მკერდში დაჭრილი კოშკი... - კვირის პალიტრა

მკერდში დაჭრილი კოშკი...

თუშეთის კულტურის ძეგლებს ნგრევა ემუქრება. ღვთის ანაბარად მიტოვებული კოშკები წლების განმავლობაში მოუვლელობის გამო იბზარება და მერე უცებ გადაეშვება ხოლმე უფსკრულში. ასეთ, წელში გაწყვეტილი ციხეების ნაშთებს, ბევრს წააწყდებით თუშეთში.

კვავლოს კოშკი ამ ზამთარს ვეღარ გადაიტანს, წარსული თავზე გვენგრევა...

ნიკა ვაჩეიშვილი: "სანამ კოშკს კიდევ ერთხელ არ ვნახავ, დასკვნას ვერ გავაკეთებ"(!)

რეგიონის პირიქითად წოდებულ ნაწილში, ერთ-ერთი მთის ქედზე, ორი სოფელია. ქედის ძირში ტურისტებისგან საოცრებად აღიარებული სოფელი დართლოა, მთის წვერიდან კი არწივივით ზვერავს სანახებს ულამაზესი კვავლო. კარგა ხანია სოფელი თითქმის უკაცური გახდა. ზამთარში აქ ერთადერთ მოხუცს თუ ნახავთ. დათიკო თუნაურიძეს ჯანი ძველებურად აღარ ერჩის, მაგრამ მთის მკაცრ ზამთართან ჭიდილს არ იშლის, - ვაითუ, ერთადერთი გადარჩენილი კოშკი ჩამოიქცეს და დამტირებელი ხომ უნდა ჰყავდესო.

KvirisPalitra.Geზაფხულობითაც აღარ იკლავენ თავს კვავლოელები ბარიდან მთაში ამოსვლაზე. ამიტომაც აქაურობა ახლა ერთ დიდ სახლს ჰგავს, რომლის ყველა ფანჯარა და კარი ღიაა და პატრონის მოლოდინში მოთარეშე ქარისგან გულსაკლავად ჭრიალებს. დავდივარ ძველისძველი სოფლის ოსტატურად დაგეგმარებულ ეზოებსა და შუკებში და სევდა მიპყრობს, რამდენი ერი ინატრებდა ასეთ საგანძურს, ჩვენ კი გვაქვს და ვერ ვუვლით. სოფლის ყველაზე დაბალ ნაწილში იმედის სხივს ვაწყდები. ძველისძველ სახლს ხელის შევლება და სიცოცხლის კვალი ეტყობა. სახლი რეინჯერი ძმების, მამუკა და იასონ გაწირიძეებისაა. მამა-პაპის დანატოვარი დასატოვებლად არ ემეტებათ და თითქმის მთელ ზაფხულს აქ ფუსფუსებენო, მიამბობს მეგზური. როდესაც მთებში თოვლი ჩამოწვება, ტყისმცველებს ბარში უწევთ ჩაბარგება და აქაურობა ზამთრის ტყვეობაში რჩება. დაზიანებულ სახურავებსა და კედლებში ჩაწოლილი თოვლი და ყინვა აფუჭებს უპატრონოდ მიტოვებულ საუკუნოვან ნაგებობებს.

მამუკასა და იასონის სახლი პირდაპირ გაჰყურებს ერთადერთ, დღემდე შემორჩენილ, ძველისძველ კოშკს, რომელსაც მტერთან შებმული თუში მეომარივით გახლეჩია მკერდი.

თუ ციხე ჩაიქცა, სოფელი სამარეს დაემსგავსება, კოშკი კი უძველეს ისტორიას თან წაიღებს. როგორც ამბობენ, მისი სახელი თუშების ერთ-ერთ გმირს, გიორგი თილიძეს უკავშირდება. გიორგი მთელ კავკასიაში განთქმული ბრძენი მეომარი ყოფილა. "ასეთი ადამიანები მეომარი ბერებივით ცხოვრობდნენ. თავიანთ მოვალეობად მიაჩნდათ საზღვრების, ტერიტორიებისა და ხალხის დაცვა", - ამბობს თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი ნუგზარ იდოიძე. მისივე განმარტებით, თილიძეების კოშკი,  თუშეთის კოშკების უმრავლესობის მსგავსად,  XVII საუკუნეზე ადრინდელი არ უნდა იყოს: "ეს სათოფურებზე ეტყობა. ეს ელემენტი განსხვავდება მშვილდ-ისრის სასროლი სარკმლისგან. თუშეთში XVII საუკუნეში შემოვიდა თოფი. შეუძლებელია, მხოლოდ სარკმლები გადაეკეთებინათ, მაშინ კოშკი მთლიანად უნდა დაეშალათ. მთიელისთვის კი ამ ერთი დეტალისთვის კოშკის დანგრევა წარმოუდგენელი იყო, რადგან ციხის აშენება საკმაოდ ძნელი  ყოფილა".

კოშკზე ბზარი დიდი ხნის წინ გაჩენილა. უყურადღებობის გამო, ბუნებრივია, მისი დანგრევის საფრთხე გაიზარდა. თუშები ამბობენ, ორიოდე წლის წინ მაშინდელმა მინისტრმა, ნიკა ვაჩეიშვილმა დაათვალიერა აქაურობა და სოფლისა და კოშკის აღდგენა მოინდომა. თუშები ეჭვობენ, რომ არც სარეაბილიტაციო პროექტი გაკეთებულა და არც დამფინანსებელი უძებნიათ გულიანად.

"კვირის პალიტრა" დაუკავშირდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ნიკა ვაჩეიშვილს:

- თუშეთი უმდიდრესი რეგიონია. მისი კომპლექსური ძეგლები საქართველოს კულტურული საგანძურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ამიტომაც, როდესაც ამ ძეგლების აღდგენაზე ვლაპარაკობთ, არ შეიძლება ერთ-ორ კოშკზე დავიყვანოთ საქმე. არ არის გამორიცხული, როგორც წელს სვანეთში, თუშეთშიც მივხედოთ იმ კოშკებს, რომლებიც გაქრობის პირას არიან. უკვე გაკეთებულია თუშეთის რამდენიმე სოფლის სრული სარეაბილიტაციო პროექტი. 2010 წელს ამ სოფლების რეაბილიტაცია დაიწყება. რაც შეეხება დამფინანსებელს, ასეთი სქემით ვმოქმედებთ: პროექტებს სახელმწიფოს ან ბიზნესმენებს წარვუდგენთ, შემდეგ მსურველი გაიღებს თანხას, რესტავრატორები კი საქმეს შეუდგებიან. ამ საკითხებზე ვმუშაობთ...

- როგორ ფიქრობთ, კვავლოს კოშკი არ ითხოვს გადაუდებელ დახმარებას?

- თუ რამე გამოგვეპარა, შეუმჩნეველი დაგვრჩა ან დანგრევის საფრთხე დაემუქრება, მაშინ რაღაცას მოვიფიქრებთ. სანამ კოშკს კიდევ ერთხელ არ ვნახავ, დასკვნას ვერ გავაკეთებ.

p. s. თუშები ეჭვობენ, რომ თუ ხელისუფლება გასამაგრებელი სამUუშაოებისთვის ფულს ვერ მოიძიებს(?!), კვავლოს კოშკი ამ ზამთარს ვეღარ გადაიტანს. დასანანია, როდესაც ერთმანეთის ხელებში შემყურეთ წარსული თავზე გვენგრევა. ყველამ რომ მოვინდომოთ და წინაპრებისგან გადმოცემული სიმდიდრის გადასარჩენად დროულად და შეძლებისდაგვარად გავიღოთ წვლილი, საეჭვოა საქმე იქამდე მივიდეს, რაც კვავლოს მკერდში დაჭრილ კოშკს სჭირს ახლა.