შვეულმფრენი ტაქსივით ჩერდებოდა სოფელ-სოფელ - კვირის პალიტრა

შვეულმფრენი ტაქსივით ჩერდებოდა სოფელ-სოფელ

ცოტა ხნის წინ თუშეთობას უმასპინძლა ომალომ. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში საფუძველჩაყრილი ეს დღესასწაული ყოველწლიურად უფრო სანახაობრივი ხდება. იმ დღეს ტურისტების ტევა არ იყო თუშეთის ყველაზე დიდ სოფელში. მასპინძლებს თუშური ფარდაგები და ხალიჩები ღობეებზე, მინდორსა და სასტუმრო ფაცხების კედლებზე გაეფინათ.

თუშები მასპინძლობდნენ ყველას: ქართველსაც და უცხოელსაც, მთავრობის წარმომადგენელსაც და რიგით მოგზაურსაც. ყველას სიამოვნებით აცნობდნენ იმას, რაც შარშან ამ დროს არ არსებობდა ან დასამთავრებელი იყო.

მელწაიძეებს სასტუმრო დაუმთავრებიათ. შარშან, აგვისტოში, აქ მხოლოდ კედლები იყო. უყოჩაღიათ თუშებს, მხარში ამოსდგომიან ერთმანეთს და წელს მზად დახვედრიან სტუმრებს. სეზონის გახსნისთანავე მიუღიათ პირველი სტუმრები, თუშეთის დასალოცად ჩასული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და მისი თანმხლები პირები. მელწაიძეები იმედიანად არიან, ეგებ საქმე ისე წავიდეს, რომ ზამთრის ტურიზმიც განვითარდეს თუშეთში, მასპინძლობას მაშინაც შევძლებთო.

ზამთრის ტურიზმის განვითარებაში აქაურები დიდ პერსპექტივას ხედავენ. ისევ აივსება სოფლები ხალხით, აქ ზამთარ-ზაფხულ ცხოვრებაზე ბევრი იფიქრებს. ეს საქმე კი იოლად გამოვა, თუ ტრადიციული პრობლემა, საჰაერო ტრანსპორტის საკითხი მოგვარდებაო. კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვიანიაშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი პეტრე ცისკარიშვილი ჰპირდებიან თუშებს, რომ თვითმფრინავიც მალე იქნება და ზამთრის ტურიზმიც განვითარდება.

ტურისტთა ერთი ჯგუფი გეზს კესელოსკენ იღებს, გორაკის ძირას ჩერდებიან, ახალ სალუდესთან. აქ ძველთაგანვე ყოფილა სარიტუალო ლუდსახარში. კარგა ხნის წინ დანგრეულა და ამიტომაც ყოველ რელიგიურ და სახალხო დღესასწაულზე ლუდს ღია ცისქვეშ ხარშავდნენ.

სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ფონდების დახმარებით სალუდე აღდგა. ახლა თუშური ლუდის მოდუღების ტრადიციაც უბრუნდება პირვანდელ სახეს და ძველი სანახაობებიც. "ტურისტებს ძალიან მოსწონთ ჩვენი წეს-ჩვეულებები, ტრადიციები. ვცდილობთ, ყველაფერი გავაცოცხლოთ და მთაში უფრო მეტი სტუმარი მოვიზიდოთ", - ამბობენ თუშები.

ომალოსა და მთელი თუშეთის სიამაყეს - კესელოს  ციხე-კოშკებს წელს ბევრი სტუმარი ჰყოლია. მათივე საინვესტიციო  ფონდის დაფინანსებით 18 ჩეხი სტუდენტი კოშკების დასუფთავებით სამუშაოებზე ჩამოსულა. "მომზადდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც ერთ-ერთი ცენტრალური ციხე-სახლის კოშკი გაიწმინდა და სარესტავრაციოდ მომზადდა.

ჩეხი სტუდენტების დახმარებით დართლოში უნიკალური ნაფიცი მსაჯულის 12 ქვაც აღვადგინეთ. უამრავი წიგნი გვქონდა კესელოს ბოლო კოშკში და იქ ჩეხმა სტუდენტმა გოგონებმა  ბიბლიოთეკა მოაწყვეს. მათ პატივსაცემად დავარქვით ამ ციხეს "გოგონების კოშკი", - ამბობს თუშეთის ეთნოგრაფიული მუზეუმის ხელმძღვანელი ნუგზარ იდოიძე.

ირგვლივ იმდენი სანახაობაა, ძნელია ერთდროულად მიადევნო თვალი ყველაფერს. თუშები არ გვზარდებიან და ერთსა და იმავე საქმეს ტურისტების საამებლად რამდენჯერმე იმეორებენ - გვაცნობენ თუშური გუდის ყველის ამოყვანის ტექნოლოგიას, ცხვრის გაკრეჭასა და რაც მთავარია, იმართება დოღი, რომელშიც ყველაზე გაწვრთნილი ცხენ-მხედრები მონაწილეობენ.

ხანში შესული ომარ იჭირაული მიხსნის, მხედარი ნიავივით მსუბუქი უნდა იყოს, ცხენი რომ არ შეაწუხოს სიმძიმით და გამარჯვება მოიპოვოსო. გამარჯვებულიც გამოჩნდა, მაგრამ მის გარშემო ისეთი ამბავი შეიქნა, ახლოს ვეღარ მივედი. მალე წითელი ალამი და პრიზად მირთმეული ჭედილა აიღო და ცხენოსნებთან ერთად გაქუსლა.

ფაცხები უსასყიდლოდ უმასპინძლდებოდნენ ყველას, ქართველსაც და უცხოელსაც. ეს უცხოელებს აკვირვებდა, - ჩვენს ქვეყანაში ასე არავინ მოექცევა ტურისტსო, ამბობდნენ ფრანგები და გემრიელად შეექცეოდნენ თუშურ ხინკალს, კოტორსა და ჩაქაფულს.

კინაღამ გამომრჩა მშვილდოსნობა. მეც ვცადე ბედი, მაგრამ ვერც დროშის ტარს გავარტყი მთავარი პრიზის, ცხვრის მოსაგებად და ვერც ულამაზესი თუშური ჩითები მოვიპოვე. აი, აქ იყო ნამდვილი აზარტი. ერთმანეთს გაეჯიბრნენ გუბერნატორი ღვინიაშვილი (რომელსაც შარშან ალვანში, ზეზვაობაზე, ზედ დროშის ტარში გაურტყამს ისარი), თუში ცისკარიშვილი და ოლიმპიური ჩემპიონი, ხევსური ზვიადაური. სტუმრებს მაინც მასპინძლებმა, თუშებმა აჯობეს და ოთხფეხა პრიზიც გზას გაუყენეს.

KvirisPalitra.Geპეტრე ცისკარიშვილი: "ჩემი ფესვები აქ არის, წოვა-თუშეთში. ახლა იქ ნასოფლარია. გომეწრის ხეობაში იყო სოფელი საკირთა.  ჩვენები იქიდან XIX საუკუნის 50-იან წლებში წამოსულან. დიდ ზვავს მთელი სოფელი დაუნგრევია და ჩამოსახლებულან ჯერ ომალოში, მერე კი ალვანში. იქაურობა ახლა საძოვრებად არის ქცეული.

თუშეთისთვის დიდი პრობლემაა სატრანსპორტო კავშირი. გზა წელს ოდნავ გავაუმჯობესეთ, 40 წუთი მოაკლდა მგზავრობის ხანგრძლივობას. გაწმენდითი სამუშაოების გარდა, ყოველ წელს ნახევარი მილიონი ლარი რომ დაიხარჯოს ამ გზის გასაკეთებლად, კიდევ უფრო შემცირდება მგზავრობის ხანგრძლივობა. მალე თუშეთში ელექტროენერგიაც იქნება, როგორც ჰესების, ისე მზის ბატარეების, ეს  მთაში ცხოვრებას სასიკეთოდ შეცვლის".

ომალოდან თელავამდე შვეულმფრენით ვბრუნდები. დიკლოსა და შენაქოში ცნობილი მფრინავი, დიკლოელი შამილი ბარიდან გატანებულ ბარგს უტოვებს იქაურებს. საინტერესო სანახაობაა. შვეულმფრენი სამარშრუტო ტაქსივით სოფელ-სოფელ ჩერდება. ძნელია ასე ფრენა, მაგრამ გული ვერ გამიძლებს, ჩემიანს რომ არ დავეხმაროო, ამბობს შამილი. კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი გვაიმედებს,  რომ მალე თუშეთში საჰაერო ტრანსპორტიც იქნება.

პ. ს. ბარში ჩამოსულს ერთი თუშის ნათქვამი ამეკვიატა, შენი სამშობლო იქ არის, სადაც მიგესვლება. ზოგჯერ მისასვლელს მტერი გიკეტავს, ზოგჯერაც შენივე უმოქმედობა. თუშეთში ამდენ ხანს გზები ჩვენი, ხალხისა და ხელისუფლების ერთობლივი უმოქმედობით იყო ჩაკეტილი. ახლა გაიხსნა ეს გზა და აღარ ჩავკეტავთო.

როგორ იხარშებოდა ლუდი

ლუდის მომზადებას რამდენიმე დღე და ზოგჯერ კვირაზე მეტიც სჭირდებოდა. დადუღების შემდეგ ნათაურას გადმოიღებდნენ ცალკე ჭურჭელში, რომ სუფრა ეკურთხებინათ. ამ დროს ასრულებდნენ რიტუალურ კოდის დალოცვის სიმღერას. მერე ნათაურა დღეობაზე მიჰქონდათ, აინთებოდა ცხვრის ბეჭზე სანთელი და ჯვარის მსახური დალოცავდა თემს, სტუმარს, მასპინძელს.

მთის ჯვარხატების სასულიერო პირები - შულტები გახსნიდნენ სუფრას. ერთ მხარეს ქალები დასხდებოდნენ, მეორე მხარეს - კაცები, შუაში კი, საცეკვაოზე, ერთმანეთს სიმღერით, ლექსითა და ცეკვით ეპაექრებოდნენ.