"მაი მთავრობის ხალხი უნდა გამოხვეტო 3-ლარიანი ცოცხით იქიდან" - კვირის პალიტრა

"მაი მთავრობის ხალხი უნდა გამოხვეტო 3-ლარიანი ცოცხით იქიდან"

ბოლო დროს ხელისუფლება სოფლის პროგრამაზე ხშირად ლაპარაკობს, მაგრამ ქართულ სოფლებს დიდად არაფერი ეშველა. რა ხდება სოფელში დღეს? როგორ ცხოვრობენ გლეხები? ჩვენ ლანჩხუთის რამდენიმე სოფლის ცხოვრებით დავინტერესდით.

"მაგათ რომ აქვთ დიდი ღიპები, მეც მაქ კუჭი"

შუხუთი ლელობურთით არის განთქმული, სახელი "გატრაქტორებული" საქმითაც გაითქვა - საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა მიხეილ სააკაშვილს არ მისცა და მეორე დღესვე სოფელს პრეზიდენტის ნაჩუქარი ტრაქტორი წაართვეს.

ფირუზ ქიქავა ბათუმიდან სოფელში საცხოვრებლად ორი წლის წინ გადმოვიდა. "400 ლარი დამიჯდა ყანის დათესვა-დამუშავება. იქნებ ამ ღირებულების მოსავალი ვერც მივიღო. რითი უნდა იცხოვროს კაცმა სოფელში? გაწვიმდება - შუქი არა გვაქვს, ქარი ამოვარდება - ელექტროხაზები წყდება და ისევ ბნელში ვსხედვართ. ღორები გვყავდა და დაგვეხოცა. აგერ, 100 წლის ბებია მყავს სახლში. ჩოლობარგში, რკინიგზის სადგურთან პატარა ქოხში ცხოვრობდა და ისიც დაენგრა. დახმარება ეძლეოდა. რომ წამოვიყვანე, იფიქრეს, პატრონი გამოუჩნდაო და დახმარებაც მოუხსნეს".

ნატაშა ბებიას ჩვენი მისვლა ძალიან გაუხარდა. "კომუნისტების დროს ბრიგადირად ვმუშაობდი. ერთი წუთი მოცლა არ მქონდა. დილაუთენია კოლექტივში ვიყავი. ვერავინ ვერ დეიგვიანებდა, ახლა რომაა, ასე კი არ იყო მაშინ. დისციპლინა და დისციპლინა! აგი მთავრობა თითქოს, გლახა არაა. ისე, გლახა არც სტალინი და არც ჩვენი ბიჭი ედუარდი არ იყო, სააკაშვილი ვინცაა, ვიცი მარა... ვინ გაძლებს ახლა 100 წელიწადს მის ხელში? მოხუცი არავის უნდა. უთხარი მაგ მთავრობას, მაგათ რომ აქვთ დიდი ღიპები, მეც მაქ კუჭი", - დაგვაბარა ხელისუფლებასთან ნატაშა ბებიამ.

ალეკო კუკულაძე: "ზემო ჩიბათში დაწყებითი კლასის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. 10-15 წელია ჩვენი ხარჯით, ჩვენი ენთუზიაზმით ვაკეთებთ ყველაფერს. რაიონი ერთი თეთრის გამღები არაა. ნაძვი მოვჭერით მშობლებმა და შენობა იმით გადავხურეთ. 20 მშობლის ხელმოწერით განცხადება რაიონის გამგეობაში შევიტანეთ, სკოლის გადახურვაც ვითხოვეთ, მაგრამ პასუხი არ გვაღირსეს. არჩევნების დროს 50 ცალ შიფერს დაგვპირდნენ, მაგრამ რად გინდა, დანაპირები არ შესრულდა".

გიორგი ჩახვაძე, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი: "ჯერ კიდევ 2006 წელს განვაცხადე, ზემო ჩიბათის დაწყებითი სკოლა უმძიმეს მდგომარეობაშია, რასაც ტრაგედია შეიძლება მოჰყვეს-მეთქი. მას შემდეგ წლები გავიდა და არანაირი რეაგირება არ ჩანს".

"მაი ჩვენი რაიონის მთავრობის ხალხი უნდა გამოხვეტო 3-ლარიანი ცოცხებით იქიდან, 5-ლარიან ცოცხებს რომ ყიდულობენ ჩვენი ფულით... გაზეთში მაინც არ წერდნენ ამას, კითხვა არ ვიცით, გონიენ?!", - სოფლის თავკაცების თანდასწრებით დაგვაბარა ზემო ჩიბათის სკოლის ეზოსთან მოსულმა ქალბატონმა.

თომა ჩალაძე, გურია