"არ გიყვართ ქართველებს საქართველო, არა!" - კვირის პალიტრა

"არ გიყვართ ქართველებს საქართველო, არა!"

"კადიროვს შემოუთვლია, თუ ადგილობრივი ხელისუფლება ვერ გპატრონობთ, ჩვენ მოგხედავთო!"

"პანკისის ხეობაში უცხოეთიდან შემოსულ ფულს ვაჰაბიტები ქართველ ჩინოვნიკებს უყოფენ(!)"

20 წელი იქნება, რაც ვფიქრობ, რომ თბილისს იქით საქართველო არ არსებობს. საქართველო თბილისთან არის გაიგივებული და პირიქით, თბილისი - საქართველოსთან. რეგიონები მაშინ ახსენდებათ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, როცა არჩევნები მოადგება კარს. პანკისის ხეობა კი თუ ლავროვმა ან პუტინმა არ გაგვახსენა, აღარ გვახსოვს, ისე ვიქცევით, თითქოს უზარმაზარი ტერიტორიის მფლობელები ვართ და პანკისი არც გვჭირდება.

არადა ქვეყნის სიძლიერე რეგიონებიდან იწყება. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ყველაზე დიდმა ქართველმა მეფემ საქართველოს გაერთიანება რეგიონებიდან დაიწყო და თბილისით დაამთავრა.

KvirisPalitra.Geპანკისის ხეობაში ისე შევედით, ვერც შევამჩნიე, უკვე პანკისში რომ ვიყავით. აღარც ბლოკპოსტები, აღარც სამხედროები და ქვიშით სავსე ტომრები. დუისის ცენტრში ახალაშენებული მეჩეთი მოჩანს, მეუბნებიან, ვაჰაბიტურიაო.

სოფელ ჯოყოლოს ცენტრში ხალხმრავლობაა. ქისტების განმანათლებელი ალბუთაშვილის იუბილეა ჯოყოლოს საშუალო სკოლაში, მის პატივსაცემად დოღიც იმართება. თითქმის ყველა სიმღერას 10 წლის წინ ჩეჩნეთიდან გადმოხვეწილი მუსა ასრულებს, ერთი ქართულიც გამოურია: "მე რა მამღერებს, უძირო ზეცა"... - უკრავს ჩეჩენი მუსა აჰმედ ზაკაევის ნაჩუქარ გიტარაზე. მინისტრის მოადგილე რეინტეგრაციის საკითხებში ელენე თევდორაძე მადლობას უხდის ქისტებს იუბილესთვის და ერთხელ კიდევ შეახსენებს, რომ პანკისი საქართველოა!

ქისტებთან საუბარს მოკითხვით ვიწყებ. თავი შორს უჭირავთ და კითხვაზე, როგორ ხართ, როგორ ცხოვრობთ-მეთქი, უცნაურად მპასუხობენ, რა გვაქვს საჩხუბარი? მშვიდობაა, პრობლემები არა გვაქვს, კონფლიქტებიც არა გვაქვს, კარგად არის ყველაფერიო. ვატყობ, აზრი არა აქვს საუბრის გაგრძელებას. მოგვიანებით, ქეიფ-ქეიფში ცოტა რომ გავშინაურდით, ერთ პატივცემულ ქისტს შევაპარე, რა ამბავია პანკისში, მითხრეს, რელიგიურ ნიადაგზე უთანხმოება გქონიათ-მეთქი.

თავს ნუ ჰყოფთ ყულფში, ნუ მოჰკიდებთ ამ საქმეს ხელსო, გამაფრთხილა, მაგრამ ვერ დამალა გულისტკივილი. აქ ისეთი ამბები ტრიალებს, თქვენ ვერ მოერევით, არ გიყვართ ქართველებს თქვენი ქვეყანა და ეს არის თქვენი უბედურების მიზეზიო. ქართველი კაცი ისეთია, ფულის გულისთვის დედასაც გაყიდისო. გავბრაზდი, მაგრამ სულ ტყუილად.

- აბა, გახედეთ, რა ხდება საქართველოში, - გააგრძელა ასაკოვანმა ქისტმა, - ქვემო ქართლში, აჭარასა და თუნდაც აქ, პანკისში. მეჩეთებმა წაიღო მთელი საქართველო, როგორ ფიქრობთ, რატომ? სხვისა რა გითხრათ და პანკისის ხეობაში უცხოეთიდან შემოსულ ფულს ვაჰაბიტები ქართველ ჩინოვნიკებს უყოფენ.

ვიცი - სამი წილი ქართველი ჩინოვნიკებისა არი, ერთი კიდე - ვაჰაბიტებისა. ვაჰაბიზმი მოდური გახდა პანკისის ხეობაში, ფული მაგათ აქვთ და ძალაუფლება, კარგი მანქანებით ეგენი დადიან და მეტი რა უნდა გამოუცდელ ახალგაზრდას? მე შენ გეტყვი, რამე ალტერნატივა აქვს, რომ ვაჰაბიტებს არ მიეკედლოს? ხან 100 დოლარს მისცემენ, ხან 200-ს და დამთავრებულია საქმე. 90% პანკისელებისა დიდ გაჭირვებაში ცხოვრობს, წელში გამართვის ერთადერთი გზა აქ ვაჰაბიზმია. არჩევანიც კი არა აქვთ აქაურ ახალგაზრდებს.

ჩვენ კიდე არაფერი გაგვაჩნია, ჩვენს სიტყვას ხომ ფასი დაეკარგა. ადრე უფროსის პატივისცემა მაინც იცოდნენ, ახლა ვაჰაბიტებმა პირველი, რაც ასწავლეს ახალგაზრდებს, ის არის, რომ უფროსი კაცის პატივისცემა საჭირო არ არის. ფული ჩვენ არა გვაქვს და სახელმწიფოს მხარდაჭერა. აგე, ყოველ კვირას ცემა-ტყეპა აქვთ ტრადიციულ ისლამისტებსა და ვაჰაბიტებს, მეზობელ სოფელში ტრადიციული ისლამის მიმდევრების სალოცავიც დაანგრიეს, სად არის საქართველოს ხელისუფლება, რას ფიქრობს?! მერე გვიან იქნება. ეჰ, არ გიყვართ ქართველებს საკუთარი ქვეყანა, არა...

KvirisPalitra.Geგუნება წამიხდა, აღარც იუბილე მახსოვდა, აღარც სტუმრების პატივსაცემად მომზადებული პანკისური ხინკალი. დაღონებულმა დავტოვე სუფრა და მეზობელ სოფელში დანგრეული სალოცავის სანახავად გავემართე. ჩემი მეგზური ქისტი სიტყვაძუნწი აღმოჩნდა. მითხრა, ყველაფერი ისევე არ ითქმება, როგორც არ იჭმებაო! რა უშავს, კარგი ხელისუფლება გვყავს, აგე, გზებს გვიგებენ, ცოტა შუქზე გვაქვს პრობლემა, ძველ დავალიანებას არ აწერენ მოსახლეობას და ვნერვიულობთო.

დანგრეულ სალოცავს მივადექით. თურმე აქ ადრე სკოლა ყოფილა და ქისტები სალოცავად იყენებდნენ. ახლა მეჩეთის მშენებლობაა გაჩაღებული. ვაჰაბიტურიაო, მიხსნის მეგზური. როგორ, ტრადიციული ისლამის მიმდევრებს სალოცავი დაუნგრიეს და ვაჰაბიტური ააშენეს-მეთქი? მშენებარე მეჩეთის უკან, დანგრევის პირას მისული შენობა დგას.

ტრადიციული ისლამის მიმდევრებს ესღა შემორჩათ, მეუბნება მეგზური. კონფლიქტის მერე გადაწყდა, ვაჰაბიტებსა და ტრადიციონალისტებს ცალ-ცალკე აეშენებინათ სალოცავიო. ვაჰაბიტები გამალებით აშენებენ, ტრადიციონალისტებს კი ფული არა აქვთ და დგას დაფეხვილი სალოცავად წოდებული ოროთახიანი ქოხი. ეზოში აშკარად ვაჰაბიტი დარაჯი ზის და მობილურით არაბულ სიმღერას თუ ლოცვას უსმენს.

მამუკა არეშიძე: - უპირველესად იმის ცოდნაა საჭირო, რას ნიშნავს ტრადიციული ისლამი. ტრადიციულ ისლამს კავკასიაში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ისლამს უწოდებენ, რომელთანაც მჭიდროდ არის შესისხლხორცებული კავკასიური ადათ-წესები.  საუკუნეების განმავლობაში კავკასიაში რელიგიისა და ადათ-წესების უნიკალური მოზაიკა შეიქმნა და ნებისმიერი უხეში ჩარევა არა მხოლოდ დაპირისპირებასა და არეულობას, არამედ ტრადიციების ნგრევასაც იწვევს.

ეს ხდება ახლა პანკისის ხეობაში - მინირელიგიური დაპირისპირებაა, მაგრამ კაცმა არ იცის, რით დამთავრდება ეს დაპირისპირება. ტრადიციული ისლამის მიმდევრები ძირითადად ასაკოვანი ხალხია, რომელთაც ფინანსური ან სხვა საშუალება არა აქვთ, რომ მომძლავრებულ ვაჰაბიტურ წარმონაქმნს წინააღმდეგობა გაუწიონ. ვაჰაბიზმი მიზანმიმართულად მკვიდრდება პანკისის ხეობაში 1995 წლიდან. სწორედ მაშინ გამოჩნდა ხეობაში პირველი არაბი მოლა და ხელისუფლების წაყრუებით დღეს ეს მოძრაობა საკმაოდ ძლიერ რელიგიურ თემად ჩამოყალიბდა.

ვაჰაბიტები უცხოეთიდან შემოსული ფულით საზრდოობენ და ადგილობრივი ხელისუფლების მფარველობითაც სარგებლობენ. როგორც ჩანს, ადგილობრივ ხელისუფლებაში ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ხეობის გასაკონტროლებლად რომელიღაც ძალას უნდა დაეყრდნოს და მაინცდამაინც ვაჰაბიტები შეარჩია. მათ შემოსავლები აქვთ არა მხოლოდ საზღვარგარეთიდან, ადგილობრივი ხეტყის ბიზნესიდანაც. პანკისში არა მარტო შიდა დაპირისპირებაა, ამასობაში საქართველოს მოქალაქეებსაც ვკარგავთ.

პანკისელი ქისტები იყვნენ ერთ-ერთი ყველაზე ინტეგრირებულები ქართველ საზოგადოებასთან ქართველი ებრაელების შემდეგ. დღეს კი ახალგაზრდა მამაკაცების დიდმა ნაწილმა, რომლებიც ვაჰაბიტობაზე დებენ თავს, ქართულიც აღარ იციან ხეირიანად. ისინი მე-9-10 კლასებიდან უცხოეთში მიდიან, სწავლას არაბულ ენაზე აგრძელებენ და განათლებამიღებულები უკან ბრუნდებიან არა მოსახლეობის რელიგიურად გასანათლებლად, არამედ კონკრეტული რელიგიურ-პოლიტიკური დავალებებით.

- კერძოდ?

- არსებობს ფსევდომუსლიმანური იდეები, რომლებიც მსოფლიო ხალიფატის, კავკასიური ხალიფატის, დიდი ტურანის იდეებს მოიცავს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ორთოდოქსმა ისლამისტებმა გაინაწილეს საქართველოს ტერიტორია. პანკისი არაბებმა ჩაიბარეს, ქვემო ქართლი - ირანელებმა, აჭარა - თურქებმა. ამას ყველაფერს ან ვერ ხედავს საქართველოს ხელისუფლება, ან სპეციალურად უყრუებს. იმის ნიშნები, რომ ეს დაპირისპირება შეიძლება პანკისის ხეობის ფარგლებს გასცდეს, უკვე არის.

როცა ტრადიციულმა ისლამისტებმა, უხუცესთა საბჭომ მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს თავიანთ რეგიონში, იძულებული გახდნენ დახმარებისთვის ჩეჩნეთის ხელისუფლებისთვის მიემართათ. რა ფორმით, არ ვიცი, მაგრამ კონტაქტი რომ შედგა, ვიცი. იქიდან შემონათვალიც ცნობილია, კადიროვს შემოუთვლია, თუ ადგილობრივი ხელისუფლება ვერ გპატრონობთ, ჩვენ მოგხედავთო!

ნუ დაგვავიწყდება, რომ კადიროვი რუსეთის ხელისუფლების ყმაა. რატომ უნდა მივცეთ დამატებითი კოზირი ჩვენს მოწინააღმდეგეს, როცა პანკისის ხეობაზე ისედაც აბოდებს.

თანაც კარგად ვიცით,  რა მეთოდებით ებრძვის რუსეთის ხელისუფლება ვაჰაბიტებს, მით Uუმეტეს მაშინ, როცა აქაური ვაჰაბიტებიც კავკასიური იმამატის შექმნის იდეას უჭერენ მხარს. ბუნებრივია, ეს ორმაგი საფრთხეა ქვეყნისათვის, ცალკე რუსულ აგრესიას ვგულისხმობ და ცალკე - რელიგიურ რადიკალიზმს...

მეც ასე მითხრეს. ჰუმანიტარული დახმარებისა თუ სხვა პროგრამების სახით პანკისის ხეობაში შესულ ფულს ადგილობრივი ხელისუფლების ჩინოვნიკები ინაწილებენ, მეტიც, ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს არ გახმაურდეს.

ყველა ღონეს ხმარობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაუმალონ ხეობაში არსებული ვითარება. საქართველოს ხელისუფლებამ არ იცოდა, რა ხდებოდა ხეობაში, ბევრმა ცოტა ხნის წინ გაიგო, ბევრიც ახლა, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ გაიგებს. ამას წინათ ჩემთან პატრიოტი მუსლიმანები მოვიდნენ, ვისაც არ ეზარება, ახლო აღმოსავლეთიდან იქნება თუ  წინა აზიიდან, საქართველოში ჩამოდის და აგიტაციას იწყებსო.

საქართველოში ქუვეითური ორგანიზაციაც გამოჩნდა, რომელიც საკმაოდ ნაყოფიერად მუშაობს აფხაზეთში. ის, რაც 2000-იანი წლების დასაწყისში აღიკვეთა, თავიდან იწყება. ასეთი ტიპის ორგანიზაციები კი მაშინ იწყებენ საქმიანობას, როცა გრძნობენ, რომ ხელისუფლების კონტროლი შესუსტდა. ის, რომ კვირაში ერთხელ პანკისში მუშტი-კრივია ტრადიციული ისლამის მიმდევრებსა და ვაჰაბიტებს შორის, ეს ხომ კარგად იცის ადგილობრივმა ხელისუფლებამ?

ისიც ხომ ფაქტია, რომ ვაჰაბიტებმა სალოცავი სახლი (მართალია, მეჩეთი არა, მაგრამ ჯამე ხომ იყო?) დაუნგრიეს ტრადიციულ ისლამისტებს. ისიც ხომ ფაქტია, ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლება თვალს ხუჭავდა, ვაჰაბიტები საქმეს აკეთებდნენ? ანგარების გარდა, უცოდინარობა და არაპროფესიონალიზმიც არ უნდა დაგვავიწყდეს. ჩვენს ხელისუფლებაში არ მუშაობს ხალხი, რომელმაც იცის, რა არის ისლამი, რა როლს თამაშობს ის კავკასიაში, რა ტრადიციებთან არის დაკავშირებული და რა ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო ისლამურ სამყაროში.

P.S. გულნატკენი დავბრუნდი პანკისის ხეობიდან. რატომღაც ჩეჩენი მუსას "მე რა მამღერებს" ამეკვიატა და ჩემდა უნებურად შაკირას, ტოტო კუტუნიოსა  და "ბონიემის" კონცერტები გამახსენდა. მართლაც, რა გვამღერებს?! რა ვიცი, აბა, რა გითხრათ!

"თვითნებობა უფრო სწარაფად უნდა ჩააქრო, ვიდრე ხანძარი"

ჰერაკლიტე ეფესოელი