თუშეთის გზაზე ავარიისას 2 მცირეწლოვანი დაიღუპა, 4 ადამიანი კი დაშავდა - კვირის პალიტრა

თუშეთის გზაზე ავარიისას 2 მცირეწლოვანი დაიღუპა, 4 ადამიანი კი დაშავდა

თუშეთის გზაზე მომხდარ ავარიას ორი მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა, ავტომობილი ხევში გადავარდა, რასაც 2 მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა, 4 დაშავებული კი ამ დროისთვის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობს.

თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის ზაზა კოპლატაძის თქმით, 34 წლის ქალის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო 38 წლის მამაკაცს და ორ მცირეწლოვან ბავშვს საშუალო სიმძიმის ტრავმები აღენიშნებათ.

„პაციენტები შემოიყვანეს 2.58 საათზე. წუხელ, გვიან ღამით შემოყვანილი პაციენტებიდან, ერთი ქალი არის კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში, სამი დაშავებული არის საშუალო სიმძიმის. მათ ჩაუტარდათ ყველა აუცილებელი პროცედურა, რამდენიმე წუთში ჩვენ ველოდებით ისრაელის ელჩს და მისი გადაწყვეტილების შესაბამისად გააგრძელებენ მკურნალობას დაშავებულები“, - განაცხადა თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა.

ამ დროისთვის თელავის რეფერალურ საავადლმყოფოში იმყოფებიან ქალაქის მერი და ვიცე-მერი, რომლებმაც დაშავებულები მოინახულეს.

„თელავის სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ურთულესი ხილვადობის პირობებში ჩატარებული ოპერაციის მეშვეობით, შეძლეს 4 დაშავებულის ამოყვანა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად და მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ მაშველს ჩატარებული ოპერაციისთვის. ამ დროისთვის დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია და ჩვენ ველოდებით ისრაელის ელჩს“, - განაცხადა ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"