"მოვშენდით მტრის ჯინაზე!""მოვშენდით მტრის ჯინაზე!" - კვირის პალიტრა

"მოვშენდით მტრის ჯინაზე!""მოვშენდით მტრის ჯინაზე!"

ვენაცვალე ჩემს გლეხს!

ვიცი, უსამართლობაა, მაგრამ ქართველი რომ იტყვის, - ისე გაჭირდა ცხოვრება, აქედან უნდა წავიდე და მოვისვენოო, მისი დანახვაც აღარ მინდა. თუმცა მერე კი ვუჯავრდები თავს, - ვინ ხარ და რისი შემძლე ხარ, რომ ადამიანს აძალებ, - ერთი სიცოცხლე გაქვს და ისიც სიმწრით გალიეო. მაგრამ იმის შემძლე ხომ ნამდვილად ვარ - ჩემს გლეხს ვუნთო სანთელი. იმ გლეხს, რომელსაც უჭირს, მაგრამ ქვეყანა ზურგზე ჰყავს წამოკიდებული და მუხლჩაუხრელად უვლის.

ამას წინათ ბოლნისში, ომში შვილდაღუპულმა დისველელმა გლეხმა, ჯემალ შაინიძემ შვილის წლისთავის დღეს ჯერ ის მითხრა, ჩემი შვილის სახელზე მთავრობას სოფლის გზა შევაკეთებინეო და მერე დაამატა ყრუდ, - ვერც ოჯახში ვიტყვი და ვერც წლისთავზე მოსულ ხალხს დავზაფრავ, მაგრამ სოფელში რომ მიგიყვანთ, თბილისში ჩუმად უნდა გავიპარო, - დღეს ჩემს შუათანა ბიჭს ამ ორ თვეში მეშვიდე ოპერაციას უკეთებენო... როგორი ამბავია! კაცს სამი შვილი ჰყავდა ომში, ერთის წლისთავი ჰქონდა, მეორის სიცოცხლე, ისიც ომის ჭრილობისგან, სასწორზე ედო და მაინც სოფელზე ფიქრობდა! გაქვავებული სახეც მაშინ მოურბილდა, როცა შორიდან კლდეებსა და ხრიოკ ველებს შორის ამოიწვერა მისი სოფელი, დისველი, - შეხედეთ, ოცი წლის წინ აქ რომ ჩაგვასახლეს, მარტო უდაბნო და ძეძვნარი დაგვხვდა, ახლა ხომ ხედავთ, როგორიაო. ვხედავდი და თავს დავდებ, თუ ქართველმა კაცმა გულის გასამაგრებლად უკეთესი რამ ნახოს - რაც უფრო ვუახლოვდებოდით სოფელს, მით მეტად იტაცებდა თვალს ხრიოკ ველებზე გადაჭიმული მოლივლივე სიმინდისა და პურის ყანები. რაღაც დამემართა, - დიდი ხნის ნახეტიალები ქართველი რომ დაბრუნდება სამშობლოში, ისე მომინდა ამ მიწის კოცნა. მე როგორ საქართველოზეც ვოცნებობ, ისე იყო აბიბინებული იქაურობა.

მერე ჩავუარეთ სიმინდის ყანებს, ტრიალ მინდორში ახალაშენებულ ანდრია პირველწოდებულის ეკლესიას და ბავშვების ყიჟინით სავსე ვაზისხეივნიან ეზოებს. რა გულს უნდა მოეთმინა, რომელიმე ჭიშკარი არ შემეღო და... ბავშვებით იყო იქაურობა სავსე. ასე იყო მეორეშიც,, მესამეშიც...  აკი, ქართველები იმიტომ ვერ ვაჩენთ შვილებს, პირობები არ გვაქვსო!.. სხვა ყოფილა მიზეზი, თორემ აპარტამენტები დისველელებსაც არ უდგათ, - კაცი არ არის, ვისაც ბოლომდე ჰქონდეს გაწყობილი სახლი.

ბულბული შაინიძე: - ხულოდან მოვდივართ, იქ ისეთი ლამაზი სოფელი გვქონდა, კაცი რომ ინატრებს, ნეტა, აქ დამასახლა და მერე მომკლაო. ჭოროხს აქეთ და იქით მწვანე შრიალობდა. ერთ დღეს მოგვესპო ყველაფერი... მეწყერი დაწვა და ერთად მიიტანა გაღმა-გამოღმა მთები... 57 სულიდან 25 ჩაიხვია მიწამ. ორი თვე ეძებდნენ მკვდრებს და მაინც სამი დაგვრჩა უსაფლავო... მერე ყველანი ავტობუსებში ჩაგვსვეს და წამოგვიყვანეს. აგვისტოში მაინც არ მოვსულიყავით... დამწვარ-დაშაშრული იყო ყველაფერი. არ ჩამოვდიოდით ავტობუსებიდან, ვტიროდით. მაგრამ თითო ბარი და თოხი ყველას გვქონდა წამომძღვანიებული და გამოვიტანეთ. ძეძვი ავჭერით. მერე ძროხა მოვიყვანეთ, მერე ძაღლი და კატა. ბოსტანიც დავთესეთ...

- უწყლოდ?

ნათელა შაინიძე: - ასე გამოგვივიდა. ომიანობა დაგვერთო. თურმე ყველაფერი უბედურება იცის ომმა, წვიმასაც დაგვაღირსა. თუ გვეღირსებოდა და მოვიდოდა, თხრილებიდან ვედროებით ვიღებდით წვიმის წყალს, ბოჭკებში ვინახავდით ბოსტნის მოსარწყავად. აჭარიდან რომ ლობიოს და კარტოფილის თესლი წამოვიღეთ, მაინც დავთესე, კახეთიდან, მესხეთიდანაც ჩამოვიტანეთ ვენახის ნერგები. შარშან წყალიც შემოგვიყვანა მთავრობამ. კაკალს მივეტანეთ დასარგავად - ჩრდილია და სიმდიდრე, რა ჯობია! ძველი ხალხისგან კი გამიგონია, - კაკლის დარგვა სახლთან ახლოს არ შეიძლება, მეხი იცისო, ჩვენ არ ვერიდებით. 94 წლის ბებია გვყავს აჭარიდან სტუმრად, გაგვიჯავრდა, - ეს რა სახლთან ახლოს მოგიჩოჩებიათ კაკალიო.

...ხულოდან ბოლნისამდე 94 წლის ქალმა როგორ იარა-მეთქი, გამიკვირდა, მაგრამ გულიშე ბერიძეს რომ შევხედე, მივხვდი, არ უნდა გამკვირვებოდა, -  ქორივით გადაჰყურებდა შვილის კარ-მიდამოს - რა აკლიათ და რა უნდა გააკეთონო. სურათი უნდა გადაგიღოთ-მეთქი და ისე შეიფერა, თითქოს ფოტოს ყოველდღე უღებდნენ.

- საკვირველი ხალხი ხართ... ასე წვალობთ და ერთს არ იტყვით, გვიჭირს და  მოგვხედეთო...

- თქვი, რამდენიც გინდა! მოიცლის ვინმე? ჩვენი პაპები და იმის პაპები თურქობაში ცხოვრობდნენ. ბევრიც რომ ეძახათ, გვიშველეო, ვინ მიხედავდა! მიწამ მიხედა, იმან მისცა ლუკმა. ასე მოვშენდით მტრის ჯინაზე! ...მითხრა ნათელა აბაშიძემ და ფიწალი ლობიოს ზვინს დასცხო. შუადღისას მუშაობდა, მაგრამ კაკლის ტოტები უჩრდილებდა. ერთიმეორის მიყოლებით ჩაუმწკრივებია კაკლის ხეები თითქმის უდაბნოში სოფელს.

დანარჩენი ჯამბულ შაინიძემ თქვა სასაფლაოზე, როცა სოფლის პირველი გმირი, ასლან შაინიძე მოიხსენია: - ერთი დავკარგეთ და აბა, დაითვალეთ, სოფელში რამდენი ბოკვერი გვეზრდება მტრის გულის გასახეთქადო. სათქმელიც ჰქონდა - 75-კომლიან სოფელს ომში 14 ვაჟკაცი ჰყავდა გაგზავნილი. სათქმელი ბატონი ჯემალის უმცროსმა ვაჟმა, რუსლანმაც თქვა, როცა ვკითხე, - რაც შენს ძმებს გადახდათ, იმის შემდეგ ისევ ჯარში აპირებ სამსახურს-მეთქი? მიპასუხა, - სისხლს აღება უნდაო...

...გაჭირვებას ბევრი ვერ გაუძლებს და წავა... მაგრამ ისევ ჩემს გლეხს ვენაცვალე, წასულის ტვირთსაც რომ ზიდავს, მოსულისაც, აწმყოსაც და მომავლისაც. მისი იმედით იყო, არის და იქნება კიდეც საქართველო!