თერგმა კალაპოტი შეიცვალა და ამ დროისთვის სამანქანო გზაზე მიედინება - სტიქია დარიალის ხეობაში - კვირის პალიტრა

თერგმა კალაპოტი შეიცვალა და ამ დროისთვის სამანქანო გზაზე მიედინება - სტიქია დარიალის ხეობაში

23 ივნისს, 18:00 საათზე ამალი-დევდორაკის ხეობაში მოვარდნილმა ღვარცოფმა მდინარე თერგის კალაპოტის შეცვლა გამოიწვია.

ადიდებული მდინარის წყალმა საავტომობილო გზის 800 მეტრიანი მონაკვეთი წაიღო, ხოლო თბილისი-მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 134 კმ-135 კმ მონაკვეთი დააზიანა. ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო, საშიშ ზონაში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

შინაგან საქმეთა მინისტრი  გიორგი მღებრიშვილი ამალი-დევდორაკის ხეობაში გვიან ღამით ჩავიდა. მასთან ერთად სტიქიის ზონაში ასევე იმყოფებოდა კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე.

"დევდორაკიდან" მიღებული განგაშის სიგნალის მიღების შემდეგ, განხორციელდა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "ყაზბეგის" თანამშრომელთა ევაკუაცია. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია გაეგზავნა რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურს.

24 ივნისს, დილიდან შსს-ს ვერტმფრენით დარიალის მამათა მონასტერში შეფარებული 70 ადამიანის, მათ შორის უცხოელი ტურისტებისა და საბაჟო ტერმინალის თანამშრომლების გადმოყვანა დაიწყო. ადგილზე დილიდან მუშაობენ გეოლოგები, ასევე სტიქიის ზონაში იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ დევდორაკის მყინვარის ძირში დაახლოებით ერთი კილომეტრის ტერიტორიაზე გზა ადიდებულმა თერგმა წაიღო. თერგმა კალაპოტი შეიცვალა და მდინარე ამ დროისთვის სამანქანო გზაზე მიედინება. ღვარცოფის შედეგად დაახლოებით ერთ კილომეტრამდე გზის მონაკვეთი გარესამყაროს მოწყდა. ვერტმფრენია გამოყოფილი გეოლოგებისთვისაც, რომლებიც მყინვარს დაათვალიერებენ.

სპეციალისტების განცხადებით, გზის აღდგენას სულ მცირე ორი ან სამი კვირა დასჭირდება. აღდგენითი სამუშაობი არ დაიწყება, ვიდრე გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და გეოლოგები ამის ნებართვას არ გასცემენ.

"საპატრულო პოლიციამ ღვარცოფის ჩამოწოლისთანავე მყისიერად მოახდინა რეაგირება და სტიქიის ზონიდან ავტომობილები და მოქალაქეები გამოიყვანა. უსაფრთხოების მიზნით, გზა დაკეტილია. გზის ნაწილი ისეა დაზიანებული, რომ გადაადგილება შეუძლებელია. საფრთხის დონის შეფასების მიზნით, შსს ვერტმფრენით სპეციალისტებთან ერთად მოხდება დევდორაკზე შემოფრენა", - განაცხადა შს მინისტრმა.

"ამ ეტაპზე ვითარება სტაბილურია. ძალიან კარგად იმუშავა იმ განგაშის სისტემამ, რომელიც ხეობაში რამდენიმე წლის წინ მომხდარი სტიქიის შემდეგ დამონტაჟდა. არ მომხდარა მანქანების დაგროვება. შესაძლებელი გახდა თავიდან აგვეცილებინა მსხვერპლი. ამ ეტაპზე ყველა ადამიანი არის უსფრთხოდ", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.