აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე კახეთში ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს - კვირის პალიტრა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე კახეთში ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილი კახეთში ღვინის ტურიზმის პირველ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.

როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან გვაცნობეს, კონფერენცია საქართველოში გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ტარდება. მამუკა ბერძენიშვილი კონფერენციის ფარგლებში ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდებს, ღვინის ტურიზმის მიმართულებით საქართველოში წარმატებულ კომპანიების გამოცდილებასა და მიღწევებს აჭარაში მოქმედ მეღვინეებთან ერთად გაეცნო. კონფერენციის ფარგლებში ასევე დაგეგმილია დისკუსიები ღვინის ტურიზმის თანამედროვე გამოწვევების შესახებ და პრეზენტაციები ღვინის ტურიზმში ტურისტული პროდუქტის განვითარების შესახებ.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ღვინის ტურიზმი აჭარაში ბოლო წლებია ვითარდება. ამ მხრივ რეგიონში პოპულარული რეგიონია ქედა, რომელიც ვაზის უნიკალური ჯიშებით ჩხავერითა და ცოლიკაურითაა ცნობილი. ქედის ღვინის ტურში, რომელიც აჭარის ტურიზის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ შეიმუშავა მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტებისთვის საინტერესო ღვინის მარნებია შეყვანილი. აჭარაში არსებული ღვინის მარნების წარმომადგენლები საერთაშორისო გამოცდილების მიღების მიზნით ღვინის ტურიზმის პირველ საერთაშორისო კონფერენციას ტურისტული სააგენტოს ორგანიზებით ესწრებიან.

ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია წელს პირველად და ისიც საქართველოში იმართება. ღონისძიებები თბილისში, ყვარელსა და „შატო მუხრანში“ ტარდება. ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოში გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი იმყოფება.

ღონისძიებაში 42 ქვეყნის 250 დელეგატი მონაწილეობს. კონფერენციაზე 150-ზე მეტი ორგანიზაციაა წარმოდგენილი, რომელიც 7 სექტემბერს დაიწყო და დღეს დასრულდება.

R