"სიღნაღის აქეთაცაა საქართველო, რაო, აქეთ ხალხად აღარა გვთვლის?!" - კვირის პალიტრა

"სიღნაღის აქეთაცაა საქართველო, რაო, აქეთ ხალხად აღარა გვთვლის?!"

"იმაზეც მასხრად გვიგდებენ, თუ ხალხი აღარ გყავთ, გაზი და წყალი რად გინდათო?!"

"ტრაქტორები არა გვაქვს, მაგრამ რად გვინდა? რა, საწვავი თავზე საყრელად გვაქვს?"

დილაუთენია ავტომანქანაში ვჯდები და გეზს არხილოსკალოსა და ქვემო ქედისკენ ვიღებ. გზა საკმაოდ გრძელი და დამღლელია, ძველისძველი და ძნელად სავალი. იქ გველოდება შრომისმოყვარე ხალხი, რომელიც არცთუ ისე განებივრებულია ჟურნალისტებისა თუ სხვა მომკითხავებისგან.

აი, ზემო ქედს მივადექი. სოფლის ცენტრში მამაკაცები ჯგუფად იდგნენ და მასლაათობდნენ. მანქანას ვაჩერებთ და გადავდივართ. "74 წლის კაცი მოვიქეცი, ამ სოფელში დაბადებულ-გაზრდილი ვარ, აი ასეთი გაპარტახება კი არასდროს მინახავს.

KvirisPalitra.Geმე ჩემი წლები მოვლიე, საკმარისი ოფლიც ვღვარე, მაგრამ ახალგაზრდობამ რა ქნას? მუქთად დადიან, ცოდონი არ არიან? გაიქცევიან საზღვარგარეთ, აბა, რას იზამენ?", - ამბობს ზაქარია ქურციკაშვილი.

"იმას რატომ აღარ ამბობ, ორი ტრაქტორის იმედად რომ ვართ მთელი სოფელი! ახლაც ტრაქტორს ველოდებით და აი, აქ, ვაღამებთ, რომ როგორმე რიგრიგობით წავიყვანოთ და მოვახვნევინოთ ადგილი", - შემოეპასუხნენ ზაქარიას გლეხები.

"ჰო, შვილო, ეგრეა! დასავლეთში რომ არიგებს პრეზიდენტი ტრაქტორებს, იმათ რათ უნდათ ამდენი? მიწაც ჩვენა გვაქ, სახნავ-სათესიც და ტექნიკაც ჩვენ უფრო გვჭირდება. იქ რომ ხშირ-ხშირად ჩადის, აქაც ჩამოვიდეს, ნახოს როგორ ჩაკვდა სოფელი.

ჩვენი ცხვარ-ძროხა რომ არაბებმა გაზიდეს და ხვალ-ზეგ ათმაგ ფასად მოგვასყიდებენ შალის ნაწარმსა თუ ტყავს, ესაა საქმე?! დალოცვილო, ბარემაც ჩვენ გავაკეთოთ გადამამუშავებელი საწარმო და ჩვენ ვისარგებლოთ! დღესაც სიღნაღში ჩასულა პრეზიდენტი. სიღნაღის აქეთაცაა საქართველო, რაო, აქეთ ხალხად აღარა გვთვლის?! მოვიდეს და გვკითხოს, რა გვიჭირს, რა გვილხინს?!" - ამბობს ზაურ წიკლაური.

უამრავი პრობლემა აქვთ არხილოსკალოელებსაც. მოსახლეობა აქაც ტექნიკის სიმწირესა და საწვავის სიძვირეზე ჩივის. "მართალია, სოფელში წყალი კვირაში ერთხელ გვაქვს, მაგრამ ამაზეც მადლობელი ვართ. ადრე ესეც არ გვქონდა. სასმელად ვერ ვიყენებთ, მაგრამ საქონლის დასალევ წყალს ხომ აღარ ვყიდულობთ მაინც? ტრაქტორები არა გვაქვს, მაგრამ რად გვინდა? რა, საწვავი თავზე საყრელად გვაქვს? სიძვირის გამო ვერ ვყიდულობთ, გახვალ ალაზანგაღმა - 90 თეთრია საწვავი, აქეთ კიდე ორ ლარს გაუტოლდა. ამის შემდეგ გამოვლენ და გვიმტკიცებენ, რომ მთავრობა გლეხებსა და სოფლის მეურნეობაზე ზრუნავს", - ამბობენ არხილოსკალოს ბირჟაზე.

"დავბერდით, ძალა გამოგვეცალა. სოციალურ დახმარებას ვითხოვთ, აგენტები გვეუბნებიან, მიიღებთო და აგერ უკვე თვეები წამოვიდა, არაფერი გვაქვს. დაგვეხმარეთ და რაიონის გამგებელს უთხარით გამოგზავნოს სამართლიანი კომისია და შეგვამოწმონ. დენის ეკონომიას ვეწევით, 2 ლარისას ვიხმართ და 13 ლარს ზედმეტს გვახდევინებენ, სადა გვაქვს ამდენი ფული? მოგვხედეთ, გემუდარებით!" - დაგვაბარეს 80 წლის ეთერ უგუნურაშვილმა და 78 წლის მარიამ საქიძემ.

გზა განვაგრძეთ და მანქანის ჯაყჯაყით მოთენთილმა ძლივს მივაღწიე ქვემო ქედამდე. აქ დენისა და ტექნიკის პრობლემებს უგზოობა და უწყლობა ემატება.

რანი ვართ? განა არ გვკითხულობენ რაიონიდან, მაგრამ ჩვენ რა, მოდიან და მიდიან, ჩვენ ასე ვრჩებით. არც წყალი გვაქვს და არც გზა. ამ ასფალტსაც წესიერად ხომ არ აკეთებენ, კარაქივით გადაუსვამენ ხოლმე და ეგ არის. რომ მივმართოთ ვის მივმართოთ, რაიონიც აღარა გვაქვს, ესენიც სხვაზე არიან დამოკიდებული, ნახევარი უფლებები ჩამორთმეული აქვთ.

ცნობა რომ დაგვჭირდეს, წნორსა და გურჯაანში უნდა წავიდეთ, დენით ქუთაისს შევუერთდით, წყალი კიდე გორს ეკუთვნისო. პოლისის აღება მინდოდა, მაგრამ არ მომცეს. ეხლა ყველა სოფელში ჰოსპიტლები უნდა  ააშენონო, გვეუბნებიან, მანამდე ცოცხალი კი ვიქნები?! ჩვენს იქით მამალი აღარ ყივის, დაღუპული ქვეყანა ვართ,  - ამბობს ქვემოქედელი არსენა ბედოიძე.

მძიმე ყოფითი პირობების გამო წუხან სოფელ ქვემო ქედის პედაგოგები.

"ოთხი წლის წინ 235 მოსწავლე გვერიცხებოდა, ახლა - 188. ქვემო ქედში ოჯახი არ არის, შვილი საბერძნეთში არ ჰყავდეს გახიზნული. სოფლის დახმარების პროექტით მხოლოდ ლამპიონები გაგვიკეთეს, მაგრამ რად გვინდა? გზა გაგვიკეთონ, მეტი არაფერი გვინდა. ამბობენ, ლამპიონებზე 30.000 ლარი გავხარჯეთო, ამდენი თანხა უნდა გარე განათების აღდგენას? სასაფლაო შემოვღობეთო რომ გაიძახიან, არ არის შემოღობილი! ერთი საჭირო ოთახი ჩადგეს სასაფლაოზე, ისიც ოთხი ფიცარი შეკრეს და ათასი ლარი კი დახარჯეს, გამოდის, ყველაზე ძვირად ღირებული ტუალეტი გვაქვს სოფლის შუაგულში.

სკოლა კი გაგვირემონტეს კაპიტალურად, მაგრამ რად გინდა? - ბავშვები აღარ არიან. მასხრად გვიგდებენ, თუ ხალხი აღარა გყავთ, წყალი და გაზი რად გინდათო?! ამას წინათ რაიონის ხელმძღვანელობიდან მოვიდნენ. გამგებლის მოადგილე გელა თეთრაულს შევჩივლეთ, გვიშველეთ, არაფერი არა გვაქვს, გვითხარით, რა ვქნათ, დავიხოცოთ-მეთქი? დაიხოცეთო, გვითხრა.  ჩვენი დეპუტატი ავთო ლეკაშვილი ნუღარ შეეცდება რამე გვთხოვოს, აღარ ავირჩევთ მეორედ.

პედაგოგები დენის დამატებით გადასახადებსა და თბილისის მიკროავტობუსის მძღოლებზეც ჩივიან, - ქვემო ქედის ცუდ გზაზე სიარულს ერიდებიან და მგზავრებს არხილოსკალოს ბოლოს გაჩერებაზე ჩამოსვამენ ხოლმეო. არადა თბილისის მარშრუტი ერთადერთი სამგზავრო საშუალებაა რაიონიდან სოფლამდე.

ქედის ზონის მოსახლეობის დანაბარები  რაიონის გამგებელ ლევან ბაღაშვილს გადავეცით.

- ზემო ქედსა და არხილოსკალოში წყალი გაყვანილია. თუ ხშირად ვერ მიეწოდებათ, ეს წყლის დებეტის სიმწირის ბრალია. ქვემო ქედში კი წყალი ჯერ მართლაც არ შესულა, ეს პროექტებშია გათვალისწინებული. ელექტროენერგიის ზედმეტ გადასახადზე კი გეტყვით, რომ უკვე რა ხანია მკაცრად ვაფრთხილებ დედოფლისწყაროს ელექტროდისტრიბუციის უფროსს, რომ გაურკვევლობა აღმოიფხვრას. ჩანს, კარგად ვერ გაიგო და კიდევ ვუსაყვედურებ.

ქვემო ქედის გზის გაყვანაზე კი ბევრს ვფიქრობთ, გამოსავალს ვეძებთ, რომელ პროექტში ჩავსვათ. ნუ ჰგონია ხალხს, რომ გულხელდაკრეფილი ვსხედვართ და არ ვცდილობთ, რომ წინ წავიდეთ".

კახელებს ტყუილად ჩივილი არ სჩვევიათ,  დიდი მოთმინების უნარითაც გამოირჩევიან, მაგრამ მოთმინებასაც ხომ აქვს საზღვარი, არც დაბეჩავებას აპატიებენ ვინმეს, ჰოდა, ბატონებო, განა არ დადგა დრო, რომ სოფლებისკენაც გაიხედოთ, თორემ თუ სოფელი დაცარიელდა, ქვეყანაც ჩამოიშლება.

ლალი მეხრიშვილი,

კახეთი