ვინ გაანათა მესტია... - კვირის პალიტრა

ვინ გაანათა მესტია...

ფილმ "სვანის" სცენარი სეტიელების გვარის ისტორიის მიხედვით დაიწერა...

გმირად აღიარების პრეტენზია არ ჰქონია ილია ფალიანს, რომელმაც გასული საუკუნის 40-იან წლებში პირველად გაანათა მესტია და მისი შემოგარენი სოფლები. მეტიც, მისი ღვაწლის შესახებ დღეს თითო-ოროლა კაცმა თუ იცის...

რამდენიმე დღის წინ დიდი ხნის ოცნება ამიხდა და სვანეთში, მესტიაში აღმოვჩნდი. ამ საოცარი მხარის სილამაზესა და ღირსშესანიშნაობებზე შემდეგ სტატიაში მოგითხრობთ, მანამდე კი მინდა გიამბოთ სვანეთის პირველ მშენებელ-ინჟინერზე, რომელიც დღეს რატომღაც მივიწყებულია.

ილია ფალიანი (სეტიელი) სვანური სიმღერების ლოტბარიც ყოფილა. მისი შემოქმედებიდან აღსანიშნავია პოემა "ფუთუ და გეგანი", რომელიც სვანთა ცხოვრების 1870-1930 წლამდე პერიოდს ასახავს.

პირველი სვანი ინჟინრის შესახებ მისი ნათესავი, ლუხუმ სეტიელი-ფალიანი გვესაუბრება: - ილია ფალიანის მიერ აშენებულ ნაგებობებს შორის ყველაზე მასშტაბური  მესტიის ჰესია, რომლითაც არა მხოლოდ მესტია, არამედ ახლომდებარე სოფლებიც მარაგდებოდა. შემდეგ ენგურჰესი ააშენეს და ილიას აგებულმა ჰესმა ფუნქცია დაკარგა.

- ილია ლოტბარიც ყოფილა...

- ქართული სიმღერის თვალსაჩინო ოსტატი, ლოტბარი იყო. საუკეთესო მომღერლად ითვლებოდა. წლების მანძილზე აგროვებდა სვანურ თქმულებებს, ლექსებს, აფორიზმებს, სიმღერებს. მის მიერ დამუშავებული სიმღერები შევიდა ქართული მუსიკალური ფოლკლორის საგანძურში. ორმოც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა სვანური სიმღერებისა და საკრავების ინსტრუქტორ-მასწავლებლად. ილიას მამა მოძღვარი იყო, საუკეთესო მგალობელი გახლდათ და შინაც ხშირად მღეროდნენ სვანურ სიმღერებს. არის ასეთი სვანური სიმღერა "ბილება", მისი ავტორი ილიაა. მას დიდ პატივს სცემდნენ სვანეთში, თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტი იყო. დასანანია, რომ მესტიაში მისი მემორიალური დაფაც კი არ არსებობს...

- ილიას ოჯახი ჰყავდა?

- სამწუხაროდ, შვილი არ დარჩა. კომუნისტურმა რეჟიმმა შეიწირა მისი სახლი, რომელიც დაწვეს და შემდეგ მიწა წააყარეს.

- რატომ ატარებდა ილია ორ გვარს?

- თავდაპირველად, გვარად სეტიელები ვიყავით. 7 წლის წინ ამ გვარის აღდგენა გადავწყვიტე. მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომელი როლანდ თოფჩიშვილი იკვლევდა ჩვენი გვარის ისტორიას...

- მსმენია, რომ ფილმ "სვანის" სცენარი სწორედ თქვენი გვარის ისტორიის მიხედვით დაიწერა.

- დიახ, სეტიელი-ფალიანის გვარის რეალურ ამბავზე დაყრდნობით შეიქმნა. ფილმში განვითარებული მოვლენების ნაწილი შეცვლილია, თუმცა "სვანი" სწორედ ამ გვარის ტრაგიკულ ისტორიას ჰყვება...

მეცნიერული ნამუშევრის მიხედვით, სვანეთში სეტიელები გაბატონებულან. აMმის გამო მტრად მოკიდებულ სხვა გვარის წარმომადგენლებს სისხლის აღების წესით ყველა ჩვენი წინაპარი ამოუხოცავთ, გარდა ერთისა... ილიას წინაპარი გაბრიელ სეტიელი იმ დროს ჩვილი ყოფილა და აღსაზრდელად მიუბარებიათ სოფელ ერიშში სვილჩილდ ფალიანისა და დარჯილ სამსიანის ოჯახში. სეტიელებიდან ცოცხალი მხოლოდ გაბრიელი გადარჩენილა. მოწინააღმდეგე გვარს რომ გაუგია, ფალიანებში გაძიძავებული გაბრიელ სეტიელი იზრდებოდა, შეჭრილან ფალიანების ოჯახში და გაბრიელი მოუთხოვიათ.

ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა, თავისი შვილი გაეწირა ჩვენი გვარის უკანასკნელი ვაჟის გადასარჩენად. გადარჩენილი გაბრიელი ფალიანებმა დედულეთში, გელოვანებს მიუყვანეს გასაზრდელად. რომ წამოიზარდა, გაბრიელმა შეიტყო თავისი ოჯახისა და მოგვარეების ტრაგიკული ისტორია. წინაპართა ხსოვნის უკვდავსაყოფად და ღირსების დასაცავად გადაწყვიტა სვანეთში დაბრუნება და სისხლის აღება. მეომრებით უშგულიდან წამოსულა მესტიაში. გზაში შემოღამებია და ზულმუდთან (სვანურად "სახალხო კრება" და ასევე, "დაზავება") შეყოვნებულა. ძიძის ოჯახის პატივსაცემად სამსიანებისა და ფალიანების სოფელ ერიშში საბრძოლველად არ შესულა, ხოლო დანარჩენ სოფლებში თითო ოჯახიდან თითო მამაკაცი მოუკლავს. ხალხმა დასახმარებლად ძიძის ოჯახს მიმართა - გაბრიელთან დაზავებას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფალიანების ოჯახს ამოწყვეტით ემუქრებოდნენ. ამიტომ ზულმუდში მისი ძიძა, ქალბატონი დარჯილი გაემართა. გაბრიელმა აღმზრდელის თხოვნას პატივი სცა, ამასთან, პირობა მისცა, რომ იცხოვრებდა ფალიანების ოჯახში როგორც მათი შვილი და მათ გვარს ატარებდა სიცოცხლის ბოლომდე. ასე გახდა სეტიელების გადარჩენილი ერთადერთი ვაჟი გაბრიელი გვარად ფალიანი. ერთადერთი სეტიელის გადარჩენისთვის დღემდე დიდ პატივს ვცემთ სეტიელები ფალიანებისა და   სამსიანების გვარს და მათი მადლიერები ვართ. მე ახლა სწორედ იმ სახლში ვცხოვრობ, სადაც ოდითგანვე სეტიელები ცხოვრობდნენ.“

ილია სეტიელი-ფალიანი

ილია სეტიელი-ფალიანის პროექტებით მესტიაში არაერთი შენობა აშენდა, მათ შორის 1934-35 წლებში მესტიის ელექტროსადგური, შემდგომ კი - ქვემო სვანეთის მცირე ელექტროსადგური. მესტიაში მისი აშენებული ჰესი დღესაც დგას (ამჟამად კერძო საკუთრებაა) და ნაგებობის შიდა დიზაინი ისევ ისეთია, როგორიც წლების წინ იყო. ილია ფალიანი 1966 წლის 12 ოქტომბერს თბილისში გარდაიცვალა.

თორნიკე ყაჯრიშვილი

სიუჟეტი იხილეთ პალიტრაTV-ზე