გასეირნება სურამში ცხენის ფლოქვების აკომპანემენტით - კვირის პალიტრა

გასეირნება სურამში ცხენის ფლოქვების აკომპანემენტით

"მგონია, ამ კურორტს ვიღაც შეგნებულად ებრძვის. ეტყობა, ვიღაცებს უნდათ დამსვენებლები სხვაგან წავიდნენ"

გადაჰყვა პრეზიდენტი სიღნაღს, ბათუმს, ბორჯომს და სურამისკენ არც გამოუხედავს

"ვგავართ დასხივებულებს?"

სურამი - უპატრონო კურორტი

მშობლებისგან ხშირად გაიგონებთ, პატარებისათვის სურამის ჰაერი მისწრებააო, მით უმეტეს, თუ ბავშვს ფილტვების და სასუნთქი გზების პრობლემა აქვს. ან სხვისი თქმა რად მინდა, სკოლიდან დაგვითხოვდნენ თუ არა, დედა "გრანდიოზულ სამზადისს" იწყებდა სურამში დეიდასთან 3 თვით გასამგზავრებლად. მამა ხორაგით დატვირთულს დაგვტოვებდა სურამელ დეიდასთან და ადუღებულ ქალაქში კმაყოფილი ბრუნდებოდა, რომ ცოლ-შვილი ქალაქის ხვატს გაარიდა.

ჩასვლისთანავე ჩამოვურბენდი ჩემს სურამელ მეგობრებს და იწყებოდა საზაფხულო თავგადასავლები. ჯერ ბიძია ჟორას ჭაში გადავეკიდებოდით ისე, რომ მხოლოდ ტერფებიღა გვიჩანდა (რატომღაც ძალიან მოგვწონდა ეს ექსტრიმი), მერე ორღობეში გავიჭრებოდით და იწყებოდა აღმა-დაღმა სირბილი. სურამიდან ჩუმათელეთამდე ჩვენი შემოსარბენი არეალი იყო.

15 წელია დეიდა გარდაიცვალა და მას მერე სურამისკენ გახედვაც არ მინდოდა, მაგრამ როდესაც რედაქციაში გაჩნდა იდეა, საქართველოს კურორტებზე არსებული მდგომარეობა შეგვესწავლა, ავიღე ჩანთა, ფოტოაპარატი, დიქტოფონი  და სურამისკენ  გავეშურე.

მასპინძელი "კვირის პალიტრა"

ვიცოდი, ყველაზე მეტ დამსვენებელს სურამის ცენტრში, პარკში ვნახავდი და ტაქსიც იქ გავაჩერე. ავტომობილიდან გადმოსულს ყვითელ ფონზე ლურჯი წარწერა - "კვირის პალიტრა" შემეგება, თუმც ჯიხურის გარეთ გამოდგმულ სტელაჟზე "კვირის პალიტრა" არ ჩანდა. "პალიტრის" ჯიხურიდან  გულღიად შემომცინა ახალგაზრდა ქალმა. ერთი გენახათ მისი სიხარული, როცა შეიტყო "კვირისპალიტრელიაო".

ელიკო კვერნაძეს თითქოს ოჯახში ვწვეოდი, უმალ მასპინძლად იგრძნო თავი, ჯიხური მეუღლეს გადააბარა და კაფეში ნაყინზე დამპატიჟა. უპირველესად იმით დავინტერესდი, "კვირის პალიტრა"  რატომ არ გაქვს-მეთქი.

ელიკო კვერნაძე: - "კვირის პალიტრა" 160 ცალი მოაქვთ და ოთხშაბათს უკვე ყველა გაიყიდა. წიგნებთან ერთად კარგად იყიდება ჟურნალი "გზაც". 12-სულიანი ოჯახი მაქვს. "პალიტრის" ჯიხურში რომ დავიწყე მუშაობა, ჩემს ოჯახს შემოსავალი გაუჩნდა. მერე ქმარმაც აქვე ფაეტონზე დაიწყო მუშაობა, დედამთილი კი პარკს ასუფთავებს. მოკლედ, მთელი ოჯახი სურამის პარკში დავსაქმდით".

ელიკოსთან ერთად პარკში შევდივარ. დამტვრეულ სკამზე პატარა ბიჭი ზის. დამსვენებელიც საკმაოდ ცოტაა. მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცას აქ საბავშვო ატრაქციონის მოწყობა მოუფიქრებია, პარკი ისეთი მოუვლელია, ცხადია, მზრუნველი ხელი დიდი ხანია არ მიჰკარებია. სადღაა ის პარკი, მე რომ მახსოვდა - დამსვენებლებისა და ადგილობრივი ახალგაზრდობის თავშეყრის საყვარელი ადგილი.

ელიკოს ვეკითხები, მთელი სურამი ასეა თუ სხვაგან მაინც გაკეთდა რამე-მეთქი. როგორც ტაქტიან მასპინძელს შეეფერება, ელიკოს ცუდზე ლაპარაკი არ სურს და "კარგი სათქმელიც" მოიფიქრა, - ბოლო დროს ერთადერთი, მაგრამ ძალიან საჭირო  რამ გააკეთა ხაშურის გამგეობამ, წამოდი, განახვებო. პარკის განაპირას ფასიან საპირფარეშოსთან მიმიყვანა, - საჭირო ოთახზე საჭირო რა უნდა იყოს, თანაც ბოლო დროს ამაზე უკეთესი სურამში არაფერი  გაკეთებულაო. ვერ შეედავები, საჭირო ოთახი მართლაც ძალიან საჭიროა, არც ურიგოდ ჩანს გაკეთებული, მაგრამ მარტო ეს არ კმარა, მით უმეტეს - საკურორტო ქალაქში.

KvirisPalitra.Ge10 წელია, კინო არ უნახავთ

პარკში მყოფებმაც გაიგეს, თბილისიდან ჟურნალისტი ჩამოსულაო. ერთი სურამელი - ედიკა მოსაშვილი შეწუხებული სახით მომიახლოვდა და ორსართულიანი შენობა (სადაც ჩემს ბავშვობაში ყოველ საღამოს ფილმებს უჩვენებდნენ) დამანახვა, - კლუბი აღარ გვაქვს.  მეორე სართულზე ბარი გააკეთეს და ის მუშაობს, მაგრამ პირველი სართული,  სადაც კინოდარბაზი იყო, ისე გავერანებულია, სჯობს თქვენი თვალით ნახოთო. ჩაბნელებულ შენობაში ფრთხილად შევდივართ. ჩამრთველის მოძებნას აზრი არა აქვს. აქ სინათლე არ არის.

კლუბის ფოიეში "ნაშთი ძველი დიდებისა" - დამტვრეული ავეჯი და მტვრით გადათეთრებული ბილიარდის მაგიდა დგას. კინოდარბაზის კარი ვიღაცას ჰაიჰარად მიუხურავს და ზედ მაგიდა მიუდგამს. ედიკა თითქოს თავის ახალგაზრდობას მისტირის, - ბიჭები ღამის თერთმეტ საათამდე ამ პარკში ვიყავით,  ფილმებს ვუყურებდით, დამსვენებელ  გოგონებს ვეპრანჭებოდით. სურამელებს კლუბი გვქონდა ერთადერთი გასართობი ადგილი და  ესეც დაგვიკეტეს. 10 წელიწადზე მეტია აქ ფილმი არ უჩვენებიათო.

KvirisPalitra.Geკარგია, მაგრამ უპატრონო

პარკში მოსეირნე ბებიასა და შვილიშვილს გამოველაპარაკე.

ქეთევან ფარულავა: "წყალტუბოდან ვართ.  ჩემს შვილიშვილს ბრონქების სისუსტე აქვს და სურამზე უკეთეს ადგილას სად წამოვიყვანდი. მესამე წელიწადია ბავშვი აქ ჩამოგვყავს და ბევრად უკეთ არის. ასთმური შეტევა აღარ აქვს.

პირველად 40 წლის წინ ვიყავი სურამში. მაშინ სულ სხვა იყო აქაურობა. პარკში იმდენი დამსვენებელი იყო, ნემსი არ ჩავარდებოდა, კარგად უვლიდნენ აქაურობას. ახლა კი შარშანდელთან შედარებით გაუარესებული მეჩვენება ბევრი რამ.  შეხედეთ, ერთი სკამი არ არის მთელი. გული მწყდება, გავერანებულს რომ ვხედავ აქაურობას. ზემოთ, ზინდისში მაქვს ნაქირავები ოთახი, 15 დღეში 200 ლარს ვიხდით.

პირობები ნორმალურია, მაგრამ ქალაქი არ არის მოწყობილი ისე, რომ ქუჩაში გასეირნება მოგინდეს. მთელ ქალაქში კანალიზაციის სუნი დგას. რატომ წამლავენ ასეთ ჰაერს? სურამში ეს ერთი ცენტრალური ქუჩაა და ნახეთ, თუ ღირს ქუჩაში გავლა. ნაგვითა და ფუნით არის ქუჩა სავსე. ქართველებმა ჩვენი სიმდიდრის ფასი არ ვიცით. უცხოეთში ასეთ სამოთხესავით ადგილს ვინ დატოვებს მოუვლელად?"

"სურამი არ უყვარს?"

ნინო კიკნაძე, ადგილობრივი მცხოვრები: "ბუნებამ კი დაგვაჯილდოვა ჰაერით, მაგრამ დასასვენებელი პირობები არ არის. ადგილობრივმა ხელისუფლებამაც ხელი უნდა გამოიღოს, რომ დამსვენებელს ჩამოსვლა უხაროდეს. ყოველ ზაფხულს ვაქირავებ ოთახებს (ერთი ოთახი დღეში 15 ლარი ღირს. ვისაც უკეთესი პირობები აქვს, 30 ლარადაც აქირავებს). ჩემი ოჯახის შემოსავლის წყარო ეს არის, მაგრამ წელს ცოტა დამსვენებელია. შეხედეთ და თავადაც მიხვდებით, რომ აქაურობას პატრონი არა ჰყავს. გადაჰყვა პრეზიდენტი სიღნაღს, ბათუმს, ბორჯომს და სურამისკენ არც გამოუხედავს. ისეთი განცდა მაქვს, რომ სურამი არ უყვარს. მეტიც, მგონია, ამ კურორტს ვიღაც შეგნებულად ებრძვის. ამას წინათ, თუ არ ვცდები, ხაშურის მთავარი ექიმი გამოსულა, ხაშურსა და სურამში რადიაციაა და სიმსივნურმა დაავადებებმა იმატაო(?!). ეტყობა, ვიღაცებს უნდათ დამსვენებლები სხვაგან წავიდნენ".

სურამში დამსვენებლების თავშეყრის კიდევ ერთი ადგილი ე.წ. რკინის წყალია. ავუყევი ქუჩას და შეძრწუნებულმა აღმოვაჩინე, რომ სურამი არის ქალაქი, სადაც საქართველოში ყველასთვის ცნობილ ნაგვის ბუნკერებს არ ჩამოუღწევია. ბუნკერისა და ურნის დანიშულებას აქ ჯერ კიდევ  ნაგვით გადავსებული რკინის კასრები ასრულებს. მივუყვებოდი გზას რკინის წყლამდე და... გზას ვამბობ, თორემ რა გზა იყო... აჩიჩქნილ ასფალტს კარგად ეტყობოდა, სურამის ცენტრალურ გზაზე  საქონელს რომ გაესეირნა. ალბათ, ამიტომაც იყო, რომ არც რკინის წყალთან დამხვედრია დამსვენებელი. არადა მახსოვს, წლების წინ აქ რიგში დგომა მიწევდა, თერმოსი წყლით რომ ამევსო.

KvirisPalitra.Geმეფაეტონე

არ მეგონა, წამხდარ ხასიათს თუ რამე გამომიკეთებდა. კლიენტის მოლოდინში მეფაეტონეები კოფოზე შემოსკუპებულები თვლემდნენ. Aატლასის შარვალ-ხალათში გამოწყობილ მეფაეტონეს მივუახლოვდი.

- გასეირნება რა ღირს?

- 5 ლარი. დაბრძანდით, გაგასეირნებთ და თან ვისაუბროთ.

სურამელი მეფაეტონეს შემოთავაზებას ვიღებ. ფაეტონში ვჯდები და ინტერვიუ ცხენების ფლოქვების აკომპანემენტით გრძელდება:

- 2 თვე გვაქვს მუშაობის სეზონი, მაგრამ წელს ჩავარდა, - არც დამსვენებელია და არც კლიენტი მყავს. მთავარი ექიმის ბრალია ყველაფერი, რომ გამოაცხადა, სურამში რადიაციააო, ვგავართ დასხივებულებს?

ფაეტონი ცოტა ხნით ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმთან ჩერდება. შევყურებ ბავშვობაში არაერთხელ ნანახ სახლს. ქართულ და უკრაინულ ენაზე გაკეთებულ აბრას და... ევრიკა! ეს არის უცხო ენაზე გაკეთებული ერთადერთი აბრა, რომელსაც სურამში რამდენიმესაათიანი ყოფნისას წავაწყდი, მაშინ როდესაც თბილისი და განსაკუთრებით საკურორტო ქალაქები ლამის წალეკოს უცხოურმა წარწერებმა და აბრებმა.

მთელ სურამში ერთადერთი უკრაინულ ენაზე გაკეთებული წარწერა აღმოვაჩინე. გუნების გამოსაკეთებლად ამ არგუმენტს ისე ვეჭიდები, როგორც წყალწაღებული ხავსს. ფაეტონით ცენტრალურ გზაზე გამოვდივარ. მეფაეტონე ხელს მიქნევს. ახლა ჩუმათელეთისაკენ უნდა წავიდე, იქ ერთ დროს საკავშირო მნიშვნელობის სანატორიუმი "სურამი" მეგულება. თუმც ჩუმათელეთში ნანახი უკვე სხვა, გაცილებით მძიმე წერილის თემაა.

(გაგრძელება იქნება)