გინახავთ სადმე სახლ-მუზეუმში ფეხებმომპალი მაგიდა, საყრდენად აგურები რომ უდგას? - კვირის პალიტრა

გინახავთ სადმე სახლ-მუზეუმში ფეხებმომპალი მაგიდა, საყრდენად აგურები რომ უდგას?

14 ივლისს ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 149 წელი შესრულდება. ერთი წელიც და საქართველო საზეიმოდ აღნიშნავს პოეტის ამქვეყნად მოვლინებიდან საუკუნე-ნახევრის გასვლას. გავრცელებული ინფორმაციით, 2011 ვაჟა-ფშაველას წლად არის გამოცხადებული. მიუხედავად ამისა, საიუბილეო სამზადისს ვერ იგრძნობთ ვაჟას მშობლიურ ჩარგალში. "კვირის პალიტრა" რამდენიმე დღის წინ პოეტის სახლ-მუზეუმს ეწვია.

ჩარგალში გამგზავრებისკენ ერთ-ერთ სოციალურ საიტზე გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ მიბიძგა. ლიტერატორთა ერთი ჯგუფი ჩიოდა, ვაჟას მუზეუმი უმძიმეს მდგომარეობაშია, იქ სტუმრის მიყვანა სამარცხვინოც კი არისო. ამის გადამოწმება ტელეფონით ვცადე პოეტის მემკვიდრეებთან და დამიდასტურეს, მუზეუმიც და სახლიც ცუდ დღეშიაო.

KvirisPalitra.Geნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. დაზიანებული სახურავიდან ჩამოსულ წყალს ჭერზე მშრალი ადგილი აღარ დაუტოვებია. კედლები ნესტისგან ჩამონგრეულა. ძველისძველი საგამოფენო სტენდები კიდევ უფრო უფერული ჩანს ავარიული კედლების გამო.

XX საუკუნის 80-იან წლებში დამონტაჟებული განათების სისტემის მკრთალი შუქი ძლივს ანათებს ფოტოექსპონატებს, ფერწერულ ტილოებსა და ქანდაკებებს, ყველაფერს უბადრუკი ელფერი დაჰკრავს და გგონია, ვაჟა-ფშაველას მუზეუმში კი არა, სადღაც სხვაგან ხარ, სადაც კარგად არ იციან ამ ბუმბერაზი შემოქმედის ფასი.

KvirisPalitra.Geარასახარბიელო მდგომარეობაა პოეტის ძველისძველ სახლშიც. აქ ნივთები საგანგებო ტემპერატურაზე არ ინახება და არც ჰერმეტულად არის დაცული, ამის გამო დრო ყველაფერს ულმობლად ჭამს. ვაჟას პოეზიაში სიკვდილთან ასოცირებულ ჭიას მისი ძველისძველი მაგიდის ფეხები შეუჭამია, დაკოჭლებულისთვის კი ვიღაცას საყრდენად აგური შეუდგამს.

გინახავთ სადმე სახლ-მუზეუმში ფეხებმომპალი მაგიდა, საყრდენად აგურები რომ უდგას? ნირწამხდარი გარეთ გამოვედი და აივნის მოაჯირს მივეყუდე. გადაიწია. მერეღა დავუკვირდი, ისიც სიძველისა და ნესტისგან არის შეჭმული, თუმც ვაჟას დროინდელი არ არის. მოგვიანებით გაუკეთებიათ ძველის ანალოგი.

ეზოში ჯერ კიდევ დგას ვაჟასეული კაკლის, მსხლისა და ვაშლის ხეები. ვაშლსა და მსხალს უკვე დასტყობია სიბერე. დაბერებულიც კი ამაყად დგანან ბებერ, მაგრამ მაინც ცოცხალ ფესვებზე. ეგებ ამ ფესვებმა ერთხელაც შეძლონ ახალი სიცოცხლის ნერგად წამოღება და მერე თუ წავიქცევით, ჯანდაბასო.

უცნაური ხალხი ვართ ქართველები, გვიყვარს კვეხნა ისტორიით, ისტორიული პიროვნებებით, გენიოსებით, რომლებიც ასე უხვად მომადლა ღმერთმა ქართველ ერს. დაგვიჩლუნგდა გრძნობა, რომ რითაც ვიკვეხნით, იმას გავუფრთხილდეთ.

ვიგონებთ ახალ მუზეუმებს, ახალ საგამოფენო დარბაზებს, ვაწყობთ ახალ სანახაობებს და ის, რაც გენიოსის ხელით მოწოდებული გვაქვს, აღარ გვახსოვს.

ალბათ, შესაძლებელია ვაჟას მუზეუმი უახლესი, თანამედროვე სტანდარტების მიხედვით იყოს მოწყობილი, სადაც მუდმივად შევძლებთ მისი შემოქმედების მოსმენას, თვალი კი სანახაობას ვერ მოსწყდება. დღეს კი  რა გვაქვს? ნახევრად ბნელი და მღვიმესავით სველი ოთახები, სადაც ნესტის ლაქები ეტოქებიან გენიოსთა პორტრეტებს, ვაჟას ბიუსტი კი ჩამონგრეულ კედელთან მოწყენილი დგას.

მუზეუმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პოეტის ძმის, ბაჩანას შთამომავალმა ლელა რაზიკაშვილმა მითხრა, რომ საიუბილეოდ იგეგმება მუზეუმის გადახურვაც და განახლებაც. მუზეუმს მწირი ბიუჯეტი აქვს (აქაურები კი ამბობენ, რომ ზაფხულ-შემოდგომის სეზონზე აქ უამრავი ტურისტი მოდის და შემოსავალიც არ უნდა იყოს ურიგო. - ავტ.) და ამიტომაც ვერ ავუდივართ პრობლემებსო (ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი წუხს, ძველებურად აღარა გვაქვს შემოსავალი, თორემ ჩვენი სახსრებითაც ბევრ რამეს მოვაგვარებდითო).

მინდა დავიჯერო, რომ სახელმწიფო ან თუნდაც კერძო პირები მართლა ფიქრობენ ვაჟას ფიზიკური მემკვიდრეობის გადარჩენაზე (ინტელექტუალური მემკვიდრეობა უკვე მსოფლიოს საკუთრებაა), მაგრამ ვეჭვობ, რომ ლელა რაზიკაშვილის პათოსი უსაფუძვლოა.

იქ, სადაც ხელისუფლება რაიმეს აღდგენას და გაძლიერებას იწყებს, ჯერ გზა გაჰყავს და მერე აკეთებს სხვა საქმეს. ჩარგლისკენ  მიმავალს კი გზა არც ეთქმის, - მდინარეებთან ალაგ-ალაგ ნაპრალებად ჩაშლილა. თითქოს ამ მხარეს გამოხედვა არავის უნდა (რაღა თქმა უნდა, ხელისუფლებას ვგულისხმობ, თორემ რიგითი დამთვალიერებელი არ ილევა).

ჟინვალიდან ჩარგლამდე ასფალტი მხოლოდ აქა-იქ შერჩენია ახლა სოფლის შარად ქცეულ საავტომობილო გზას. არც გვახსოვს, აქ ბოლოს როდის დააგეს ასფალტიო, მხრებს იჩეჩენ ჩარგლელები. არც ის იციან, ვაჟაობა როდის იქნება, ადრე 14 ივლისს ვზეიმობდითო. "ის ზეიმიც იმით გამოიხატებოდა, რომ მუზეუმის წინ ერთ მხარეს ფშაური ხინკალი იხარშებოდა, მეორეზე კი სცენაზე ერთმანეთს ხმამაღალი სიტყვის თქმაში ეჯიბრებოდნენ ცნობილი ადამიანები.

იმ სიტყვაგაქაფულთაგან ბევრი არც კი შესულა მუზეუმში, აქაურობისთვის თვალიც არ მოუვლია და ხინკლით დანაყრების შემდეგ წასულა. ეტყობა, ვაჟას ვერ გრძნობდნენ და ამიტომაც იყვნენ ასეთი ზერელენი.

KvirisPalitra.Geვაჟას მუზეუმი ხელოვნების ტაძარს უნდა ჰგავდეს, სადაც საგალობელივით უნდა გესმოდეს მისი ლექსები, უნდა ირინდებოდე ამ პაწია ჩარგლის წალკოტში, რომ ვაჟას სული შეიგრძნო.

დასანანია, რომ ამ ბუმბერაზის სახლი და მუზეუმი ისევე აღარ ახსოვს ხელისუფლებას, როგორც ფშავი. მიტოვებულია ახლა ვაჟაც და მისი მშობლიური კუთხეც. არადა, ფშავმა ქმნა ვაჟა ასეთი. ამიტომაც გაფრთხილება უნდა ორივეს, ეგებ კიდევ შვას გენიოსი ამ საოცარმა მხარემ", - ჩარგლელების ეს სიტყვები სევდიანი ფიქრ-საგზალივით გამომყვა თბილისისკენ. გზად გამახსენდა, როგორ ვზრუნავთ დმანისში აღმოჩენილი უძველესი ადამიანების სახის გაცოცხლებაზე.

შესანიშნავია, ტურისტებს თვალსაჩინო მაგალითს დავახვედრებთ იმის დასტურად, რომ აქ ადამიანთა მოდგმის უძველესი სამკვიდრებელია. მაგრამ ისიც ხომ უნდა გვქონდეს სათქმელი, მერე რას მიაღწია ამ უძველესი ადამიანის მოდგმამ საქართველოში, ინტელექტის განვითარების რომელ საფეხურზე ავიდა, ამის დამადასტურებელი ფაქტებიც ხომ არქეოლოგიაში არა გვაქვს მოსაძებნი? თბილისიდან ჩარგლამდე ხომ რამდენი საამაყო ადგილი გვაქვს:

წიწამური, საგურამო... დავით გურამიშვილი, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა. გავიყვანოთ გზა ჩარგლამდე, სანამ არქეოლოგების საძიებელი გამხდარა უმნიშვნელოვანესი ისტორიის კვალიც.