მიწაში დამარხული "ბარუნიკი" და ცეცხლს მიცემული ნიკალას შედევრები
"რო დეემარხნათ, იმის საფლავზე ტკბილი ბროწეული დეერგნათ. იმ ბროწეულის ქვეშ არის ფეფეს საფლავი"

"მთავრობა არ მოსწონდა ნიკალას. იმიტომაც დააწვევინეს ბებიაჩემს მაგის სურათები"


სწორ გზაზე სანამ ვიყავით, რა გვიჭირდა, გარედან შემოსული ხვატისა და ტრანსპორტში კონდიციონერის არარსებობის მიუხედავად, მაინც ერქვა, რომ ვმგზავრობდით. მაჩხაანისა და მერე მირზაანისკენ მიმავალ გზას რომ დავადექით,  ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ყველანი დიდ კოლბაში ჩავყრილიყავით, რომელსაც გამეტებით ანჯღრევდა ვიღაცა.

ეს იმიტომო, - ნაწყვეტ-ნაწყვეტ მიხსნიდა თანამგზავრი, აბა, დალაპარაკება შეუძლებელი იყო
და, - რომ ეს გზა, ახლა რომ მივრახუნებთ, არავისი არ არისო.
- როგორ-მეთქი, - ვკითხე ძლივძლივობით და ერთი ისეთი ამახტუნა სავარძელზე ოღროჩოღრო ადგილას, ენა მოვიკვნიტე.

- როგორა და ეგრეო! ადრე სახელმწიფო გზა იყო, ნაკრძალთან გადიოდა... მერე ეგ ყველაფერი მოიშალა, გზები რაიონებ დაუნაწილეს, ეს 3 თუ
4 კილომეტრი კიდე ვერ გაუგიათ, ვისია - დედოფლისწყაროსი თუ სიღნაღისა. უხეირო კაცისა არ იყოი, არც ცოლ რო უნდა და აღარც დედაი, ეგრე დაემართა...

- ნაკრძალი სადღაა? - მიმოიხედა ახლა მეორე მგზავრმა - ჩემსავით სტუმარმა.
- ნაკრძალი დავკრძალეთ! - გაიცინა კახელმა და აღარაფერი თქვა, დანარჩენი თვითონ გაიგეთო, ალბათ.
ადგილამდე მივედით და ფეხი რომ ჩამოვდგი, კარგა ხანს მეგონა, მიწა ლაყლაყებდა. ახლა წინ იარეთო, სულ ბოლომდე მიდითო... აი იქ, ბოლოშია ფიროსმანის სახლ-მუზეუმი, რომ გინდოდეს, სხვაგან ვერ გადაუხვევ, გადასახვევიც არაფერიაო...

მივადექით უბრალო რკინის ჭიშკარს, ზედ სულ პატარა წარწერით, შორიდან რომ ვერაფრით წაიკითხავ. ფიროსმანის სახლ-მუზეუმთან მოვსულვართ.
KvirisPalitra.Geრამდენიმე მიტოვებულ, ნახევრად დანგრეულ სახლს მიღმა უკვე ჩანს პატარა, ლამაზაივნიანი სახლი - ფეფესეული. ნიკალამ აუშენა დას, მისი მშობლების ალიზის ქოხის ადგილას. უფრო შორს კი ერთი უშნო შენობაა - ფიროსმანის მუზეუმი. დაცული კი კარგადაა, ექსპოზიციაც საინტერესო აქვს და საგამოფენო დარბაზებიც შესაფერისი, მაგრამ გარედან რომ შეხედავ, ლოდივით გაწვება გულზე.

ფიროსმანაშვილები ცოტანი არიან. ისინიც, ვინც იყვნენ, ზოგი იქით გადასახლდა, ზოგი აქეთ... არ დაედგომებოდათ მირზაანში და იმიტომ. მარტო მაგათ კი არა, არავის დაედგომებოდა, წყალი არ ჰქონდათ და დასალევადაც კი კილომეტრებიდან უნდა მოეტანათ (წყალი დღესაც პრობლემაა სოფლისთვის). ფეფეს ჩამომავლები კარგა ხანს შერჩნენ ამ ადგილს. შრომობდნენ და იყვნენ. მერე მემორიალური მიწიდან არცთუ შორს, სახელმწიფოსაგან გამოყოფილ მიწაზე დასახლდა ფეფეს შვილიშვილი.

სახლი დარჩა სახლ-მუზეუმს. ისე სამუზეუმო რა უნდა ჰქონოდა ნიკალას დას. ქვეშაგებელი ჰქონდა, ღამ-ღამობით ერთიანად დაუფენდა იატაკზე ქმარსა და ათ შვილს, ის არ შენახულა. ან რა შესანახი იქნებოდა, ღარიბული, საკერებლიანი, გაცვეთილი...

საკერებელზე გამახსენდა: სამაგიეროდ, საკერავი მანქანაა ექსპოზიციაში, ეს კი ფეფესეულია ნამდვილად. ნიკალამ უყიდა ქალაქში და ჩამოუტანა: - ხელმოკლედ ხარ, აი, საკერავი მანქანა, დაჯექი და შეუკერე შენს შვილებს სამოსიო. გულით გაიხარებდა ფეფე. კარგადაც გამოიყენებდა. ეტყობა კიდეც გარჯილობა საკერავს. დასადგამი ადგილი ერთადერთი ჰქონდა - ფანჯრის რაფა. აქ მზის შუქზე კერავდა და კერავდა ფეფე პერანგსა და შალვარს, - როგორც აქაური მოხუცები ამბობენ. მერე ერთს კი არა, ათს, ოცს...

თვითონ ნიკალას არაფერი უნდოდა, არც სახლი, არც ეზო-კარი, არც სახნავ-სათესი, არც ფული და არც პატივი. ისიც ჰყოფნიდა, მირზაანში რომ ჩამოვიდოდა, კალოში ჩავარდნილ მზეს შეხედავდა და კალოობას დახატავდა... მერე ფეფეს ძროხის მოწველისას დაუწყებდა ყურებას, რძის დამამშვიდებელ ჩხრიალს მოუსმენდა, თითქოს საიმედოდ რომ ხმაურობდა: ხვალეც დადგება, ხვალაც სიკეთით სავსეს მოიტანს ჯიქანს ჭკვიანი საქონელი და ხვალაც დაგიპურებს წვრილშვილსაო.

და იცით, როგორი სუნი აქვს მირზაანში მიწას? ხმელი ბალახისა და მზის მცხუნვარების, ოდნავ შეპარული საქონლის პატივისა და ოდნავაც - ვენახიდან გამოტანილი წალმისა და მასზე აშუშხუნებული მწვადის, ცოტაც ბროწეულის ყვავილისა...

- ჯერ ერთი, ბროწეულის ყვავილი უსუნოა, - მეუბნება უკვე თბილისში ჩამოსულს ამ წერილის პირველი წამკითხველი, - ქალაქელები გინდა მოატყუო, თუ რა?! მერე მეორე: ამ მშვენიერ წერილში საქონლის პატივი რომ არ ჩაგეწერა, არ იქნებოდა? ხალხი აღარ ყოფილა ბევრი მირზაანში და დარჩენილებისა განა რამდენი იქნებოდა საქონელი, ან კიდევ რა სუნს იგრძნობდი!

მეცინება. ზოგის ყურს მართლა ისე ხვდება "საქონლის პატივი", როგორც ტყვია. პატივი ისაა, ღიპზე ხელს რომ ჩამოისვამ... არადა, საქონლის პატივი რომ არა, არც სოფელი იარსებებდა, ცხადია, არც ქალაქი... და აღარც ხელდასასმელი პატივსაცემი ღიპები.

ნიკალამ იცოდა, რა სუნი ჰქონდა მირზაანის მიწას და ხატავდა თვალსევდიან ძროხას, რომელსაც ფეფე წველიდა...
მირზაანში ფეფეს შვილიშვილი ცხოვრობს-მეთქი, ხომ გითხარით. ისე როგორ წამოვიდოდი, არ მენახა.

KvirisPalitra.Geგამოვიდა, მაღალი, შავგვრემანი... ზუსტად ისეთი სახის ოვალით, ნიკო ფიროსმანაშვილის ფოტოზე რომ არის. როგორ ჰგავს! 84 წლის ზურაბ ბარამაშვილი ნელი, თავისი ასაკის შესაფერისი ნაბიჯებით გვიახლოვდება. ვგავარო? არ ვიციო, მხრებს მაღლა სწევს.

- მე ის ვიცი, რო ნიკალა ჩემზე გაცილებით ზორბა იყო და შავგვრემანი. რითი ვგავარ, ეგ არ ვიცი... იქნება იმითი, რო ღვინო და არაყი ძალიან მიყვარს... სხვა არაფრითა.

- ხატვა თუ გიყვართ?
- მიყვარდა. მერე არ იყო მაგის წუთისოფელი და აღარც დამიხატავს. ვმუშაობდი. მიწასაც ვამუშავებდი, ხელობაც ვიცოდი.

- ბებიის ძმისას - ნიკალასას რას ამბობდნენ თქვენები?
- მამაჩემისთვის თავისი სახელი მაგას დაურქმევია, ნიკო ერქვა. ისიც უთქვამს, ამასა ბიჭი თუ ეყოლება, ზურაბი დაარქვითო. მე იმისი დატოვებული სიტყვით დამარქვეს ზურაბი. მამაჩემსა და დედაჩემს მაგან გადაუხადა დიდი ქორწილი.

- თვითონაც იყო სუფრასთან?
- ქორწილი გადაუხადა და არ იქნებოდა? ხატავდა ხოლმე და ბავშვებს ურიგებდა, ამათ უხაროდათ, სურათი არ ენახათ, რა იყო.

- ფეფესაც ჰქონია ძმის ნახატები.
- ჰქონდა! მერე შიშიანობა იყო, უთხრეს, სუყველას გაგწყვეტამენ, მაგის ნახატები რო გინახონო. გამოიტანა 22 ნახატი სახლის უკან და ხის ძირში დაწვა, საცოდავმა. ზოგი კიდე დამარხა! იმისი ნაქონი ვინტოვკა და ექვსიანი "ბარუნიკი" ("ბრაუნინგი". - ავტ.) მამაჩემს ამეეღო ვენახის პირზე, მოხვნისას ამოჰყოლია სახნისს, მენთეშაშვილს წეეღო მუზეუმში წითელწყაროში ვინტოვკა, "ბარუნიკი" კიდე იმასა ჰქონდა, მერე სად წაიღო, არ ვიცი.

- რას ამბობთ, ნიკალას იარაღი უყვარდა?
- უყვარდა, მა რა!

- რაში იყენებდა, თქვენებს რას ეუბნებოდა?
- იმაი ჩვენებ რას ეტყოდა, რაში იყენებდა! მთავრობა არ მოსწონდა. იმიტომაც დააწვევინეს ბებიაჩემს მაგის სურათები. სხვა რაღა გითხრა... ჩვენსა ეზოში ზედაშეები გვქონდა. ეგ საეკლესიო ქვევრები იყო, იქ ჩასხმული ღვინო ეკლესიისთვინ უნდა მიგვერთვა: ალავერდისა 8-ჩაფიანი, სამებისა 6-ჩაფიანი, ღვთის დედისა - 4-ჩაფიანი და ელიასი კიდე ჩაფიანი. კიდე ფეფეს საფლავი ვიცი, სად არის. იქ ეხლა სასაფლაო აღარც არი, წაშლილია. ადრე ხო ხის ჯვარი ჰქონდათ და ისიც არ შენახულა. რო დეემარხნათ, იმის საფლავზე ტკბილი ბროწეული დეერგნათ, - უყვარდაო საცოდავს. იმ ბროწეულის ქვეშ არის ფეფეს საფლავი.

ესეც ასე! ერთი წუთით თვალი დახუჭე და წარმოიდგინე ნიკალას ნაფერები, შრომაში დაპატარავებული, უქონლობით დაღლილი ფეფე. იმისი საკერებლების დებისაგან ნემსით დაჩხვლეტილი ხელები, იმისი მოზელილი საკუთარი კალოს პური... იმისი ცრემლი, თავსაფრის ბოლოთი რომ მოიწმენდდა ქალაქში წასული ძმის ხსენებისას: ოჯახს არ მოეკიდაო, - გულდათუთქული რომ იტყოდა. მერე იმისი პატარა საფლავი წარმოიდგინე და იმის უნიშნო ზედაპირზე აყვავებული ტკბილი ბროწეული. ახლაც არ აქვს ბროწეულის ყვავილს სუნი და მირზაანის მიწას?

ზურაბა პაპას შვილი გვეპატიჟება, - დარჩითო... დრო არ გვაქვს.
წამოსასვლელ გზაზე დამდგრებს ახლა მუზეუმის თანამშრომელი დათო ნატროშვილი წამოგვეწევა ჩქარი ნაბიჯით. არაო, ეგრე მართლა ვერ გაგიშვებთო... აბა, როგორ შეიძლება მირზაანში ჩამოხვიდეთ და ისე წახვიდეთ, ჩვენი პური არ გატეხოთო. გოგოებიც გელოდებიან, უკვე სუფრა გააწყვეს - ნატურალური, ჩვენი მიწისა, განა ქალაქურიო. ისეა გაჯიუტებული, უარს ვერ ვეტყვით. ალალ სუფრასთან აქაური ხორბლისაგან გამომცხვარი შოთებიც გველოდება. რა კარგია, რომ სადღაც ისევ მოჰყავთ პური!

ყელში რაღაც გიჭერს ცრემლივით:
არსებობს სოფელი მირზაანი, ჯერ უწყლობისაგან განახევრებული, მერე ბოლო რეფორმების გადამკიდე, სკოლის დახურვის გამო შეცოტავებული... დარჩენილი ბავშვები ფეხით დადიან 3 კილომეტრზე მეზობელი სოფლის სკოლაში. აქ არ წუწუნებენ, გლოცავენ და გზას გილოცავენ... აქ ახალგაზრდები თოხზე დადიან - ეს იმას ნიშნავს, რომ ხელმოკლეობის გამო სხვის სახნავ-სათესს ემსახურებიან დღეში 15 ლარად. ისინი არსებობენ და იმათი სახლებიდან ზამთრობით ამოდის ხოლმე კვამლი...

არსებობს ნიკალას სახლ-მუზეუმი ამ სოფელში: სადა, უპრეტენზიო... შარშანდლამდე უშუქოდ და უგაზოდ მოსული, შარშანს მერე მართლაც რომ შეკეთებულიცა და ფეხზე წამომდგარიც... არსებობს აქაური კაციც - ანზორ მაძღარაშვილი, რომელიც იმ წლებიდან დასტრიალებდა თავს ფიროსმანაანთ სახლ-კარს, სხვებს რომ ნაკლებად ახსოვდათ. არც შუქი ჰქონდა, არც სითბო, არც დიდი ხელფასი: ყველაფერს ტოვებდა და ამ კარ-მიდამოს ედგა თავზე...

"მკვდარი კაცის ყარაული ხარო", - შესცინოდნენ თანასოფლელები. ერთმა ისიც უთხრა: აქ ჯდომას - მამაშენის საფლავს მოუარე, ბალახი დაგლიჯე, ხომ ხედავ, არავის ახსოვხარო... ის კი მაინც იჯდა... განა ამაოდ!

ძალიან კარგია, რომ ჯერ კიდევ არსებობს სოფელი მირზაანი და ძალიან მწარეა, რომ შიშით მიხდება ამ ორი სიტყვის ამოთქმა "ჯერ კიდევ"...
ნიკალას ნახატებივით სამარადისოდ იყოს!


აქ დაიბადა ნიკალა...

მირზაანი არის სოფელი ისტორიულ კამბეჩოვანში, ქიზიყში, სადაც ცნობილი მხატვარი ნიკო ფიროსმანი 1862 წელს მოევლინა ქვეყანას. ექვს წლამდე აქვე იზრდებოდა... ყოველ ცისმარე ხედავდა, როგორ შრომობდა დედამისი - თეკლე ტოკლიკიშვილი, უფრო ბუნდოვნად ახსოვდა მამა - ასლან ფიროსმანაშვილი, მისი მუხლჩაუხრელი გარჯა ვენახში თუ პურის ყანაში. სამი შვილი ეყოლა თეკლეს: მარიამი, ფეფე და ნიკო.

1922 წელს შალვა დადიანი გაემგზავრა სოფელ მირზაანში. ამ დროს ფეფეს იმდენი ხნის უნახავი ჰყოლია ნიკო, რომ შალვა დადიანი ლამის ნიკო ჰგონებია! ისიც კი არ იცოდა, რომ მისი ძმა უკვე ოთხი წელია ცოცხალი აღარ იყო...

ტიციან ტაბიძე წერდა: მამის გარდაცვალების შემდეგ თეკლე, ფეფე და 7 წლის ნიკალა წასულან ტფილისში, ასლანის გათხოვილ ქალთან.  ქალაქში ნიკოს უფროსი და მოჰკვდომია და დედაც გარდაცვლილა. ფეფე სოფელში დაბრუნებულა და ნიკო კიდევ შერჩენია ტფილისს.  მისი მშობლები მირზაანში არიან დაკრძალული, თუმცა მათი საფლავები დროთა განმავლობაში წაშლილა.
klodeli
08 აგვისტო 2010 00:31
რა კარგი სტატია იყო,დროში მოგზაურობას ჰგავდა...
თან ძალიან სევდიანი...
gremi
19 ივლისი 2010 16:45
ლელა ჯიყაშვილი
16 ივლისი 2010 20:24
"gremi, მარტია, მიხარია, რომ არსებობთ, თქვენთვის და თქვენნაირებისთვის წერა მუდამ სასურველია. ალბათ არასოდეს დავიღლები თუნდაც არაკომერციული სტატიების წერით, რადგან ვიცი, თქვენ კითხულობთ..."




მადლობა ყურადღებისთვის, გენაცვალე.
კარგი გოგო ხარ.
ვკითხულობ, თანაც დიდი სიხარულით, რადგან ყოველ სიტყვას აზის გულწრფელობის დაღი.
ლელა ჯიყაშვილი
16 ივლისი 2010 20:24
gremi, მარტია, მიხარია, რომ არსებობთ, თქვენთვის და თქვენნაირებისთვის წერა მუდამ სასურველია. ალბათ არასოდეს დავიღლები თუნდაც არაკომერციული სტატიების წერით, რადგან ვიცი, თქვენ კითხულობთ...

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?