კლდიაშვილის აზნაურთა ეზო-კარს დამსგავსებული კურორტი - კვირის პალიტრა

კლდიაშვილის აზნაურთა ეზო-კარს დამსგავსებული კურორტი

"სუბელიანი მთელ საქართველოში დადის და რაღა ჩვენ დავავიწყდით"

"შეგვპირდნენ, რახან პროდუქტს არ გაძლევთ, ფულს, სულზე 150 ლარს, მოგცემთო, მაგრამ  კაპიკიც არ გვინახავს თვალით"

"კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ რეპორტაჟს, ანუ ამ წერილის პირველ ნაწილს ("გასეირნება სურამში ცხენის ფლოქვების აკომპანემენტით") რეაგირება მეორე დღესვე მოჰყვა, - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ სურამში რადიაციული ფონი შეამოწმა და დაადგინა, რომ ის ნორმის ფარგლებშია.

თხრობას ახლა ჩუმათელეთიდან ვაგრძელებ. იმ გადასახვევთან ჩამოვდივარ, სადაც ჟანგიანი ბანერი და ისარი მიმანიშნებს, რომ რამდენიმე ასეულ მეტრში სანატორიუმი "სურამია".

სანამ იქამდე მივალ, აღმართი მაქვს ასავლელი. გზა ისეა აჩიჩქნილი და ქვა-ღორღით სავსე, მარჯვედ უნდა იყო, რომ ფეხი არ მოიტეხო. უწინ სანატორიუმის შორიახლო სახლებში დამსვენებელი ბლომად ჰყავდათ. ნეტავ ახლა რა ხდება? ორღობეში გამოსულ ახალგაზრდა ქალებს ვატყობ, დამსვენებლები უნდა იყვნენ.

ნათია კვირიკაშვილი: "ჩვენს მასპინძელ ოჯახში ძალიან კარგი პირობებია, მაგრამ სახლში ხომ არ გამოვიკეტებით? გამოვალთ ქუჩაში და აქაურობა ღორებით, თხებითა და ძროხებით არის სავსე. ზემოთ, ტყეშიც ვერ ახვალ, დაბინძურებულია. ასეთი უპატრონო კურორტი არსად მინახავს. არადა, აქ დასვენების შემდეგ ბავშვები რამდენიმე წელიწადში ასთმისა და ბრონქიტისაგან იკურნებიან.

ნუთუ არ შეიძლება ეს უნიკალური წიწვოვანი ტყე გასუფთავდეს, რომ დამსვენებელმა გასეირნება შეძლოს? წელს დამსვენებელი რომ ნაკლებადაა, ტელევიზიით გავრცელებული ინფორმაციის ბრალია, სურამში რადიაცაა და სიმსივნურმა დაავადებებმა იმატაო. წლებია აქ დავდივარ და თუ აქ მართლაც რადიაციაა, ახლა მკვდარი უნდა ვიყო".

KvirisPalitra.Geლია ჯიქია: "ამხელა საკურორტო ზონაა და ერთ სანატორიუმს ვერ ნახავთ. ატრაქციონიც კი ძველისძველი და დაჟანგულია. ბავშვი საქანელაზე რომ ჯდება, ხელგაწვდილი ვდგავარ, რომ არ ჩამოვარდეს. ქუჩაში გარე განათება არ არის. კანალიზაცია გაიყვანეს და გზა გადათხრილი დატოვეს. საღამოს ვერ ვსეირნობთ, რადგან შეიძლება სიბნელეში ორმოში გადავცვივდეთ".

ტყისპირს მივატანე. ერთ დროს ასფალტირებული გზის ბოლოს რკინის ბოძებზე გადაჭიმული ბანერი მაუწყებს, რომ სანატორიუმის ტერიტორიაზე შევდივარ. აქედან ტყის ბილიკით უნდა გავაგრძელო გზა, მაგრამ... ათიოდე ნაბიჯზე ნაგვის გროვას ვაწყდები, რომელშიც  გულმოდგინედ იქექებიან ქათმები.

აი, უკვე სანატორიუმის წინ ვდგავარ და თვალებს არ ვუჯერებ. კიბეზე, რომელმაც სანატორიუმის შესასვლელთან უნდა მიმიყვანოს, ფილაქანი ისე აყრილა, გავლას დიდი სიმარჯვე სჭირდება.

ერთ დროს კოხტა დასასვენებელი სახლის ნაცვლად იავარქმნილ შენობასა და გაპარტახებულ ეზოს ვხედავ. ვიღაცას ზამთრისთვის შეშა ბლომად მოუმარაგებია და ეზოს ნაწილი მის საწყობად გამოუყენებია. გამვლელ ქალს ვეკითხები, სანატორიუმში ვინ ბინადრობს-მეთქი? აფხაზეთიდან დევნილებიო გვპასუხობს.

ჯობს, ზემოთ ავიდე, იქ ჩემს ბავშვობაში თბილისისა და რუსთავის პიონერთა ბანაკები - "შევარდენი" და "ფოლადი" იყო. იქნებ იქ მაინც ვნახო რამე სანუგეშო. ტყის ბილიკს მივუყვები. ნაძვის, ფიჭვისა და მუხის აშოლტილი ხეები ქოლგასავით გადაჰფარებია აქაურობას.

ტოტებშუა მზის სხივი ვერ აღწევს,  საღამოს 6 საათია. ამ დროს ყველაზე მეტი დამსვენებელი იყო "როშჩაში" (ასე ვეძახდით ბავშვობაში). ახლა კი ოციოდე კაცს თუ დაითვლი. გული მწყდება, მაგრამ თავს ვინუგეშებ, იქნებ ბანაკების ტერიტორია მაინც დამხვდეს მოვლილი-მეთქი.

ფიქრით ისევ ბავშვობაში გადავდივარ. სურამის ქება ჩემგან იმდენჯერ მოისმინეს ჩემმა  მეგობრებმა, რომ ერთ წელიწადს სურამის პიონერთა ბანაკში დასვენება გადაწყვიტეს. მეც მათთან მოვინდომე ყოფნა და მამას სამი დღე ვეხვეწებოდი, საგზური მეც ამიღე-მეთქი. ბანაკში რა გინდა, იქვე დეიდასთან იქნები და მეგობრებსაც მოინახულებო, მაგრამ მე ბანაკში მინდოდა. მამამ  გული არ მატკინა და მომიტანა სანატრელი საგზური. ბანაკში, მეგობრებთან გატარებული არდადეგები, ყველაზე დასამახსოვრებელი ზაფხული იყო.

ერთ დროს კომფორტული ბანაკის ეზოში რომ შევედი, რკინის ჭიშკარი ისევ ჩემდროინდელი დამხვდა, ოღონდ უკვე მორყეული და საღებავგაცლილი. შევაბიჯე ეზოში, იქაურობას თვალი მოვავლე და... გული ჩამწყდა, გაპარტახებული, მოუვლელი ეზო და ჩამოქცეული კორპუსები რომ ვიხილე, რატომღაც კლდიაშვილის აზნაურის დაქცეული ეზო მომაგონდა.

კოტეჯების წინ, მაგიდასთან, ასაკოვანი ქალები სხედან.

- გამარჯობა, აქ ცხოვრობთ?

- ამას თუ ცხოვრება ჰქვია, შვილო. სამაჩაბლოდან დევნილები ვართ, - მპასუხობენ და ჩემი ვინაობით ინტერესდებიან. რომ გაიგეს, ჟურნალისტიაო, სევდიანი თვალები გამოუცოცხლდათ, სახეზე იმედის სხივი აუთამაშდათ. ამდენი ხანია აქა ვართ და კაციშვილი არ მოსულა. პირველი თქვენა ხართ.

ეთერ ლაღაიშვილი: "აქ ზოგი ავნევიდან ვართ, ზოგიც ნულიდან. ჟურნალისტები მოვიწვიოთ და ჩვენი გაუსაძლისი მდგომარეობა გავაშუქებინოთ-მეთქი და გაგახაროს ღმერთმა, შენი ფეხით მოხვედი აქა.

კარგ ჰაერზე კი ვართ, მაგრამ მარტო ჰაერი გვიშველის? ზამთარში სიცივით ვიხოცებით, ზაფხულში - უწყლობით. სასმელი წყალი სოფლიდან ამოგვაქვს. წვიმას ველოდებით, რომ სარეცხისთვის მოვაგროვოთ.

აქ იშვიათად მოდის წყალი. შეამოწმეს და გვითხრეს, სათავეშია დაბინძურებულიო. როგორ დავლევთ, ონკანიდან წყალი კი არა, ლაფი მოდის".

გულნარა ჭავჭავაძე თავისი კოტეჯისკენ მიგვიძღვის: - დენის და გაზის ფულს სახელმწიფო კი გვიხდის, მაგრამ ნახე, ფანჯრების ჭუჭრუტანები ბამბით მაქვს ამოქოლილი. რომ არ ამოვქოლო, ქარი ისე ნავარდობს ოთახში, გავიყინებით.

KvirisPalitra.Geკედლებს ნესტისაგან ობი მოეკიდა. აქამდე დახმარებას მაინც გვაძლევდნენ: ფქვილს, ზეთს, შაქარს, ლობიოს, ახლა შეგვიწყვიტეს.

შეგვპირდნენ, რახან პროდუქტს არ გაძლევთ, ფულს, სულზე 150 ლარს, მოგცემთო, მაგრამ კაპიკიც არ გვინახავს თვალით. გვეუბნებიან, დღეს-ხვალ ხაშურში გადაგიყვანთო, მაგრამ... აქამდე ტრანსპორტიც არ მოდის და ხაშურის ბაზრიდან ბევრი ვერაფერი მოგვაქვს. ექიმი ჩვენ არა გვყავს და ექთანი. ვის უნდა მივმართოთ და ვისთან ვიჩივლოთ, უკვე აღარ ვიცით. კობა სუბელიანი ყველგან დადის და ეცნობა დევნილების პირობებს, ნუთუ ერთხელ მაინც არ უნდა მოვიდეს და იკითხოს სურამში მყოფი დევნილების ამბავი?

ვალენტინა ხარაული: "იურა ცხოვრებოვს ბებია ზრდიდა. ბიჭი 10 წლის იყო, ბებია რომ გარდაიცვალა და ჩვენს ოჯახში მივიღეთ, ჩემს შვილებთან ერთად გავზარდე. 13 წელია ჩვენს ოჯახში ცხოვრობს, უკვე 23 წლის გახდა. ომის დროს ჩვენ გამოგვყვა. მამიდა ჰყავს ცხინვალში, მაგრამ იურამ ოსებთან დარჩენა არ ისურვა. უთქვენოდ ვერ გავძლებო.

ჩემი მასპინძლები ხადურების კოტეჯისაკენ მიმიძღვებიან. ხადურები პატარა ლიახვის ხეობიდან, სოფელ ვანათიდან არიან. მათ ოროთახიან საცხოვრებელში შესვლისთანავე უჰაერო სივრცეში აღმოჩნდებით. ნესტის სუნი სულს მიხუთავს. ფანჯარას ვეძებ, რომ მასპინძელს გაღება ვთხოვო, მაგრამ ამ საცხოვრებელს ფანჯრები არა აქვს.

დღეც და ღამეც სინათლე თუ არ გვინთია, ოთახში უკუნი სიბნელეაო, - მეუბნება მედიკო ხარაული: "უჰაერობით ლამის დავიხრჩოთ. კედლები სულ სველია. იატაკი ჩაიმტვრა, შიგ ფეხი ჩამივარდა და ფანერა დავაკარი. კედლები ფიცრის კი არა, გიბსო-კარდონისაა. ამ სივიწროვეში წვალებით ვცხოვრობთ. მეუღლე ინვალიდი მყავს, ინსულტიანი. რაც აქა ვართ, უფრო დაუმძიმდა მდგომარეობა".

ოჯახის უფროსი გიორგი ხადური სახლთან სკამზე ზის. წუხს, რომ ვერ შემეგება. საიდან ხარო, მეკითხება. თურმე "კვირის პალიტრის" მკითხველია. რაზეც წერთ, რეაგირება ყველაფერს მოჰყვა და იქნებ თქვენი წერილის დაბეჭდვის მერე მაინც მოგვხედონო.

ღამდებოდა. თბილისის ტრანსპორტისთვის უნდა მიმესწრო და ავჩქარდი. წამოვედი, ფიქრით კი იქ დავრჩი, დევნილებთან. ერთი ქალის ნაამბობი გამახსენდა: "ჩვენი სოფლის დაბომბვა დილაადრიან დაიწყო. სახლში ყველა მინა ჩაიმსხვრა და ძირს დავვარდი. დაბომბვა რომ ჩაწყნარდა და თავი ავწიე, კარგად ვეღარ ვხედავდი.

ერთ თვალში უცებ დავკარგე მხედველობა. გარეთ რომ გამოვვარდი, იმდენი დასისხლიანებული და დახოცილი დავინახე, ჩემი მდგომარეობა მათ უბედურებასთან რა სახსენებელი იყო.  მე და ჩემი ოჯახის წევრები ცოცხლები მაინც გადავრჩით. არ გვინდა აქ ხიზნებად ყოფნა. დაგვაბრუნონ ჩვენს სახლ-კარში და ჩვენზე ბედნიერი არავინ იქნება".

უთუოდ დავწერ ამ ადამიანებზე, რომელთაც უკანასკნელი იმედი გამომაყოლეს. იქნებ ამ წერილის მერე მაინც გაახსენდეთ დევნილები, რომლებიც კობა სუბელიანს ჯერ არ უნახავს.

KvirisPalitra.Ge"სურამისა ციხეო, სურვილითა გნახეო..."

დაბა სურამი სამთო კლიმატური კურორტია ხაშურის რაიონში. ჰავა აქ მშრალი, სუბტროპიკულია, ამიტომაც განსაკუთრებული თვისებების გამო 1926 წლიდან სურამი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტი გახდა. სურამის ჰავა განსაკუთრებით სასარგებლოა სასუნთქი გზებით დაავადებული ბავშვებისათვის,  რეკომენდებულია აგრეთვე  ტუბერკულოზის სამკურნალოდ და იმუნიტეტის ასამაღლებლად.

სურამის წარმოშობაზე ხალხური თქმულება არსებობს: სურამში ცხოვრობდა ორი ახალგაზრდა, ქალ-ვაჟი, ქალს სუ რქმევია, ვაჟს - რამი. ერთმანეთი ძალიან ჰყვარებიათ. რაკი მშობლები ერთად ყოფნას უშლიდნენ, ქალ-ვაჟმა მალულად დაქორწინება გადაწყვიტა და იმ უბანს, სადაც ისინი დასახლებულან, მათი ერთობლივი სახელი - სურამი დარქმევია. მოგვიანებით ამ სახელით მთელ დაბას მოიხსენიებდნენ.

გადმოცემის თანახმად,  ელიოზ მცხეთელმა და ლონგინოზ კარსნელმა მაცხოვრის უკერავი კვართი, რომელიც იერუსალიმიდან მცხეთაში მიჰქონდათ, სურამში, კვართის მთაზე დააბრძანეს.

ამ ვერსიას ამყარებს რამდენიმე არგუმენტი: პირველი - გზა, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს აერთიანებს, უძველესი დროიდან სურამზე გადიოდა და მეორე - ებრაელები სურამში უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ და არ არის გამორიცხული, სწორედ სურამელი ებრაელების დამსახურება იყოს მაცხოვრის კვართის დაბრძანება ზემოაღნიშნულ ადგილზე.

სურამის უმნიშვნელოვანესი ღირსშესანიშნაობაა ციხესიმაგრე - კომპლექსი, რომელშიც შედის გალავანი-ციხე, წმ. გიორგის ეკლესია, კოშკი და სასახლე. ციხეს ჰქონდა გვირაბი, რომელიც დაბლა 12-16 მეტრზე ეშვება. გადმოცემის თანახმად, ციხე გვირაბით უკავშირდებოდა მდ. სურამულას, საიდანაც ალყის დროს სასმელი წყალი შეჰქონდათ ციხეში.

სურამის ციხეზე უძველესი დროიდან არსებობს თქმულება, თითქოს მისი უძლეველობის მიზეზი ის არის, რომ მის კედლებში ცოცხლად არის ჩაკირული დედისერთა ვაჟი. ამ ლეგენდას მიუძღვნა დანიელ ჭონქაძემ თავისი ნაწარმოები "სურამის ციხე".

ამბობენ, იმ მხარეს, სადაც ზურაბი ჩააშენეს, დღესაც წვეთ-წვეთად მოჟონავსო დედის ანკარა ცრემლი. ყოველ მთვარიან ღამეს სურამის ციხესთან გამოდის შავოსანი ქალი და ტირილით შეჰღაღადებსო ციხის ნანგრევებს: "სურამისა ციხეო, სურვილითა გნახეო, ჩემი ზურაბ მანდ არის, კარგად შემინახეო".