"აქ რომ მთებია, ასეთი არსად მინახავს..." - კვირის პალიტრა

"აქ რომ მთებია, ასეთი არსად მინახავს..."

თავისი ქართულით ისე გაგვაკვირვა, ლამის ეჭვი შეგვეპარა მის ესპანელობაში...

"ძმადგაფიცვა ადრე იყო, ეგ წესი მოკვდა უკვე. წაწლობაც მოკვდა..."

გზა შატილისკენ

"შატილის ასულო" ხშირად გვიმღერია, მაგრამ შატილის მოქუფრულ მთებსა და კლდეებზე აკინძული ციხე-კოშკები მხოლოდ ფოტო და ვიდეოკადრებით თუ გვენახა... პირაქითა ხევსურეთი ხომ ასე ადვილად მისაწვდომი არ არის, მით უფრო, რომ შატილს გარე სამყაროსთან მდინარე არღუნის ხეობაში გამავალი ერთადერთი ვიწრო გზა აკავშირებს, რომელიც ხშირად ყინვის ან წვიმის გამო ჩაკეტილია... აგვისტოს ერთ მოღრუბლულ დღეს მეგობრებმა ბარგი შევკარით და შატილის გზას დავადექით. დათვიჯვრის უღელტეხილი, კავკასიონის ჩრდილო ფერდობები და აი, ისიც! ნისლში გახვეული ჭინჭარაულების ცნობილი საგვარეულო ციხე-კოშკები თითქოს დაბღვერილ ცაზე გამოკიდულიყო და საოცარ ზღაპარს გვიყვებოდა... იქვე დავბანაკდით და კოცონი ავაბრიალეთ.

შატილში სანახავს რა გამოლევს: VII საუკუნეში აქ ერთ ციცაბო კლდეზე აუგიათ ქაჩუს ციხე, აქვე აფარებდნენ თურმე თავს მტრის შემოსევისას შატილელები. თამარის მეფობის დროს კი ჭინჭარაულებს უკვე ციხე-კოშკები აუგიათ შატილში...

შატილი მგონი, აქ ერთადერთი სოფელია, რომელიც ხალხის სიმცირეს არ უჩივის. აი, მუცოს რომ გავუსწორდით, მხოლოდ ორიოდე მოსახლე შევნიშნეთ. ერთ-ერთს სახლი სულ ახლახან მიუტოვებია...

არდოტი და ხევისბერი

არდოტში სამიოდე ოჯახია. დილით ჩვენს ბანაკს 70 წლის იმედა-ჯამრულ არდოტელი მოადგა - მას არჭილოს, არდაქის, ხონიჭალის, ხონეს, არდოტისა და ხახაბოს ხევისბერობა ევალება.

- 19 წლიდან ხატს ვმსახურებ. არც ცოლი მომიყვანია, არც შვილი მყავს. ბერი ვარ, ასე ისურვა ანგელოზმა. მევალება, ხალხი დავლოცო, - გვეუბნება ხევისბერი.

არდოტელთა საგვარეულო ციხეს ვესტუმრეთ. აქ პოეტ ნიკო არდოტელის ოჯახი სახლობს. პოეტი ღირსეული წინაპრის, მურღვა არდოტელის სტრიქონებს იხსენებს:

შენაც ბარისკენ გიკაზმვენ

დღეები ლურჯას,სუყველამ დასთმეთ ფხოვეთის კარი, მე კი, მე მაინც არ ვტოვებ არდოტს,  მე, ჩემი სატრფო - რიჟრაჟის ქარი.

ხახაბო

ხახაბომდე შვიდიოდე კილომეტრია, ახალ ხახაბოში ერთი ოჯახი სახლობს. მარუსა ბებო ჩვენმა გამოჩენამ გაახარა და ცოტა ხნით შვილის დარდი გადაავიწყა. მარუსა მეწელაურის შვილს კაცი შემოჰკვდომია და სასჯელს იხდის. მთას თავისი წესები აქვს, არც სისხლის აღებას ერიდებიან, ამიტომ მის მეორე შვილს დაღუპულის ოჯახი ემტერება. მინდიკაურზე გათხოვილი მარუსა თავს იწყევლის, - ჩემ შვილს დედისერთა შემოაკვდა, მერჩივნა ჩემი შვილი მამკვდარიყო, ერთ ვაჟ მაინც დამრჩებოდაო...

ძველი ხახაბოსკენ ფერდობზე გაკლაკნილ საცალფეხო ბილიკს მივუყვებით. მალე ციხე-კოშკებიც გამოჩნდა. 1993 წელს აქ დიდი უბედურება დატრიალებულა. მამიაურების სახლს ზვავი დასცემია და დედა ორი შვილით თან ჩაუტანია. დარჩენილა ორი ძმა ობლად. ახლა მათი საქმე საქონლის მოვლაა... ძველ ხახაბოს თალაის ციხე გადმოჰყურებს. ციხეზე ქართული დროშა ფრიალებს, შესასვლელში კი ძმებს მონადირებული მელა დაუკიდიათ. წამოსვლისას მარუსა ბებომ თავისი ხელით ნაქსოვი ხევსურული პაჭიჭები გამოგვატანა. ის ღამეც არდოტის ციხის ძირში, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ გავათენეთ.

იოჰანის ესპანელი

ხახაბოდან არდოტში ვბრუნდებოდით. ჩვენი მეგზური, პოეტი მინდია გოგოჭური (იგი თავს იოჰან ხევსურს უწოდებს) გზად კომბლიან, წვერმოშვებულ კაცს გადააწყდა. უცხომ ისე ომახიანად დასჭექა "გაუმარჯოს", რომ ხევსური გვეგონა და გარს შემოვეხვიეთ. ის კი... ესპანელი ტურისტი ალფრედო პერეზი აღმოჩნდა. მუცოს ძიებაში კვალი არევია და მთელი დღე მარტოს უვლია. ალფრედოს "იოჰანის ესპანელი" შევარქვით და თან გავიყოლეთ. მოგვიანებით, თავისი ქართულით ისე გაგვაკვირვა, ლამის ეჭვი შეგვეპარა მის ესპანელობაში...

უცხოელს მოგზაურობის ამბავი გამოვკითხეთ:

- თქვენს მიწაზე თურქეთიდან გადმოვედი. სიმართლე გითხრათ, საქართველოს შესახებ მხოლოდ შარშან, რუსეთთან ომის შემდეგ შევიტყვე. მომწონს თქვენი სამშობლოს სახელი - "ჯორჯია", ლამაზად ჟღერს...

- რა მოგეწონა საქართველოში?

- პირველ რიგში, თბილისი! მერე ხალხი და ბუნება. კეთილი, გულღია და სტუმართმოყვარე ერი ხართ, ეს კი ბევრგან არ შემხვედრია. ცდილობთ, ყურადღება არ მოაკლოთ სტუმარს. მე მოვიარე აჭარა, სვანეთი... ვიყავი ქუთაისში, გორში, ლაგოდეხში, სიღნაღში... დავესწარი ზეიმს თუშეთში. აქ რომ მთებია, ასეთი არსად მინახავს!..

ესპანელ ტურისტს მალე დავუმეგობრდით. ახალ სიტყვებს ვასწავლიდით, ის კი უბის წიგნაკში გულმოდგინედ იწერდა. შატილში ალფრედო "კვირის პალიტრით" დაინტერესდა და ცდილობდა, ნაცნობი ასოები ამოეკითხა. არ დავაყოვნეთ და შემოჩვეულ კავკასიურ ნაგაზთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადავუღეთ.

შატილელები

ბოლო დღე შატილელებს დავუთმეთ. მათაც თავიანთი გულისტკივილი გაგვიზიარეს:

ზვიად ჭინჭარაული: - ჰესი, ვერტმფრენი, ჯებირი, ხიდის აღდგენა გვესაჭიროება. პროდუქტს თბილისიდან ვეზიდებით. ერთი მანქანის ქირაობა 800 ლარი გვიჯდება. თუ საქონელს გავყიდით, ზოგ რამეს ვაქუჩებთ ზამთრისთვის...

თამარ ჭინჭარაული: - სექტემბერ-ოქტომბერში თუ არ დაიმარაგე სურსათი, მერე გზები იკეტება. ნოემბერში უკვე ყინვებია...

- ზამთარში რამდენი მოსახლე რჩება შატილში?

ზვიადი: - უმეტესობა ქალაქს მიდის. 4-5 ოჯახი ვართ, მესაქონლე ხალხი. სკოლა კი გვაქვს, აი, არდოტში კი ბავშვები აღარ არიან და იქ სკოლა დახურეს. არც ტელევიზიაა, არც პრესა, არც დენი, არც ტელეფონი.

- ზაფხულობით ბევრი ტურისტი ამოდის?

ზვიადი: - შარშან უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე წელს. ხმა დაარხიეს, საქართველო საშიში ქვეყანაა და ნუ ჩახვალთო.

- კოშკებს ტურისტებზე არ აქირავებთ?

თამარი: - ბაბუაჩემი და ზვიადის მამა ძმები იყნენ, კოშკი ბაბუაჩემს შეხვდა, მერე კი მამაჩემს ერგო. ახლა ჩვენია ეგ კოშკი, მაგრამ საშუალება არა გვაქვს, რომ გადავხუროთ. ზოგმა მოახერხა და 20 ლარად აქირავებს საწოლს. ზოგ ტურისტს ჰგონია, აქ რამეს იყიდიან და ჩამოდიან ცარიელები, მერე კი მშივრები რჩებიან. გასაყიდი პურიც  კი არ ცხვება ჩვენთან...

- რუსები ახლოს არიან?

- ორ კილომეტრში! შარშან ომი რომ იყო, ჩვენს თავზე რუსები დაფრინავდნენ. ჩეჩნეთ-რუსეთის ომის დროს ჩეჩნები გადმოდიოდნენ, ახლა რუსი დგას, აღარავის უშვებენ.

ჯურხა ჭინჭარაული (მესაზღვრე): - 90-იან წლებამდე პირაქეთა ხევსურეთში 70 კომლი ცხოვრობდა. ავტობუსი კვირაში სამჯერ დადიოდა, "ვილისის" ტაქსებიც იყო, თვეში ოთხჯერ ვერტმფრენი დაფრინავდა. ახლა? ხალხი მესაზღვრეებზეა ჩამოკიდებული. როტაციის დროს ქალაქს მოგვყვებიან, მაგრამ ხშირად ბევრი ვერ მიგვყავს...

ხევსურული წესები

მთაში შემორჩენილი ადათ-წესების შესახებ შატილის უხუცესს, 77 წლის კობა ჭინჭარაულს ვესაუბრეთ, რომელსაც შვიდი შვილი (ერთი გარდაცვლილი) და 11 შვილიშვილი ჰყავს.

- ვეღარაფერს გაიგებ, ქალაქის ყაიდაზე წავიდა ყველა. ადრე ქალები სახლის გარეთ, ბოსელში აჩენდნენ შვილებს. წესისამებრ, ვერავინ მიეხმარებოდა, ხშირად იღუპებოდნენ მშობიარე ქალები, ახალშობილებიც...

- ფიცვერცხლნაჭამობის წესი თუ შემორჩა?

- ძმადგაფიცვა ადრე იყო: ჯამში ფხეკდნენ ვერცხლს, სასმელს ურევდნენ და ძმობას ან დაძმობას ეფიცებოდნენ. ეგ წესი მოკვდა უკვე. წაწლობაც მოკვდა...

- ლუდს ხარშავდით და ჯიხვზე ნადირობდით?

- აღარც მახსოვს, რამდენი ჯიხვი მომიკლავს. ლუდს მამაჩემი ხარშავდა საქვაბეში ოჯახისთვის, ხატისთვის. აგე იქ, ფერდობზე მამულები გვქონდა ხორბლისა.

- დღესასწაულებიდან რა შემორჩა?

- დღესასწაულები კი არის შემომრჩალი, ხატობები. ვერცხლის თასებია შეწირული ხატზე, განძს ვეძახით. იმის შემნახველად კაცი იყო გამოყოფილი, დასტური. ის ხარშავდა ლუდს და ერთი წლით ემსახურებოდა ხატს. მერე  შეიცვლებოდა და ახლა სხვა დასტური დამალავდა საიდუმლოდ განძს. განძის მომპარავს უბედურება არ ასცდებოდა.

გული შატილს დაგვრჩა

შატილის მიტოვება გაგვიძნელდა. ქალაქს გამოვწიეთ, მაგრამ გული შატილს დაგვრჩა. არ ვიცი, სად ამოვიკითხე ეს სტრიქონები, ახლა რომ თან მომდევს: "აქ ყველგან საქართველო იყო და მისი რუკა გულზე მეხატა...".