"ახლაც სიცოცხლე მიხარია" - კვირის პალიტრა

"ახლაც სიცოცხლე მიხარია"

"ვინ რას გამიბედავდა, ბიძაშვილის დატოვებული რევოლვერი მქონდა ტაფებქვეშ ამოდობილი..."

ძალიან კარგი ბებო, რომელიც ახლა უნდა გაგაცნოთ, ივლიტა ბებოს კბილაა - მასაც 103 წელი შესრულებია. მათი ხნისა მოგვყაროს ღმერთმა.

ოზურგეთში სოფელი ლიხაური გაგიგიათ? აქ ექვთიმე თაყაიშვილიც ცხოვრობდა. ამ კაცს თავისი საქციელით ქართველობას თუ რაიმე ცუდი გაგვიკეთებია (ან გავაკეთებთ), ყველაფერი გამოსყიდული აქვს - ხელში მთელი საქართველოს ოქრო-ვერცხლი ჰქონდა, შიმშილით კვდებოდა და - გრამს ვერ გამოვაძრობ ამ ოქროებიდან, ქვეყნისააო! მშიერმა თხა იყიდა - ნოყიერი რძე აქვს და იმდენს გამაძლებინებს, ეს ქონება პატრონს ჩავაბაროო. ფეოდორა ბებო ექვთიმეს არ იცნობდა. 103 წლის კი არის, მაგრამ ჭანიეთიდან ლიხაურში 1926-ში გათხოვდა, 19 წლისა.

ამ დროს ექვთიმე უკვე საზღვარგარეთ ყარაულობდა თავისი ბედკრული ქვეყნის სიმდიდრეს. ექვთიმეზე კი ფეოდორა ბებოს მამამთილი დარდობდა - რა უქნენ ამ ძაღლებმა (ბოლშევიკებზე ამბობდა) ამ ბიჭს, სად გადაკარგენო და ბრაზიანად გახედავდა ექვთიმეს კარ-მიდამოს.

ქვაჭალის უბანში ერთიმეორის მიყოლებით იდგა თაყაიშვილებისა და სალუქვაძეების სახლები. ფეოდორას მამამთილი ექვთიმეს ძმის, ნიკოკიას მეიჯარე იყო. ოფიცერ ნიკოკიას მიწაზე მუშაობა არ ეხერხებოდა და თაყაიშვილების მთელი მიწა მას ებარა. შეუთვლიდა ნიკოკიას, - მოი ახლა, შენი მოსავალი ნახეო და ისიც შემოუთვლიდა, - მე რა ვნახო, მაგერაა სასიმინდე და ბეღელი, ჩაყარე შით, დამაკლებ თუო?!

ფეოდორა ბებოს არც ამ მიწებიდან დახვედრია გოჯი - მათზე უკვე  კომუნისტები თესდნენ ჩაის. დიდ მოდაში იყო მაშინ ჩაი -  ფეოდორა ბებოს უნდოდა ჩაის თესლი მშობლიური სოფლიდან ლიხაურში წაეღო, - ცხენზე შემჯდარი პატარძალი თავს იკლავდა - გინდათ თუ არა, ჩაის თესლი გამატანეთო. მოკვდა მისი ქმარი სიცილით - შენ მაგის დარდი ნუ გაქვს, ძალიანაც რომ არ გინდოდეს, ჩაის სათესად ხვალვე გაგიყვანენო...

გაიყვანეს... 84 წელიწადი გავიდა და ერთხელ არ დაუსვენებია მუხლები შუაცეცხლთან.

KvirisPalitra.Ge- მაშინ კოლექტივი კი იყო ღარიბი, მაგრამ ქმარიც ღარიბი შეგხვდა, ფეოდორა ბებო?

- ქვაჭალა ტყვილა კი არ ქვია ამ სოფელს. ორი მდინარე - ბჟუჟი და აჭი ერთვიან ერთმანეთს და ქვითაა სავსე აქაურობა. ე, აი ქვები დამხვდა და კიდო სამი ავადმყოფი: მამამთილი, დედამთილი და ქმრის მამიდა - ერთად უნდა მომევლო სამივესათვის. ჩემი ქმარი, კიდო, 25 წლის იყო და რას იმუშავებდა ამდენს, რო ოქრო-ვერცხლი დაებერტყა!

- მერე, რატომ გაჰყევით?

- ვინ გაყვა! სატრაბახოდ არ ვამბობ, მარა ლამაზი გოგო ვიყავი. წყალზეც არ მიშობდა დედაჩემი. ვინმე თვალს დაგადგამს და რა მეშველებაო. წყალი ჩემ ძმებს მოქონდათ. აბარებდნენ წყაროზე დადარაჯებული ბიჭები, - თქვენ რაიზა მოდიხართ, თქვენი დაი მოვიდესო. იგინი დედაჩემს ეუბნებოდნენ ამას... ამასობაში ქმრის დეიდაშვილს დოვუნახივარ და გამომიშუამავლა ჩემი ქმარი. არ იყო ულამაზო კაცი, მარა რომ შევხედე, ხელები გავაბაბანე, - არ მინდა გათხოვება, არ წავყობი-მეთქი.

მისი ერთი შემოცინება არ მქონდა გულში შენახული და რაიზა უნდა მნდომოდა, ვითომ? არ ქნა დედაჩემმა, გაყევი, ვინმემ შენი თავი არ მომტაცესო. მოსულიყო ი დალოცვილი და ენახა, სად მათხოვებდა, - სამი ავადმყოფი რაფერი მოსავლელია, დღეში სამ-სამჯერ უნდა გამომეცვალა ყველასთვის, კიდო კოლექტივში უნდა მემუშავა და ოთხი ბაღანე მეზარდა!

- გული მოგდით დედაზე?

- კი, მომდის, მარა მაინც, რომ მომენატრება, ცეცხლი გადამივლის. თევზი უყვარდა. გევიქცეოდით მე და ჩემი ძმაი, დევიჭერდით კალმახებს და მივურბენინებდით... მამა მყავდა მოხუცებული და იმიზა ეშინოდა ალბათ - აი ვერ დეიცავს ციცასო. ამიზა არ უნდა წაყვეს მასზე ბევრად უფროსს ქალი, რა უნდა ბღენძ კაძახთან!

- სამაგიეროდ, ქმარი ხომ გყავდათ ახალგაზრდა!

- მაი კი იყო ჩანჩქერივით. რომ არ მივყვებოდი, შემომითვალა, - თუ არ გამომყვები, ჯერ შენ მოგკლავ, მერე თავს მევიკლავ და იფიქრე, თუა კაი ამდენი მკვდრის ყურებაო... ერთხელ არ უთქვამს, ზოგმა რომ იცის, - ამას გიკეთებ, იმას გიკეთებო, ან წინ ხარ და უკან გადადიო. ერთხელ მაწყენინა მარტო და აღარ გაასწორა იგი წყენა...

- როდის?

- ომი რომ დეიწყო. სხვები მიდიან, მეც უნდა წევიდეო, - ეიტეხა. არ წახვიდე-მეთქი. არ ქნა, - ნუ გეშინია, მალე ჩამოვალო. ა, ასე ჩამოვიდა!  თავის მიწაში მაინც დამარხულიყო...

- და მარტო უვლიდით ავადმყოფებს, მარტო ზრდიდით ოთხ შვილს?

- აბა, ვინ მოგვეხმარებოდა! ჩემი მამამთილი რომ მეტყოდა, შვილო, იქნება, მზეზე ჭილოფით გამათრიოო, ხელში ევიყვანდი და ისე გამყავდა გარეთ, კუნძი ხომ არ ხარ-მეთქი. ირეოდა, - რას აკეთებო! მეც კი მიკვირდა ჩემი ძალისა. წკნელივით ქალი ვიყავი, მარა დღე და ღამე რომ ვმუშაობდი, ღონე მომეცა. დოვუტიებდი ცხელ საჭმელს ამ ავადმყოფებს და დამხვდებოდა ხელუხლებელი. არ მოეწონათ-მეთქი და გევიქცეოდი, ამოვზელდი ღომს.

მიძახოდა დედამთილი, - სამზადში დიდხანს ნუ გაჩერდებიო... ყველა კაცი ომში იყო წასული, მარა იმასაც, დედაჩემის არ იყოს, ეშინოდა, ვინმე გლახამ გული არ გუუხეთქოსო. ვინ რას გამიბედავდა, ბიძაშვილის დატოვებული რევოლვერი მქონდა ტაფებქვეშ ამოდობილი...

- კი მაგრამ, კოლექტივში როდისღა შრომობდით?

- მაი თვითონაც არ ვიცი. მოგვადგებოდა ბრიგადირი - ვისაც ჯოხის დაბჯენა შეგიძლიათ, გამოდითო და მივდიოდით. იქამდე კიდო, ჩემ ხეებზე უნდა ავსულიყავი და მოსავალი დამეკრიფა. ერთხელ, ადესის კრეფისას, ბაღანა აკვანში დავტიე და კარი გამოვაღე - რომ გეიღვიძოს და იტიროს, გევიგონებ-მეთქი.

მარა გევიხედე და რას ვხედავ, - პირქვედამხობილი აკვანი არ მოდის მისით! თვალებზე ხელი ვიტაცე, ხომ არ მელანდება-მეთქი. თურმე მელანდება კი არა, ბაღანას აკვანი გადმოუბრუნებია, ზურგზე მოუდვია და მოხოხავს. ე, ამიზა მაინც მიხაროდა სიცოცხლე.

- ახლა რა გიხარიათ?

- ახლაც სიცოცხლე მიხარია. ნამეტანი ტკბილია. პაწა მოხუცებულობაა დარდიანი, შვილის ავადმყოფობას მომასწრო და ღმერთს ვეხვეწები, ფეხზე დამიყენოს... მარა ამაზე ჩემი შვილთაშვილი ჯაბა მწამლობს, ხუთი წლისაა. იმიზა სპეციალურად ჩევილაგებ ხოლმე კამფეტებს ჯიბეებში, მომხვევს ხელს და მაცლის სათითაოდ... ტკბილი უყვარს, ღმერთმა ტკბილად დააბეროს იგიც და ყველა მისი ტოლიც.

- და თქვენსავით ასი წლისთვის გადაებიჯებინოს. თქვენს შემყურეს სიბერისა აღარ შეეშინდება...

- მაი საფრთხილოა, საშიში კი არა, არ უნდა დოუწვე, ვაჟკაცურად უნდა დახვდე. ვაჟკაცს კიდო, ყველა პატივს ცემს, მასეა მაი მოსასპობელი სიბერეც!