აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტრენინგებს გამართავს - კვირის პალიტრა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტრენინგებს გამართავს

მიმდინარე წლის ბოლოსთვის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მორიგ ტრენინგებს გეგმავს.

როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან გვაცნობეს, უფასო გადამზადების კურსები სამი მიმართულებით ჩატარდება - აჭარის რეგიონში არსებული ტურისტული სააგენტოების, განთავსებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებისათვის. ამ ეტაპზე გადამზადდება ტურისტული ობიექტების მენეჯერების როგორც მმართველი, ასევე საშუალო რგოლი.

ტრენინგების თემატიკა გაითვალისწინებს სერვისის სტანდარტებს, ასევე ტურისტული ობიექტების სამივე მიმართულებით მარკეტინგისა და გაყიდვების საკითხებს. განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს ონლაინ რესურსებით (BOOKING.COM) ობიექტის ეფექტური მართვის მოკლე კურსი ჩაუტარდებათ.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ტრენინგების ფარგლებში ასევე განხილული იქნება სურსათის უვნებლობის საკითხები, რომელსაც ტრენინგის მონაწილეებს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი გააცნობს.

"აღნიშნული თემები შეირჩა მიმდინარე წლის ზაფხულის მაღალ სეზონზე მომსახურების ხარისხის კვლევის შედეგად, რომელიც ტურიზმის დეპარტამენტმა "იდუმალი სტუმრის" მეთოდით განახორციელა", - ნათქვამია განცხადებაში.