევროს ვიხდით ავტომანქანის დაზღვევაში. პენსიას რაც შეეხება,­ იტალიელებს,­ ქართველებისაგან განსხვავებით, არც ისეთი­ დაბალი პენსია გვაქვს. თუმცა დღევანდელ ახალგაზრდობას იტალიაშიც ძალიან უჭირს. თუ ასე გაგრძელდა, საბერძნეთზე უარესი დაგვემართება...

- ამბობენ, ქართველებსა და იტალიელებს­ ბევრი საერთო აქვთო...
- იტალიელები და ქართველები ერთმანეთს გარეგნობითაც და ხასიათითაც ვგავართ. ორივე ემოციურები ვართ, ხელებით ლაპარაკი გვიყვარს. როდესაც თბილისში ვარ, რომ მეკითხებიან, ესა და ის ქუჩა სად არისო, ძალიან მიხარია, ეს იმას ნიშნავს, რომ მეც ქართველში ვერევი.

მელოდიური სიმღერები გაქვთ, ერთ-ერთმა ქართულმა ცეკვამ კი ჩვენი "ტარანტელა"­ გამახსენა.
ქართული ტრადიციებიდან არ მომწონს დაკრძალვა. ადამიანი რომ მოკვდება, რატომ მიდიან საჭმელად, ვერ ვხვდები... მეუბნებიან, ქორწილი ლამაზი გვაქვსო, თუმცა მე ჯერ არ ვყოფილვარ ქართულ ქორწილში.
ჩვენს ოჯახსაც ჰქონდა სოფელი, ვენახებითა და ზეთისხილის პლანტაციებით იტალიის სამხრეთში, იქ, სადაც ამჟამად ვცხოვრობ. იყო წლები, როდესაც ჩრდილოეთ იტალიაში, ტორინოში გადავედი,­ 35 წელი "ფიატის" ქარხანაში ვიმუშავე. როდ­ესაც პენსიაში გავედი, ისევ ჩემს მხარეს­ დავუბრუნდი. ამჟამად ქალაქ პალმიში ვცხოვრობ. თუმცა სოფელიც მაქვს, ზღვა­სთან ახლოს, 5 კილომეტრში დგას ჩვენი­ სახლი.

- ჩვენი ღვინო დააგემოვნეთ?

- იტალიელს ღვინით ვერ გააკვირვებ. ჩვენ სხვადასხვა მეთოდით ვაყენებთ ღვინოს. მე ყურძენს საწურ მანქანაში ვატარებ. 3 დღე გავაჩერებ და მერე სპეციალური პრესით ისე ვწურავ, რომ დაახლოებით 400-500 კგ ყურძნისგან 7-8 კგ ჭაჭა მრჩება. ჭაჭას ვყრით, დანარჩენი კი წვენია. გრამ შაქარს ან წყალს არ ვურევ. ის კი არა, სანამ ჩამოვასხამ, ბოთლებს ღვინით ვრეცხავ, რომ წყალი არ შეერიოს. ბოთლებში ახალი წლის შემდეგ ვასხამთ, მანამდე ბოცებშია, რომლებსაც სპეციალურ საცობს ვახურავთ, რომლის საშუალებითაც დუღილის პროცესი არ ფერხდება. მაქვს ღვინოები 30-40 წლის დაძველებით.

ჩრდილოეთ იტალიაში უფრო იციან სადღეგრძელოები. ჩვენთან "სალუტეს" ვიტყვით და დავლევთ. ქართველებისგან განსხვავებით, ცოტას ვსვ­ამთ. ერთ ბოკალს ვწრუპავთ მთელი სადილის განმავლობაში.
კალაბრიაში ერთ დროს სულ ვენახები, ზეთისხილისა და ფორთოხლის პლანტაციები იყო. ომის შემდეგ ხალხმა ვენახები აჩეხა და ზეთისხილი გააშენა. ზეთისხილი გაცილებით ადვილი მოსავლელია და მაშინ შემოსავალიც მოჰქონდა, ახლა კი 12 კილოგრამ ზეთისხილს 1 ევროდ იბარებენ.

- საქართველოს შესახებ პირველად როდის შეიტყვეთ?
- როდესაც ქართველები ჩვენს ქალაქში სამუშაოდ ჩამოვიდნენ. თავიდან რუსები გვეგონა, რადგან თქვენი ქვეყანა ერთ დროს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო, მაგრამ აგვიხსნეს, რომ სულ სხვა ხალხი ყოფილხართ და ძალიან დავმეგობრდით.

ეკა სალაღაია

sibnele
24 აგვისტო 2015 18:02
ქართველს თურმე ევროპა და ამერიკა უტევს:)))))))))))))
მარი
19 აგვისტო 2015 11:37
ქართველის სილამაზე ქართველობაშია,ამაში ავიც შედის და კარგიც...იმედია ფესვებს არ დავკარგავთ......
ნოდო
18 აგვისტო 2015 11:30
მართალია აქამდე ნელ-ნელა მივდიოდით გადაშენებისკენ ახლა ამერიკა და ევროპა ისეთი ტემპით გვიტევენ კი არ მივდივართ მივქრივათ სადღაც უფსკრულისკენ. აბა რათ მინდა დიდი ფული და კაი ცხოვრება თუ ჩემიანი არ მოვიპატიჟე და მასთან ლუკმის დაუთვლელად სუფრას არ მიუჯექი. ისე ხომ სულ წაიშალა ნათესაობაცა და მეგობრობაც.

რედაქტორის რჩევით