შეცდომები სწორდება... - კვირის პალიტრა

შეცდომები სწორდება...

"კვირის პალიტრის" #29-ში გამოქვეყნებულ სტატიას "შეგიძლიათ წაიკითხოთ მხოლოდ სომხურად ან ინგლისურად!.." საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომრავლებული უცხოენოვანი წარწერები საქართველოს ზღვისპირეთში, სადაც ჩვენი სახელმწიფო ენა უგულებელყოფილი იყო, მკითხველის განსჯის საგანი გახდა.

www.kvirispalitra.ge

გამოხმაურება

დავითი

სირცხვილი და თავის მოჭრა!!! ისე ადგილობრივების გამკვირვებია: ღირსებაც ხომ უნდა გქონდეს კაცს, შენს ქუჩაზე სხვადასხვა ენაზე რომ არის წარწერები და ქართულ ენაზე - არა, პროტესტი ხომ უნდა გამოთქვა?!

ლადო

იმის მაგივრად ამ "სანაგვეში" ვიღაც ჩამოდის და მადლობა გადავუხადოთ, რაღაც უაზრო პრეტენზიებით გამოვდივართ, თბილისში რეკლამის შესახებ კანონის დარღვევა ვერსად ნახეთ? შეეშვით სტუმრად ჩამოსულ ხალხს!

ჩოხა

ჩვენ ხომ ყველაფერში მაქსიმალისტები ვართ,   ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვვარდებით:   ან ფეხქვეშ ვეგებით სტუმარს, ან ყელს ვჭრით. ჩადი აბა სომხეთში და გააკეთე რომელიმე რესტორანზე მხოლოდ ქართული წარწერა?  უკეთეს შემთხვევაში კაციშვილი არ შემოვა, უარესში კი თავადაც ხვდებით, რა მოხდება...

გოჩა

ღმერთმა გაგახაროთ, რომ ასე მამაცურად იცავთ თქვენს ჟურნალისტურ და მოქალაქეობრივ კრედოს. გამგები კარგად გაიგებს, რომ სტატიაში საერთოდ არ არის სიძულვილი ეროვნული ნიშნით. ეს არის სააკაშვილის მავნე პოლიტიკის შედეგი. ხედავენ, რომ საკუთარ ერს, საკუთარ ენას ადგილობრივი მთავრობა არ სცემს პატივს და ვინ რა ვალდებულია, პატივი გვცეს?

კეკე

ჩემი აზრით, ეს მარტო მთავრობის ბრალი კი არა ე.წ. "ხაზეიკების" ბრალია. მაგათ ოღონდ ფული იშოვონ და სახლს კი არა, ყველაფერს გააქირავებენ. მე სომხების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ როგორც ქართველი, ჩვენს საზღვაო კურორტებზე სტუმრად ვგრძნობ თავს, ხოლო "უცხოელები" - მასპინძლად. თანაც დიდად დაფასებულნი არიან ""ხაზეიკებისგან"", მომსახურე პერსონალისგან. ჩვენ კი ვინ ვართ? საცოდავი ქართველები, კაციშვილი პატრონი რომ არ გვყავს! ესეც არ იყოს, მაგ უცხოელებს ხვალ და ზეგ რომ დასჭირდეთ, ისე გადაგვივლიან, თვალსაც არ დაახამხამებენ.

ქეთი

პასუხისმგებლობა იმ ადგილობრივ სახელმწიფო მოხელეებს ეკისრებათ, ვის წინაშეც ხდება ეს უმსგავსობა. ჩემი ნება რომ იყოს, ულაპარაკოდ მოვხსნიდი ყველა პასუხისმგებელ პირს. თუმცა კანონის დაცვას რომ თავი დავანებოთ, ცოტა გულიც უნდა გულობდეს. დარწმუნებული ვარ, სომეხი გამგებელი იქნება თუ რიგითი მოქალაქე, არავის მისცემს საკუთარი სახელმწიფო ენის აბუჩად აგდების უფლებას.

კისულია

შეეშვით მაგ ხალხს! ჩამოდიან, ფულს ხარჯავენ საქართველოში, გაჭირვებულ ზღვისპირეთს ეხმარებიან. თქვენ შესთავაზეთ ადგილობრივებს სამაგიერო სამსახური ნორმალური ხელფასით და მერე მოჰკითხეთ. აბა გაუძელი ვირივით შრომას, დილის ექვსის ნახევრიდან ღამის თორმეტ საათამდე. თუ საზღვარგარეთ მონად მუშაობა ჯობია? თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, მონა სად იქნები? ჰოდა, დააცადეთ ამ ხალხს დაისვენონ,“ ფული დახარჯონ და იქნებ მაგათი დახარჯული ფულის წყალობით კიდევ ერთი ზამთარი რამენაირად გადავიტანოთ!... ბათუმზე რას იტყვით, ბატონებო, თურქულმა რეკლამამ რომ შეგვჭამა?...

ჩვენდა გასახარად, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ურეკის ცენტრის შესასვლელთან მხოლოდ სომხურ ენაზე გამოკრულ სარეკლამო აბრას, მართალია, უფრო მცირე ზომის, მაგრამ ქართული წარწერაც დაემატა.

ურეკის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჯანსაღი კრიტიკა მიიღო, ჩვენ კი კარგის დაუნახაობა არ გვჩვევია.

გასულ კვირას სახელდახელოდ გამართულ ბრიფინგზე გურიის გუბერნატორმა ვალერი ჩიტაიშვილმა უცხოურ რეკლამებში ქართული ენის უგულებელყოფაზეც ისაუბრა:

"არსებობს კანონი, რათა ყველა ასეთი შემთხვევა აღკვეთილ იქნეს. ყველა იმ პირს, ვინც კანონს დაარღვევს, დაეკისრება კანონით განსაზღვრული ჯარიმა. თურქები შეკვეთილში აშენებდნენ კერძო ობიექტს, რომელსაც ქართული წარწერა არ ჰქონდა. რა თქმა უნდა, მაშინვე მივიღეთ ზომები და ასე იქნება მომავალშიც, თუ მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდება".

"კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ წერილს საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ნათია ანასტასიადი-მაისურაძეც გამოეხმაურა.

"5 წელია საბერძნეთში, ქალაქ სალონიკში ვცხოვრობ. აქ უამრავი ქართული დაწესებულება, ტურისტული სააგენტო და რესტორანია, მაგრამ ქართულის გარდა, ბერძნული წარწერაც აქვთ. სტატიის წაკითხვის შემდეგ აქაურმა ქართველებმა აღშფოთება ვერ დავფარეთ. საქართველოს გარდა მსგავს ფაქტებს ნეტავ რომელი სახელმწიფო შეხვდება ლოიალურად?"

ჩვენ კი დავძენთ, საკუთარ ენას თუ პატივი არ ვეცით, განა სხვა გვცემს პატივს და დაგვაფასებს?!