ნაგვის ბუნკერები ქერისა და სიმინდის ჩასაყრელად მოიპარეს(?!) - კვირის პალიტრა

ნაგვის ბუნკერები ქერისა და სიმინდის ჩასაყრელად მოიპარეს(?!)

შემაწუხებელი სიცხისგან გასარიდებლად ორიოდე დღით მეგობრებთან ერთად მანგლისში წავედი. მეგონა, დავისვენებდი, მაგრამ საინტერესო ამბებისა და პროფესიული ცნობისმოყვარეობის გამო დასვენება არ მეღირსა.

დელისის მეტროსთან დილის 11 საათზე ჩავსხედით როხროხა ავტობუსში და მანგლისში გავემგზავრეთ. თითქმის ორსაათიანი ქანცგამწყვეტი მგზავრობის დროს რამდენჯერმე წამოიჭრა მეტად აქტუალური ნაგვის თემა. ჩემ წინ სავარძელზე მოკალათებულმა წყვილმა რომელიღაც გამაგრილებელი სასმლის ბოთლი გამოცალა და ფანჯრიდან გადასაგდებად მოიქნია. კარგ მოფარიკავესავით ჰაერშივე ვწვდი ბოთლს. რას აკეთებთ, არ გადააგდოთ-მეთქი, სასოწარკვეთილმა ვიკივლე.

გაოცებულმა მგზავრებმა შემომხედეს, ეტყობა, იფიქრეს, რომ ბოთლებს ვაგროვებ, ამიტომაც როგორც კი ჩემ გვერდით მჯდომმა ქალბატონმა ყელი გაიგრილა, ცარიელი ბოთლი ღიმილით გამომიწოდა, გინდაო? მეც თავაზიანი ღიმილით გავაქნიე თავი. პასუხი დამთავრებული არ მქონდა, ბოთლი ფანჯარაში რომ გაფრინდა, ეს რა ქენით-მეთქი, შევიცხადე.

ხომ შემოგთავაზეო, დაიბნა ქალი. ცხადია, იმ ქალთან გარემოს დაბინძურებაზე ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა, ამიტომაც ნირწამხდარი გავჩერდი. ამასობაში მძღოლის უკან ახალგაზრდა ქალმა პამპერსი გამოუცვალა თავის გოგონას, ცელოფანში გაახვია და... ვერ მოვასწარი, თორემ იმასაც დავიჭერდი ჰაერში. ისევ ვიკივლე, ეს რა ქენით-მეთქი? ახლა უკვე ყველამ ერთდროულად შემომხედა კითხვით სავსე თვალებით, საქმე არა გაქვსო?

KvirisPalitra.Geიძულებული გავხდი, მცირე განმარტება გამეკეთებინა იმის თაობაზე, რამდენი ხანი სჭირდება პოლიეთილენის პარკისა და ბოთლის მიწაში გახრწნას და რა ზიანის მოტანა შეუძლია ნიადაგისთვის. მოკლედ, საქმე იქამდე მივიდა, რომ ცარიელი ბოთლები ყველამ ჩემს სკამთან დააწყო. ასე რომ, მანგლისში, ბოლო გაჩერებაზე, "როშჩასთან", გულზე ბოთლებახუტებული ჩავედი და ნაგვის ურნებს დავუწყე ძებნა. რადგან აქ პირველად ვიყავი, ცხადია, არ ვიცოდი, სად რა იყო, ამიტომაც ტაქსის მძღოლებს ვკითხე, ნაგვის ურნები ახლომახლო სად დგას-მეთქი. იმათაც მიმასწავლეს, თუ არ მოუპარავთ, აი, იქ იქნებაო.

ორი უზარმაზარი ლითონის ურნა ფაქტობრივად ცარიელი იყო. გამიკვირდა, ნუთუ აქ ნაგავი არ აქვთ-მეთქი? ისიც გამიკვირდა, რომ ლითონის ურნების გვერდით პატარა, ნარინჯისფერი პლასტმასის სანაგვე ყუთი გადასაგდებად იყო გამზადებული. ყუთს აღარც გორგოლაჭები ჰქონდა და სახურავი და სახელურებიც მოეგლიჯათ. შევეცადე, გამერკვია, ვინ და რატომ იპარავდა ნაგვის ურნებს.

ტაქსის მძღოლები სიცილით მომიყვნენ: პლასტმასის მწვანე გორგოლაჭებიანი ურნები რომ მოიტანეს, რამდენიმე მაშინვე მოიპარეს, სახლში წაიღეს ქერისა და სიმინდის ჩასაყრელადო(!). როგორ, ნაგვის ურნებში ქერი და სიმინდი ჩაყარეს-მეთქი? ჰო, რა დაგემართა, სანამ ნაგავს ჩაყრიდნენ, მანამ მოიპარეს, თორემ დაბინძურებულ ურნაში პროდუქტს ვინ ინახავსო. მეორემ სიცილით დასძინა, - ერთმა ღვინის ჩასხმა მოინდომა, არ გამოუვიდა, იღვრებაო. ამ სიმძიმის აწევა არ გინდა, ამას კი ბორბლები აქვს, სადაც გინდა იქ წაიღებ. თქვენ რა, მეხუმრებით? -  სახეზე აშკარა გაკვირვება გამომეხატა.

"რას ამბობ, ისეთი ტაციაობა იყო მაგ ურნებზე, მთელი დასუფთავების სამსახური კინაღამ შეიშალა. დღისით, მზისით, ურნები ქრებოდა.  განა მალულად მიჰქონდა ვინმეს? აი, ეგრე, მოჰკიდებდნენ ხელს და შეაგორებდნენ ეზოში. მერე პოლიცია ჩაერია, ქურდების უმრავლესობას ნაძარცვი უკან დააბრუნებინეს, მგონი, ჯარიმაც გადაახდევინეს", - მითხრეს ჩემმა მოსაუბრეებმა.

ურნების "ავბედობა" თურმე ამით არ შეწყვეტილა. ქურდობის აკრძალვის შემდეგ გორგოლაჭების მოხსნა დაუწყიათ. "ტაჩკებზე" ბორბლებად გამოგვადგებაო(!). არადა, ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ დამსვენებლები ნაგვის ურნების არარსებობის გამო წუხდნენ, ამის გამო ნაგავი გორებად დგასო.

P.S. წამოსვლისას ნაგვით ამოტენილ პატარა ხევს მივადექი. ნაგვის ურნები აქაც დგას, მაგრამ რად გინდა - ცარიელია, ნაგავი კი ირგვლივ არის დაყრილი. მივხვდი, რატომ იყო "როშჩასთანაც" უზარმაზარი ურნები ცარიელი. როგორც ჩანს, ხალხმა ჯერ კიდევ ვერ ისწავლა, ასეთი ლამაზი გარემო ნაგვით რომ არ უნდა დააბინძუროს. კი მაგრამ, როდემდე?!

ცნობისთვის:

მანგლისი თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ალგეთის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. 1682 წლამდე აქ ინახებოდა იმ ჯვრის ლურსმანი,  რომელზეც, ბიბლიური გადმოცემის თანახმად, მაცხოვარი გააკრეს. მანგლისში მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი, მანგლისის მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი,  რომელიც ქართულ წყაროებში IV საუკუნიდან მოიხსენიება. 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანმა მანგლისი დაარბია და ეს მხარე გაუკაცრიელდა. მანგლისს დედაქალაქიდან მხოლოდ 64 კმ აშორებს. მთისა და წიწვოვანი ტყის ჰავა სამკურნალო მიკროკლიმატს ქმნის და საუკეთესო კურორტად ითვლება.