"პლიაჟნი" ბიზნესი, გახურებული "გალისე" და წონოსანი "ბალუ" - კვირის პალიტრა

"პლიაჟნი" ბიზნესი, გახურებული "გალისე" და წონოსანი "ბალუ"

ხშირად გაგვიგონია გამოთქმა, ცხოვრება დუღდა და გადმოდუღდაო. წელს ქობულეთში ცხოვრება მართლაც დუღს და თანაც როგორ... აქაურები ამბობენ, ასეთი ცხელი სეზონი (ტემპერატურითა და მოაგარაკეთა რაოდენობით) ჯერ არ გვახსოვსო.

მესიმინდეები

წელს ქობულეთში ბევრი რამ შეცვლილი დამხვდა, ბევრიც ძველი, თუმცა ახლებური შტრიხებით. მაგალითად, მესიმინდეები ისევ ძველებურად დადიან გავარვარებულ სანაპიროზე, მაგრამ რაღაც თეატრალიზებულად - ენაპირმოქარგულები უხმობენ მოაგარაკეებს. კონკურენცია დიდია, ყოველ ხუთ წუთში ერთხელ "სიმინდი დადის" და მათი სიტყვა ყურადღებასაც უმალ იპყრობს. აი, ერთი მესიმინდე, რომელიც ალბათ დღეში ათ კილომეტრს გადის და მაინც არ ეტყობა დაღლა, ხამუშ-ხამუშ ყვირის:

"აბა, ტარო შერჩევით, ფასი შეთანხმებით, მარილი გემოვნებით". ერთი ტაროს სტანდარტული ფასი 1 ლარია, მაგრამ პირობა ხომ ასეთია - შერჩევით და შეთანხმებითო. პირობამ კი, იცით თქვენ, კაცს ცოლი რომ დაატოვებინა. ჰოდა, ისიც 20 თეთრს უკლებს, ქვაბი ოდნავ მსუბუქდება, გამყიდველიც კმაყოფილია და მყიდველიც.

"მთლა ახალი სიმინდი, ნენა, ჭყინტიც მაქვს, სავსე მარცვლიანიც, იმფერია, თითებს მიაყოლებთ", - ამბობს წელში მოკაკული დედაბერი და ისე მკვირცხლად მიდი-მოდის ამ ცხელ სანაპიროზე, ვერ იტყვი, 80-ს მიუკაკუნაო.

- სადაური ხართ? - სანამ სიმინდს ჩახედავს, გამყიდველის წარმომავლობით ინტერესდება მყიდველი.

- გურიიდან ვარ, ნენა, გურული სიმინდი რო ყველაზე გემრიელია, გეცოდინება, ალბათ!

- ვითომ რატომაო?

- იმიზა, ნენა, რომე გურიაში სხვა მიწაა, ყოლიფერი სხვანაირი მოდის, უფრო გემრიელი...

- ოთხმოც თეთრად მომცემ?

- აჰ, რას ამბობ, ნენა, აი სიმინდი შეშის ცეცხლზე მაქვს მოხარშული.

- მერე რა მნიშვნელობა აქვს, ხომ არის მოხარშული?

- უი, მაგი მეტი არ გეიმეორო!.. სად შეშაზე მოხარშული და სად - დენზე?

- კარგი, მომეცი, - ღიმილით აწვდის ფულს და ცერა თითით უჩვენებს ახლობლებს, - მართლა კარგიაო.

ცოტა ხანში "არენაზე" გამოდის მესიმინდე თამილა კეკელია. ის ჩაცმულობითაც გამოირჩევა და ტექსტითაც. სხვებს თუ გრძელსახელოიანი ტანსაცმელი აცვიათ, თამილა თინეიჯერივით გამოწყობილა უსახელო წარწერებიანი მაისურით. იგი აბაშიდანაა და, რაღა თქმა უნდა, ამტკიცებს, აბაშური სიმინდი შეუდარებელიაო. "აბა, ყველაზე გრძელი და ცხელიი..." - შემოსძახებს თუ არა, დამსვენებლებმა უკვე იციან, რომ ენაკვიმატმა თამილამ შემოდგა ფეხი პლაჟზე. თამილას აზრით, "პლიაჟნი" ბიზნესიდან ყველაზე მომგებიანი მაინც სიმინდია, ზღვიდან ამოსულ მოშივებულ ადამიანს მარაო და მძივები კი არა, ცხელი სიმინდი უნდა!

- მართალია, ჭყონიასოდენა ფულს ვერ ვშოვილობთ, მარა საჭმლიზა და კიდო წვრილ-წვრილი რაღაციზა გვყოფნის, - ამბობს ვედროსთან ჩაცუცქული თამილა და მართლაც საკმაოდ გრძელ ტაროებს გვაწვდის მე და ჩემს მეგობრებს. თამილასგან ბევრი საინტერესო რამის გაგება შეიძლება.

- ბევრი სომეხია აქ. ტურისტი, ვინც უნდა იყოს, ყველა პატივსაცემია. რაც სომხები ჩამოვიდნენ, იმის მერე უფრო კარგად წოუვიდათ ქობულეთელებს საქმე და მეც მეტი ვიშოვე. რო გევიძახი, ყველაზე გრძელი და ცხელი-მეთქი, ტყუილა კი არ ვშობი მაგას.

სომხებს შედარებით მოკლე ტაროს ლარად ვაძლევ, უფრო გრძელს კი ლარ-ნახევრად, ქართველებს - უფრო იაფად. ეგენი რო ვასიამოვნო, სომხურიც ვისწავლე და ისე უხარიათ, სულ ჩემგან ყიდულობენ. ერთ სომეხს ისე გაუხარდა ჩემი სომხური, მთელი ქვაბი დამიცალა. ასეა, დედა, თუ პატარა ბიზნესი გაქვს, ქეც უნდა მოერგო სიტუაციას და ადამიანებს.

ვერ შეედავები, რკინის ლოგიკაა...

რესტორნები

შარშანდელთან შედარებით სომხური წარწერა ნაკლებად შემხვდა, თუმცა ერთს, რომელსაც სეზონურად აქვს დაქირავებული კაფე, ეტყობა, სულმა წასძლია და ქართულის გვერდით "არტაშასთან" სომხურად მაინც მიაწერა. იმ კაფეში შესული ქართველი მე არ მინახავს და არც სომეხ დამსვენებლებს შეუმტვრევიათ კარი სეზონური მეპატრონისთვის.

რაც შეეხება მუსიკას, იცოცხლე, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ისმის "გალისეს" და "ახ, სირუმ, სირუმ".

- რა ვქნათ, გვიკვეთავენ, ფულს იხდიან და არ დავუკრათ? - გაკვირვებული მეკითხება ერთ-ერთი რესტორნის მუსიკოსი, როცა მეხუთედაც სომხურად იმღერა და საყვედური შევაპარე, - ქართული სიმღერები მთლად ამოშალე შენი რეპერტუარიდან-მეთქი.

"ბალუ და ბელი"

ვისაც "ბალუ და ბელის" რესტორანში არ უსადილია, არ უნდა თქვას, ქობულეთში ვიყავიო! ის ფიჭვნარშია და მისი მეპატრონე ბალუ გახლავთ. ბალუ გოლიათი კაცია, სწორედ ამიტომ ეძახიან ბალუს. ჰყავს ორი ვაჟიშვილი, მაგრამ რადგანაც მხოლოდ ერთია ამ ბიზნესში ჩართული, რესტორანსაც ასე ჰქვია "ბალუ და ბელი".

ბალუს ნამდვილი სახელი გურამი გახლავთ, გვარად ნოღაიდელია. ბალუს არაჩვეულებრივი მომღერლები ჰყავს, ერთს მაუგლი ჰქვია. ის ბალუს შვილობილია და როგორც კი საკურორტო სეზონი დაიწყება, მაუგლი - თბილისელი იკა სულამანიძე ქობულეთში გაჩნდება ხოლმე.

- ხომ იცით, "მაუგლის" ბალუ რა კეთილი და ერთგულია, ასეთია ჩემი გურამი-ბალუც. როცა გამიჭირდა, გვერდში დამიდგა, სწორ გზაზე დამაყენა, დამარწმუნა, რომ მიუხედავად პრობლემებისა და ტკივილისა, ცხოვრება მაინც მშვენიერია, - მეუბნება მაუგლი-იკა და მამობილ ბალუს სიყვარულით შესცქერის.

არა, ასეთი რესპონდენტი ხელიდან გასაშვები არ არის, ამიტომაც ბალუს მეორე დღისთვის ვითანხმებ... "კვირის პალიტრის" ხსენებაზე ბალუს თვალები უნათდება და მეუბნება, - ცხონებულ ქალბატონ ლალის ჟურნალისტს უარს როგორ ვეტყვიო. ჩემი უსაყვარლესი რედაქტორის ხსენებაზე გული ამიჩუყდა.

- იცნობდით ქალბატონ ლალის?

- როგორ არა, მე დედა გურული მყავდა, ხიდისთაველი, ლალიც გურული იყო. 1997 წელს გავიცანი. შეუძლებელია, ერთხელ გენახა და ვერ მიმხვდარიყავი ამ ქალის დიდბუნებოვნებას და ღირსებებს. ძმაკაცი მყავს, როსტომ გუნთაიშვილი (ადრე პარლამენტარი იყო), მაშინვე ის მოვუყვანე და გავაცანი, რამდენიმე დღეში, ვისაც ხმა მივაწვდინე, ყველა გუნთაიშვილი ერთად შევყარე და კაი საღამო გავმართეთ. ძალიან გახარებული იყო იმ დღეს ქალბატონი ლალი, არასოდეს დამავიწყდება მისი ბედნიერი სახე...

ასლანის დროს სულ დაძაბულობა იყო თბილისელებსა და აქაურებს შორის. რომ დათვრებოდნენ აქაურები, აუშარდებოდნენ ჩამოსულებს და იყო ერთი გაწევ-გამოწევა. მე შუაში ვიდექი და ვაშველებდი, ბევრჯერ მომხვედრია სხვისთვის მოქნეული მუშტი, მარა მე მუშტი რას მიზამდა? მაშინ ხშირად მსაყვედურობდნენ, - შენ თბილისელების მხარეზე ხარო. ჯერ ერთი, ვინც მართალია, იმის მხარეს ვიკავებ, მაგრამ ჩემთვის ყველაფერზე მაღლა სტუმარმასპინძლობაა.

ის ჩამოსულია, თუნდაც რაღაც შეეშალა, შენ, მასპინძელმა ხომ უნდა დაუთმო და აპატიო? ქუჩიდან მოსული უცნობები აქედან ჩემს მეგობრებად მიდიან და ურთიერთობაც გრძელდება. ვიცი, თქვენც ჩემი მეგობარი გახდებით და მიხარია... ყოველ საღამოს რომ სავსეა ჩემი დარბაზი, ეს ხომ იმის დასტურია, რომ ხალხის ნდობა და სიყვარული მოვიპოვე.

ჩემთვის ეს დიდი სტიმულია. ვერც წონას ვგრძნობ, ვერც ასაკს, ჩემს მომღერლებთან ერთად ყოველ საღამოს შოუს ვატარებ - ხან კაპიტნის ქუდს ვიხურავ, ხან აჭარულ ჩაქურას ვიცვამ და ამხელა კაცი ვცეკვავ, ხან ნაბადს წამოვიხურავ და "მთიულურს" დავუარ... როცა ხალხის სიყვარულითა და აღტაცებით სავსე თვალებს ვხედავ, ჩემზე ბედნიერი არავინაა დედამიწის ზურგზე.

ბალუმ ჩემს მეგობრებთან ერთად კიდევ ერთხელ მიმიპატიჟა თავის სამფლობელოში და მართლაც დაუვიწყარი საღამო გაგვატარებინა...