აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რუსეთში აქტიური პიარ კამპანია დაიწყო - კვირის პალიტრა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რუსეთში აქტიური პიარ კამპანია დაიწყო

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რუსეთის ფედერაციაში წელს პირველად, რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირების მიზნით აქტიური პიარ და მარკეტინგული ღონისძიებები დაიწყო.

როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების განვითარების დეპარტამენტში აცხადებენ, ღონისძიებებს რუსულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

დეპარტამენტის მიერ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც რუსეთში ცნობილი ონლაინ და ბეჭდური მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ აჭარის ტურისტული პოტენციალზე, ღირშესანიშნაობებზე, რეგიონში დასვენების უპირატესობებსა და ფასებზე ისაუბრეს. შედეგად რუსულ მედიაში 50-მდე სტატია გამოქვეყნდა, სადაც აჭარაში რუსი ტურისტების მზარდ რაოდენობაზე, რეგიონის მთავარ ღირშესანიშნაობებსა და ტურისტული პროდუქტების მრავალფეროვნებაზე გამახვილდა ყურადღება.

პიარ კამპანიების ფარგლებში დეპარტამენტმა მოსკოვში ჟურნალისტებისთვის პრეს ლანჩს, ხოლო ტურისტული სააგენტოებისთვის კულინარიულ მასტერკლასს უმასპინძლა. მასტერკლასზე ტურისტული სააგენტოები ქართულ სამზარეულოს გაეცნენ და თავადვე მოამზადეს ტრადიციული ქართული კერძები. მასტერკლასის მიზანი ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია იყო, რამაც ტურისტული სააგენტოების მოწონება დაიმსახურა. მათ აქტიურად დაიწყეს აჭარის მიმართულებით გასტრონომიული ტურპაკეტების შემუშავება.

რუსეთში მიმდინარე პიარ კამპანიების ფარგლებში ასევე დაწყებულია აქტიური ონლაინ რეკლამა ცნობილ ონლაინ გამოცემებში Travel.ru, Tourister.ru და Tonkosti.ru, რაც სარეკლამო სტატიების, ბანერებისა და ონლაინ კონკურსების განთავსებას გულისხმობს.

მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რუსეთში პოპულარული ტელეარხების Моя планета-სა და Пятница გადამღებ ჯგუფებსაც უმასპინძლა, რომლებმაც აჭარული სამზარეულოსა და რეგიონის გასტრონომიული ტურების შესახებ გადაცემები მოამზადეს.

გადაცემა „Планета вкусов“ მრავალფეროვანი აჭარული სამზარეულოს შესახებ ტელეარხ „Моя планета“ ეთერში მაისში გავიდა, რახ შეეხება გადაცემა „Еда, я люблю тебя“ ტელეარხ Пятница-ზე აჭარულ გასტრონომიას ეთერს ივლისში დაუთმობს. ივნისის ბოლოს ტელეარხი Пятница-ს გადამღები ჯგუფი ბათუმს კიდევ ერთხელ ესტუმრება. ამჯერად, არხის ობიექტივში მოხვდება აჭარა, როგორც ქორწინებისთვის ყველაზე რომანტიული და ლამაზი ადგილი. რეგიონის ტურისტულ პოტენციალს აღნიშნული არხების გადამღები ჯგუფების გარდა, რუსეთში პოპულარული მედია გამოცემების ჟურნალისტები პრესტურების ფარგლებში გაეცნობიან. ისინი რეგიონს ზაფხულში ეწვევიან.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პიარ და მარკეტინგულ ღონისძიებს რუსი ტურისტების აჭარაში მოზიდვის მიზნით აგვისტომდე გააგრძელებს. ქვეყნების მხრივ რეგიონში შემოსული ტურისტების მიხედვით რუსეთი თურქეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ მესამე ადგილზეა. ბოლო სამი წლის განმავლობაში აჭარას 430 817 რუსი ტურისტი სტუმრობდა.

რუსეთში გამოქვეყნებული სტატიების ნახვა შესაძლებელია შემდეგ ვებგვერდებზე: http://travel.vesti.ru/, http://www.tourister.ru/, http://www.tourister.ru/

R