ბებოს მაზები - კვირის პალიტრა

ბებოს მაზები

"ვივლი ამ სანაპიროზე, სანამ მაგიც გასხვისდება!"

სანაპიროზე ამ ქალს თითქმის ყველა იცნობს და მეტსახელად "ბებოს მაზებს" ეძახიან. 68 წლის გუგული მიმინოშვილი მზეზე დამწვარ-დახრუკულ დამსვენებლებს თავისი მალამოებით ტკივილს უამებს. ივლისში მზე დაუნდობლად აცხუნებს და მეც ვისარგებლე ქალბატონ გუგულის მალამოთი.

სახალხო დასტაქარს თურმე თავისი გულისტკივილი ხრავდა, რომელიც მეც გამანდო: "აგერ რომ პლაჟია, გადამიკეტეს და არ გამარონიეს. ძაღლივით გამომაგდო სასტუმროს მეპატრონემ ამ ხნის ქალი. რამეფრად მითხარით, აქვს კანონით მაგის უფლება? თანაც, სანაპირო შემოღობა და ზედ მიაწერა: "პლაჟზე შესვლა ფასიანია".

- თუ მისი საკუთრებაა, კანონით, უფლება აქვს, არ შეგიშვათ - ვუპასუხე შეფიქრიანებულმა.

- კაი, მაშინ თუ აქვს, არაფერი არ დაწეროთ! ვივლი მე ამ დანარჩენ სანაპიროზე, სანამ მაგიც გასხვისდება! მარა ბადრი პატარკაციშვილისთვის თუ არ შეიძლებოდა ზღვისა და სანაპიროს  მოღობვა, ამ დალოცვილისთვის რატომ შეიძლება? ამ პაპანაქებაში ყოველდღე სოფელ ნატანებიდან მოვდივარ, ამ სიგრძე სანაპიროზე რაცხა 2 კაპიკის გულისთვის დევიარები აღმა-დაღმა.

მძიმე შრომა მაქვს, დედა, მძიმე, მარა ობოლ შვილიშვილებს რჩენა უნდათ და რა დამაყენებს სახლში!…ამ მალამოების დამზადების წესი წინაპრებისგან გადმომეცა. ბებია მყავდა ერქომაიშვილის ქალი, იმან მასწავლა ყორიფელი", - დაასრულა ქალბატონმა გუგულიმ და ვატყობ, კიდევ ხალისით გააგრძელებს საუბარს, მაგრამ შორიდან უკვე უხმობენ:

"ბებოს მაზები!" "ბებოს მაზები"!.. ჩვენც მოგვხედე!" გუგული მიმინოშვილმა თვალები ხელით მოიჩრდილა, ერთი გახედა, საიდან მეძახიანო და ნელი ნაბიჯით გაეცალა სანაპიროს.