ფესტივალ "განდაგანას" ფარგლებში ღვინის სახლი და ეთნოგრაფიული მუზეუმი სტუმრებს ეპატიჟება - კვირის პალიტრა

ფესტივალ "განდაგანას" ფარგლებში ღვინის სახლი და ეთნოგრაფიული მუზეუმი სტუმრებს ეპატიჟება

სოფლის ტურიზმის ფესტივალ "განდაგანა"-ს ფარგლებში ევროპის მოედნიდან ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმისა და აგროსერვის ცენტრის ღვინის სახლის მიმართულებით იმოძრავებს უფასო ტრანსპორტი. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან გვაცნობეს, მუზეუმში შესვლის მსურველებს ტრანსპორტი დღის ორი საათიდან საღამოს 6 საათამდე, ხოლო ღვინის სახლის სტუმრებს ორი საათიდან ხუთის ნახევრამდე მოემსახურება. ტურისტულ ობიექტებზე შესვლა უფასოა და ისინი სტუმრებს სპეციალურ პროგრამას სთავაზობენ.

ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმი ხელვაჩაურში, ღია ცის ქვეშ 3000 კვ.მ.-ზეა განთავსებული. მასში აჭარის რეგიონის ყოფა-ცხოვრების და ტრადიციების ამსახველი ნივთები და მასალები 15-ზე მეტ თემატურ სივრცეშია წარმოდგენილი. მუზეუმში შესვლა დილის ათი საათიდან საღამოს 6 საათამდე იქნება უფასო. ქემალ თურმანიძე წლების განმავლობაში ქმნიდა და აჭარის სოფლებში აგროვებდა ყველა იმ ექსპონატს, რომელიც მუზუემშია წარმოდგენილი. სტუმრებს მუზეუმში ფოლკლორ შოუც ელოდებათ.

რაც შეეხება აგროსერვის ცენტრის ღვინის სახლს, ის ქობულეთში მდებარეობს. ღვინის სახლში 15:00 საათიდან სტუმრებისთვის წარმოდგენილი იქნება ერთსაათიანი სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ისინი ღვინის სახლში არსებულ ყველა სერვისს გაეცნობიან, მონაწილეობას მიიღებენ თონის პურის დაცხობასა და ჭაჭის გამოხდაში. სტუმრებისთვის გაიმართება ღვინის სახლში დამზადებული ღვინის დეგუსტაცია და საბძოლო ხელოვნების შოუ, რომელსაც "შავფაროსნები" წარმოადგენენ.

ღვინის სახლში ტურისტებისთვის მრავალფეროვანი, საინტერესო და მიმზიდველი ინტერიერის შექმნის თვალსაზრისით ღვინისა და მასთან დაკავშირებული რეწვის ნიმუშების საგამოფენო დარბაზი, ენოთეკა და ეთნოგრაფიული კუთხეა განთავსებული. იქვე მოწყობილ სამუზეუმო კუთხეში ხიხანის ციხეზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალისა და ნივთების გაცნობა-დათვალიერებაა შესაძლებელი. სახლის საგამოფენო სივრცეში კი ღვინოსთან ერთად სტუმრებს საქართველოში წარმოებული პროდუქტები და სუვენირების დათვალიერება შეუძლიათ.

სოფლის ტურიზმის ფესტივალი "განდაგანა" 28 ოქტომბერს, ევროპის მოედანზე გაიმართება. ზემოთ აღნიშნული ობიექტების მიმართულებით ტრანსპორტი მოედნიდან, 14:00 საათიდან იმოძრავებს.

R