დღეს ბიზნეს ფორუმი "მინსკი-ბათუმი" გაიმართება - კვირის პალიტრა

დღეს ბიზნეს ფორუმი "მინსკი-ბათუმი" გაიმართება

ბელარუსის რესპუბლიკის დედაქალაქში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით, დღეს "მინსკი-ბათუმი" ბიზნეს ფორუმი გაიმართება.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან გვაცნობეს, ფორუმის ფარგლებში უცხოელი პარტნიორები საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებს, აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს, ასევე საინვესტიციო და საპრივატიზაციო ობიექტებს გაეცნობიან.

როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, დელეგაციის წარმომადგენლები პოტენციურ ინვესტორებთან, ადგილობრივ კომპანიებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებს გამართავენ. ფორუმზე ბელარუსის წარმომადგენლებს აჭარის რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული სპეციალური პრეზენტაციით მიეწოდებათ. ფორუმის მონაწილეები ასევე აჭარის რეგიონის ინგლისურენოვან საინვესტიციო ვიდეო რგოლს გაეცნობიან. პრეზენტაციებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებიც გამართავენ.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ქ. მინსკში, სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, აჭარაში სხვადასხვა სექტორში, კერძოდ მშენებლობის, ტურიზმის და ლოჯისტიკის სფეროში მოღვაწე კერძო კომპანიების წარმომადგენელთა ვიზიტიც იგეგმება. ბიზნეს ფორუმზე პრეზენტაციებით შპს "ორბი ჯგუფი", შპს "ალიანსი" და სასტუმრო "მარინა კოლიზეუმის" წარმომადგენლები წარსდგებიან. ისინი თავიანთ გამოცდილებას ადგილობრივ ინვესტორებს გაუზიარებენ. ღონისძიებაში ასევე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა მონაწილეობენ.

პრეზენტაციების შემდეგ ბიზნესმენთა პირისპირ შეხვედრები გაიმართება, რაც ქართულ და ბელარუს კომპანიებს შორის ბიზნეს ურთიერთობების დამყარებას ხელს შეუწყობს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ბელარუსიის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და საქართველოს საელჩო ბელარუსის რესპუბლიკაში.

ბიზნეს ფორუმს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან. დელეგაცია ბელარუსის რესპუბლიკას 21 ნოემბერს დატოვებს.