"ნაჯახებითა და რკინის კეტებით გაგვისწორდნენ" - რატომ სცემეს ჩინელებმა ქართველი მუშები ხარაგაულში?! - კვირის პალიტრა

"ნაჯახებითა და რკინის კეტებით გაგვისწორდნენ" - რატომ სცემეს ჩინელებმა ქართველი მუშები ხარაგაულში?!

2 ნოემბერს, გვიან ღამით, ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული 4 ქართველი მუშა ჩინური კომპანიის „23-ე ბიუროს“ წარმომადგენლებმა სცემეს. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. დაშავებული მუშები ზესტაფონის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მუშები აცხადებენ, რომ წუხელ რამდენიმე ადგილობრივ მოსახლეს სოფლიდან შეშა ჩამოჰქონდა, „რა დროსაც მათ ჩინელები დახვდნენ და სასტიკად გაუსწორდნენ“.

,,სოფლის მოსახლეობას ჩამოჰქონდა შეშა ტყიდან, რა დროსაც მათ ჩინელები დახვდნენ მანქანით და ცემა დაუწყეს. ჩვენ გასაშველებლად მივედით და ნაჯახებითა და რკინის კეტებით გაგვისწორდნენ. რამდენიმეს თავში ჭრილობა აქვს მიყენებული და მძიმე მდგომარეობაშია", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ერთ-ერთმა მუშამ გიორგი უსაძემ, რომელიც გუშინ ადგილზე იმყოფებოდა.

რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებულები მუშაობის განახლებას მანამდე არ აპირებენ, ვიდრე მომხდარ ინციდენტს არ გამოიძიებენ.

როგორც მუშები აცხადებენ, საქმე ცემის ფაქტზეა აღძრული, რასაც ისინი არ ეთანხმებიან.

მუშების თქმით, საქმე განზრახ მკვლელობად ასოცირდება, რადგან ჩინელები ცივი იარაღით წინასწარ იყვენენ შეიარაღებული. ისინი დანებითა და ნაჯახებით თავს დაესხნენ როგორც ადგილობრივებს, ასევე მშენებლობაზე დასაქმებულებსაც.

,,არ ვაპირებთ მუშაობის დაწყებას, ვიდრე არ იქნება აღნიშნული ფაქტი გამოძიებული. ჩინელებმა არაერთხელ მოგვაყენეს შეურაცხყოფა და უკვე თავს გაუვიდათ", - აცხადებენ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგზე დასაქმებული მუშები.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით