გარონიება ბათუმში - კვირის პალიტრა

გარონიება ბათუმში

შეიხ ნაჰაინ მაბარაქი - თუკი ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩინეთ, რომ ამ სახელწოდების ხეივანში სეირნობთ, ნუ გეგონებათ, რომ მზის დარტყმა მიიღეთ. თქვენ ბათუმში ხართ, პრესტიჟულ უბანში, მაბარაქი კი ის არაბი შეიხია, პალმები რომ გამოგვიგზავნა აჭარაში. შეგიძლიათ, სხვა უცხოელების სახელობის ქუჩებიც დაათვალიეროთ: მაგალითად, ნუროლის. ამ ქუჩასაც ახლახან შეუცვალეს სახელი, რადგან ნუროლი "შერატონის" ინვესტორია.

ბათუმის თურქული უბანიც მზად არის გაგიმასპინძლდეთ სადილით "არდერში" ან "დენიზ ლოკანტაში". აქ, საპარიკმახეროდან დაწყებული, სასადილოთი დამთავრებული, ყველაფერი თურქულია.

KvirisPalitra.Geპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, აჭარა ტურიზმის ცენტრი უნდა გახდეს რეგიონში და წელს 800 ათას ტურისტს ვუმასპინძლებთო. ჰოდა, თუკი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გადათხრილ ქუჩებში გავლას მოახერხებთ, სომხურ კერძებსაც დააგემოვნებთ, ჩინურ-ჰოლანდიურსაც და იქვე ახალგახსნილ სტრიპტიზბარსაც მოინახულებთ.

არ იფიქროთ, რომ ქართული მოლხენის საშუალება ქართულ ზღვისპირეთში აღარ არის, მაგრამ ქართველებს ხომ "უცხო" ხშირად უფრო მეტად გვტაცებს თვალს, ვიდრე ქართული!

მოკლედ, ზღვისპირეთში ტურიზმის წამმზომი ჩაირთო!

პიაცას კოშკი - ესეც ბათუმის სა-უცხოო სიახლეა. კოშკის საათი ჯერ არ აწიკწიკებულა, მაგრამ, ცხადია, რომ ბათუმი თანდათან კარგავს ტრადიციულ იერს და რამდენიმე ევროპულ ქალაქს ერთდროულად ემსგავსება:  (პრეზიდენტი ხომ ბათუმში ხან სიდნეის აშენებს, ხან ლას-ვეგასს?)

KvirisPalitra.Geქალაქის ცენტრში ისევ ამაყად დგას მედეა, ილია კი თეატრის უკან. ილია ჭავჭავაძის ძეგლის ადგილი სრულიად შიშველმა, ინტერნაციონალურმა ნეპტუნმა დაიკავა, თანაც -  იტალიური ქანდაკების ასლმა. სანამ ბათუმელები არკვევდნენ, რა უნდა თეატრის უკან დიდ ილიასო, უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის შენობების წინ შიშველ ნეპტუნს შიშველი სირინოზებიც მიუწვინეს.

ზოგს მოეწონა სიახლე, - ზღვის ქალაქს ზღვის ღვთაება მოუხდებაო. ნაწილი კი, ალბათ, იმიტომ გაბრაზდა, რომ ნეპტუნმა თავისუფალი ადგილი კი არა, ილიას ადგილი დაიკავა.

რა იქნებოდა ბულვარის მთავარ შესასვლელში, დიდხანს იფიქრა ქალაქის ხელმძღვანელობამ და ბოლოს "ნიჟარაში" საქორწინო სახლი განათავსა. დასაქორწინებელი წყვილები ჯერ არ გამოჩენილან და არც სალამურიან ბიჭებს აუკვნესებიათ სალამურები. სამაგიეროდ, ბულვარის კაფე-ბარები ისევ ღიაა და "თუ ჯიბეში ფული ჭყავის", თამამად შეგიძლიათ მოილხინოთ ქართულად, უცხოურად - მით უმეტეს.

როგორც ამბობენ, ქართულ რესტორნებში ფასები "გარბის". მაგალითად, ერთ-ერთი კაფეს მენიუ გვამცნობს, რომ აჭარული ხაჭაპური 5 ლარი ღირს, იმერული - 7, ხოლო მეგრული - 8 ლარი. ზოგიერთი მზარეული არ მალავს, რომ მოლხენას ფასი მოემატა, რადგან ცხოვრება გაძვირდა. ბათუმის ზღვისპირა კაფეები ჯერჯერობით ცარიელია, ბუნგალოები კი ქალაქის მერიამ ახალ ბულვარში გადაამისამართა, - იქ ხალხი ახლოს არ ცხოვრობს და ხმაური აღარ შეგაწუხებთო!

თურქული და სომხური რესტორნები კლიენტების სიმწირეს არ უჩივიან. არაერთი ზღვისპირელი სომხური ენის დაუფლებასაც ცდილობს. სხვათა შორის, ამას წინათ მითხრა ახლობელმა, - რაფერ არ ვისწავლო სომხური, მაგენის ჩემთან დასვენებით ვიდგამ სულს და შარშან მისაყვედურეს, ამდენი წელი შენთან დავდივართ და სომხურ ენაზე მომსახურებასაც კი არ კადრულობთო(!).

მიუხედავად ყველაფრისა, ბათუმი იცვლება და ლამაზდება, მაგრამ ცვლილებების დრო ჯერ არ დასრულებულა. ბათუმსა და ქობულეთში, თითქმის ყველა ქუჩაში მტვრის ბუღი დგას და ქუჩები სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გადათხრილია. სამუშაოების დასრულებამდე ფეკალური მასები ისევ ზღვაში ჩაედინება, ხოლო ბათუმურ ონკანებში სასმელ წყალს ისევ მზე აშრობს.

მოკლედ, ქართულ ზღვისპირეთში ტურისტული ცნობიერება ახლა იდგამს ფეხს, ცოტა ხნის წინ კი აჭარაში ჩამოსულმა ტურიზმის გერმანელმა ექსპერტმა ანდერ მითერდორფერმა აჭარის დამოუკიდებელი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გულწრფელად გაგვიზიარა თავისი მოსაზრება,  ქართველებს ტურიზმზე ჯერჯერობით წარმოდგენაც კი არ გაქვთო!

კარგი თუ ცუდი წარმოდგენების მიუხედავად, უცხოურმა ინვესტიციებმა (რატომღაც ქართულმა არა) ზღვისპირეთში არაერთი მაღალი დონის სასტუმრო და რესტორანი გააჩინა. ფაქტია ისიც, რომ არაერთ ობიექტში ინვესტიცია "გაიყინა". მაგალითად, ყაზახური ინვესტიციების პაკეტი 2006 წლიდან დღემდე 21 სასტუმროს აგებას ითვალისწინებდა. მათგან კი მხოლოდ ერთი აიგო. "წარმოდგენა რომ არ გვაქვს", ეს კიდევ, ალბათ, იმითაც გამოიხატება, რომ ქართულ ზღვისპირეთში დასვენება  ისევ გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე თურქულში.

ტურისტული სააგენტო "ვანდერლენდი": - "10 დღით რომ ორმა კაცმა ანტალიაში 4-ვარსკვლავიან სასტუმროში დაისვენოთ, 1.600 აშშ დოლარი დაგიჯდებათ. საგზურში ტრანსპორტირებაც შევა და სამჯერადი კვებაც. იმავე პირობით კი, მაგალითად, ბათუმის "შერატონში" 2.000 აშშ დოლარი დაგჭირდებათ, მაგრამ ამ ფასში მხოლოდ საუზმე შევა(!). ტურისტების რაოდენობა აჭარაში აშკარად მატულობს, მაგრამ შეკვეთების თითქმის 80% მაინც უცხოურ კურორტებზე გვაქვს. ქართულ ზღვისპირეთში ტურისტების დიდი ნაწილი კერძო ბინებში ისვენებს. ფასები საქართველოს ზღვისპირა კურორტებზე ყველა სეგმენტში თითქმის იგივე დარჩა, რაც გასულ წელს იყო".

ბათუმის ქუჩებში ჩვენ რამდენიმე უცხოელსა და ქართველ ტურისტს გავესაუბრეთ:

ალენ კორნეგი, აშშ: - აქ ბევრი საუცხოო ადგილი ვნახე, კარგი გარემოა. იმედია, ბათუმი მართლაც საუკეთესო კურორტი გახდება და მე ისევ ჩამოვალ. რა არ მომეწონა? გულწრფელად გეტყვით - ფასები. ფიქრობენ, რადგან უცხოელი ვარ, ბევრი ფული მაქვს და უპრობლემოდ გადავიხდი. ფასები სასტუმროებსა და რესტორნებში სერვისის შეუსაბამოა.

მირიან კარაზიმიანი, სომხეთი: "საქართველოში ისე ვგრძნობ თავს, როგორც საკუთარ სახლში. ალბათ, გაისად აქაურობა უკეთესი დაგვხვდება. სადილად ქართულ რესტორანში დავდივარ. შეკვეთას ხშირად ვაძლევ აჭარულ ხაჭაპურზე. სომხური მწვადების შეწვაც გისწავლიათ".

გელა გოგენიძე, თბილისი: - ბევრი სიახლე დაგვხვდა ბათუმში. რაც შენდება, ყველაფერი ლამაზია. რეალობა კი ის არის, რომ ვისაც ფული აქვს, უცხოეთში მიდის დასასვენებლად, აქაურები კი, თურქეთში კრეფენ ჩაის ან თხილს, ან თურქი ბიზნესმენების სასტუმროებში გროშებად მუშაობენ. მერე თურქები ბათუმში კაზინოში სათამაშოდ გადმოდიან.

KvirisPalitra.Geბათუმის ბულვარში შეკრებილან "ბულვარის პოლიტიკოსები". აქ ბათუმელები ნარდსა და ჭადრაკს თამაშობენ და, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ თამაშებსაც განიხილავენ.

- ამ ვეტერანთა კლუბს ხომ წინათ "ნონა" ერქვა? - ვკითხე მოთამაშეებს, როცა შენობაზე ნაცნობი აბრა ვეღარ დავინახე.

- ნონა რომ ოპოზიციაშია, ახლა გაიგე? აქ მაგის სახელს ვინღა გააჩერებდა? - დანანებით მიპასუხა ჯემალ შავაძემ.

- გვატყუებენ. კომუნისტების დროს იმდენი დამსვენებელი ჩამოდიოდა, რომ მთის ძირის ქუჩაზეც კი ქირავდებოდა ბინები. მაშინდელი სტატისტიკით 200 ათასი ტურისტი გვყავდა. ახლა მხოლოდ რუსთაველის ქუჩაა მწყობრში და - 800 ათასი? სად ეტევა ამდენი ხალხი, დამანახონ?! ტურიზმის განვითარება კარგია, მაგრამ არ მომწონს, ქართულს უცხოური რომ ენაცვლება. იმდენი უცხოური წარწერაა, ვეღარ ვცნობ ჩემს ქალაქს. ისე ვიქცევით, თითქოს ქართველობა სათაკილო იყოს.

ქართულენოვან აბრებს ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური აკონტროლებს (ან უნდა აკონტროლებდეს). მისი ხელმძღვანელი დავით დავითაძე ამბობს, რომ "თურქულ უბანში" გაფრთხილება ხშირად  შეუსრულებელი რჩება:

"რამდენჯერმე გავაფრთხილეთ, მაგრამ თავისას არ იშლიან. თუმც ოდნავ მაინც გამოსწორდა ვითარება. წინათ აქ მართლა თურქეთში გეგონებოდათ თავი. ახლახან მივიდნენ "თურქულ უბანში" ჩემი სამსახურის წარმომადგენლები და გპირდებით, ყველაფერს გამოვასწორებთ. თითოეულ აბრაზე ქართული წარწერა იმავე ზომის უნდა იყოს, როგორიც უცხოურია. ამას კატეგორიულად მოვითხოვთ".

ზღვისპირეთში კიდევ ერთი სიახლეა! ...და მზემოკიდებულ პლაჟზე უკვე აღარავინ დადის ათასგვარი ტკბილეულის გასაყიდად. ბათუმის ბულვარის, ასევე ქობულეთის გამგეობის გადაწყვეტილებით, გარე ვაჭრობა პლაჟზე აკრძალულია! - რატომ? იმიტომ, რომ ეს არაესთეტიკურად მიიჩნია მთავრობამ. ესთეტიკური სავაჭრო ჯიხურები (სადაც გარე მოვაჭრეები, ალბათ, ვერ დასაქმდებიან) მალე გამოჩნდება.

მანამადე კი ცხელი სიმინდის მირთმევის სიამოვნება პლაჟზე მხოლოდ მაშინ გელით, თუკი ქურდულად შემოპარულ გარე მოვაჭრეს დაინახავთ. ფრთხილად! ხმამაღლა არ დაუძახოთ, თორემ შესაძლოა "მაღალჩინოსანი" ეგონოთ და ისე გაქრება, ვეღარ გაიგებთ, ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ. თუმცა ერთ-ერთი აგერ, ჩემ წინ ფეხებით ჩამდგარა წყალში. დაღლილსა და შეშინებულ სახეზე ღიმილი დასთამაშებს.

ალბათ, იცის, რომ წინ სა-უცხოო სეზონი გველის!