მაინც ვიმღერებთ! - კვირის პალიტრა

მაინც ვიმღერებთ!

"სამარისებურ მდუმარებაში ვის რა გააჩერებს, ახლა ახალგორში ძაღლის ყეფაც აღარ ისმის..."

"ამ კოტეჯებიდან მზეც კი სხვანაირად, უსახურად მოჩანს"

ჩვენ, ქართველებს, ვინ იცის რამდენჯერ აგვიწევია ჭიქა და დაგვილოცია - იმ სიმღერას გაუმარჯოს, კოსმოსში რომ გაგზავნეს და იქ ქართველების ამბავი წაიღოო! ახლა, მთელი საქართველო ამ სიმღერასავით ალალბედზე ვართ გაშვებული, - როგორც ბოთლი ტალღებზე, იქნებ ვინმე ღვთისნიერმა იპოვოს, გახსნას, ჩვენი გასაჭირი გაიგოს და მოგვეშველოს.

მანამ, სანამ მშველელი გამოჩნდება, კიდევ დიდხანს მარტო მოგვიწევს ქანაობა აქაფებულ ტალღებზე, მაგრამ საშველამდე აუცილებლად მივაღწევთ. იცით, რატომ? ჩვენ დიდი განსაცდელის დროსაც კი, ტირილის და თავში ცემის ნაცვლად, ვმღერით! ვმღერით, რათა ვიცოცხლოთ! ასე მღერიან წეროვანთან, იმ ერთფეროვან კოტეჯებშიც, რომელსაც წალკოტად ქცეული სახლ-კარის დამკარგავი სამაჩაბლოელები კიდევ ვერ მიჩვეულან (ღმერთმა ნუ მიაჩვიოთ!).

როცა გულში დარდს თავი დაეხურება ზღვის ტალღებზე გადაგდებული ბოთლივით, სწორედ მაშინ იწყებენ სიმღერას, - იქ ცხოვრობს მათი (ახალგორელების!) მთელი ანსამბლი "ლომისი" და მათი სიმღერა მახვილივით ჭრის კოტეჯების თავზე ჩამოწოლილ მძიმე ღამეებს.

ნუგზარ ფსუტური, ანსამბლ "ლომისის" ხელმძღვანელი: - ანსამბლის ყველა, რვავე წევრი ჩვენი კოტეჯების ვიწრო ფანჯრებიდან ვითვლით იქ გათენებულ ღამეებს. როცა დაღამდება, მაშინ უფრო გვიმძიმდება იმაზე ფიქრი, რომ აფხაზეთის დაკარგვას ჩვენი კუთხის დაკარგვაც დაემატა, დრო კი მიდის. როგორ შეიძლება ის მიწა, ჩვენი მიწა, სადაც ერთი ციდა ადგილზე, ქსნისა და არაგვის ხეობაში, სამი დიდი წმინდანი დაიბადა - შალვა, ბიძინა ერისთავები და ქეთევან დედოფალი, სხვას დარჩეს!

KvirisPalitra.Geიქაურობა სხვას  როგორ დავუტოვეთ... მაგრამ კაცი რომ თავზე ავტომატით დაგადგება, - რას იზამ, სიცოცხლე უნდა წამოიღო და მოდგმა გადაარჩინო. მთავარია, რომ ჩვენ უცხოეთში კი არ დავიფანტოთ, ისევ ქართულ მიწაზე დავრჩეთ. ეს მიწა თუ გვექნება საყრდენად, ყველაფერს შევძლებთ!  მთავარია, ცოცხლები ვართ! ისე, რაც გვეცვა ტანზე, იმითვე  წამოვედით. მაგრამ როგორც კი თბილისში მივიხედ-მოვიხედეთ და ანსამბლის წევრებმა ერთმანეთი ვერ დავინახეთ, მაშინვე დავუწყეთ ერთმანეთს ძებნა. ჩვენთვის ანსამბლი "ლომისი" ოჯახი იყო და ოჯახად დარჩება, - ტელეფონით ერთმანეთის ხმებს რომ გავიგონებდით, ცას ვავლებდით ხელს სიხარულით. სიმღერა ქართველი კაცისთვის ჭერიც არის და ჭერზე უფრო მეტი სიმაღლეც  - ზეცამდე! მით უფრო ჩვენთვის, - ჩვენ ხომ ყველაფერი სხვას დავუტოვეთ, გარდა სიმღერისა.

- როდის იმღერეთ პირველად, რაც ყველაფერი დაკარგეთ, მას შემდეგ?

- მალე, როცა დუშეთში დაგვპატიჟეს. კარგად ვიმღერეთ, გაუბზარავად. ჩვენ სიმღერას ჭირშიც არ ვღალატობთ. ვინც გვისმენდა, ტიროდა. განსაკუთრებით, მაშინ იყო ცრემლი, როცა წეროვანში კოტეჯები აშენდა და როგორც იქნა, "დავბინავდით". მაშინ პირველი კონცერტი ჩავატარეთ ახალაშენებულ სკოლაში. იქ 1200 ბავშვი სწავლობს და სკოლის დარბაზი სავსე იყო ხალხით.

- საკვირველი ხალხი გამოვდექით, რამდენი რამე გადავიტანეთ და მაინც ფეხზე ვდგავართ.

- უნდა გეთქვათ, ჩვენი ბედი ასეთია, - ყველაფერი უნდა გადავიტანოთ და მაინც ფეხზე ვიდგეთო. დიახ, ასეთია! ჭირს სიმღერა გვატანინებს. ისე, ახალგორელებს რუსები ახალგორში ჩასვლას არ გვიშლიან - სათავისოდ ეგულებათ ეს მიწა. რაც დავტოვეთ, ხელუხლებელია ყველაფერი, - მაგრამ სამარისებურ მდუმარებაში ვის რა გააჩერებს - ახალგორში ძაღლის ყეფაც არ ისმის... აღარც ქართული ხმებია და სიმღერით ვინღა იმღერებს... ასეთ მდუმარებას ისევ კოტეჯებში ყოფნა ჯობია, აქ, სადაც გაიხედავ, კოტეჯის წინ ლომის ბოკვერივით ბიჭები დარბიან. უყურებ, - იმედია!

- და მაინც კოტეჯებში სიცოცხლე ვერ ჩქეფს, არა?

- ვერა, მაინც, - ვერა! ხეც დავრგეთ, ბუჩქიც დავრგეთ, მეც ჩავყარე 60 ძირი ვაზი, მაგრამ ვერა, ვერ გვიხარია. მიცვალებულები ისევ ახალგორში მიგვყავს დასაკრძალად... ამ კოტეჯებიდან მზეც კი სხვანაირად, უსახურად მოჩანს. იქ, ახალგორში, ამომავალ მზეს ვუყურებდი და ისევ ის, ჩემი მზე მინდა. არ ვწუწუნებ, - ეს ომიც ჩვენი ბედი იყო. ამგვარ პირობებში, ბოლოს და ბოლოს, ჭერი მაინც გვაქვს. პირველად, აგვისტოს შემდეგ ჩემს კოტეჯში ავწიეთ ჭიქა და ავღიღინდით.  დილამდე ვიმღერეთ მთელმა ანსამბლმა - "მრავალჟამიერით" დავიწყეთ და "ჩაკრულოთი" დავამთავრეთ...

უნდა ვიცოცხლოთ და ვიმღეროთ, რომ  გავძლოთ! ქართველები უსიმღეროდ ვერ ვიცოცხლებთ, ისე როგორც უღვინოდ და უსტუმროდ. ჩვენ ამ კოტეჯებში ჭირსა და ლხინს სიმღერებში ვაქსოვთ. სიმღერაა ჩვენი უკვდავების საიდუმლო. მას ვერანაირმა მტერმა ვერასოდეს ვერაფერი  მოუხერხა და ვერც მოუხერხებს!