ლიტვამ ”აჭარის დღეს” უმასპინძლა - კვირის პალიტრა

ლიტვამ ”აჭარის დღეს” უმასპინძლა

ლიტვამ ”აჭარის დღეს” უმასპინძლა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, ლიტვაში, კლაიპედას ზაფხულის ფესტივალზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, აჭარის სახელმწიფო ანსამბლმა სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.

მათივე ინფორმაციით, ფესტვალზე, რომელსაც ლიტვაში ათასობით შიდა და უცხოელი ტურისტი ესწრება, მდიდარი ქართული ფოლკლორი ორი დღის განმავლობაში იყო წარმოდგენილი.

”ლიტვაში გამართული ღონისძიება გაგრძელებაა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ახალი პროექტის, რომელიც სამიზნე ქვეყნების დიდი ქალაქებში „აჭარის დღეების“ გამართვას ითვალისწინებს.

რეგიონისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე, რომელიც ძირითადად დახურულ სივრცეში იმართება ფოლკლორი, სამზარეულო და ღვინოა წარმოჩენილი. დღემდე დეპარტამენტმა „აჭარის დღეები“ ვილნიუსში, ასტანაში, თელ-ავივში, მინსკსა და ვარშავაში გამართა.

ღონისძიებებს წამყვანი მედია საშუალებების, ტურსააგენტოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ და მათ ადგილობრივ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა”, - განმარტავენ დეპარტამენტში.

მათივე ცნობით, წლის ბოლომდე რეგიონის პოტეციური ტურისტებისთვის ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ჩვენებას დეპარტამენტი პოლონეთში, ესტონეთში, ლატვიასა და უკრაინაში გეგმავს.

”პიარ კამპანიების განხორციელება დაგეგმილია არაბეთის გაერთიანებულ ემირატებშიც. ღონისძიებები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებითა და აჭარის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით იმართება”, - აცხადებენ დეპარტამენტში.

R