აკრძალული სკუტერები და აჭარული ციებ-ცხელება
"ნაგვის ჯებირი"

უკვე გითხარით, ქობულეთში ჩასულებს ბევრი სიახლე დაგვხვდა-მეთქი, ზოგიც ძველი, მაგრამ ოდნავ შეცვლილი. მაგალითად, "ფოტოგრაფები" ისევ ისე დადიან, მაგრამ ახლა ისინი "ზოროსა" და "სპაიდერმენის" ტანსაცმელში გამოწყობილან. ზღაპრებისა და მულტფილმების გმირების რეალურ ცხოვრებაში გადმოსვლა, რაღა თქმა უნდა, პატარებს უკვირთ, თან ახარებთ და სურათის გადაღების სურვილიც უმალ უჩნდებათ. მშობლები ციფრულ აპარატს ან მობილურს მოიმარჯვებენ თუ არა, "ზოროც" და "სპაიდერმენიც" ქართულად ასავსავებენ ხელებს: "აჰ, აჰ, არ შეიძლება!.. მაგას ორი ლარი სჭირდება. რა
გგონიათ, ამ სიცხეში იმიტომ დავდივართ, რომ ჩვენი ნახვით გაერთოთ?"

- მაგარი ბიზნესი გაქვთ, რა... რა ამბავია ორი ლარი? - ვერ ითმენს ერთ-ერთის მშობელი და უხალისოდ იღებს ჩანთიდან ფულს.
ვინც ქობულეთში ერთხელ მაინც ყოფილა, უთუოდ ემახსოვრება დათვისბელიანი ფოტოგრაფი.
- უიმე, შარშანდელი დათვის ბელი "დაპატარავდა"? - კითხულობს
ერთი თბილისელი ქალბატონი და ამ უცნაურ წყვილს (ბელსა და მის პატრონს) გაკვირვებული მისჩერებია.

- ის ბელი მოკვდა, ქალბატონო, აგი ახალია, დიდი მიხვედრა უნდა მაგას?
- უიი... საწყალი, მოკვდებოდა, აბა, რა დაემართებოდა, რასაც შენ მაგას ამ სიცხეში ამხელა სანაპიროზე დააპროწიალებ.
"დათვკაცამ" ელვის ცეცხლი მიაფრქვია ენამწარე ქალბატონს და გზა განაგრძო. ბელს არ უნდოდა წასვლა, რაღაც სათავისო იპოვა ქვებს შორის და თათებით დაეჯაჯგურა. მზეს გვარიანად გაეხურებინა ქვები და პატარა დათუნიას თათები ეწვოდა - სიარული უჭირდა და ადგილზე ბზრიალებდა. ცხოველების დამცველმა იმავე ქალბატონმა კვლავ ვერ მოითმინა:

- ხომ ხედავ, რომ ამ ცხელ ქვებზე თათები ეწვის, აიყვანე ხელში, ფულის გულისთვის შეიძლება ასეთი შეუბრალებელი გახდე?
"დათვკაცა" გაჩერდა და ქალს მოუტრიალდა:
- პატარა კია, მარა რაფერი მძიმეა, იცი? შენც გეწვის ფეხები და აგიყვანო ხელში? - ცივად შებრუნდა და ცხელ სანაპიროს ბურდღუნ-ბურდღუნით გაუყვა.
ქობულეთის სანაპიროს ზედა ზოლზე, ყოველ 10-15 მეტრში ნაგვის ურნები დგას.

შტორმის მერე გინახავთ ზღვა? მე - კი და როცა 31 ივლისს, ზღვასმონატრებული მეგობრები სანაპიროსკენ გავცვივდით, გულზე შემომეყარა. მღვრიე ტალღები ბრაზმორეული ეხეთქებოდა ნაპირს, თითქოს კალაპოტიდან ამოხტომას ლამობდა, მის გასწვრივ კი ჯებირივით აღმართულიყო გამორიყული დამტვრეული ვედროები, სკამები, მორები, ფიჩხი და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენი რამ. ნუთუ, ყოველდღე ეს ჯებირი გვექნება გადასალახავი ზღვაში ჩასასვლელად-მეთქი, - ის-ის იყო, გავიფიქრე, რომ ტომრიანი ქალები შევნიშნე.

KvirisPalitra.Ge- ამ ფიჩხს რისთვის აგროვებთ? - ვერ დავიჯერე, რომ მათი საქმიანობა რაღაცისთვის (ამ "რაღაცაში" რატომღაც დასუფთავება ვერ ვიგულისხმე) არ იყო გამიზნული.
- ფიჩხსაც ვაგროვებთ და ნაგავსაც. მთელ სანაპიროს ჩვენ ვასუფთავებთ. ბრიგადებად ვმუშაობთ. თითოეულ ბრიგადას 5კმ-მდე ზოლი გვაბარია და დილის 6-დან შუადღის 12-მდე ვასუფთავებთ. ქალაქის დასუფთავებაში ვმუშაობთ, ბევრს არ გვიხდიან, 250 ლარს გვაძლევენ, მაგრამ სულ არაფერს ხომ სჯობს?
- აქაურობას რა ან ვინ დაასუფთავებს? - ეჭვიანად შევათვალიერე "ნაგვის ჯებირი".

მაგრამ, მეორე დღეს სისხამ დილით გავედით სანაპიროზე. ზღვა ლურჯად ლივლივებდა და ნაგავიც გამქრალიყო.
ქობულეთი უნიკალურ კურორტთა რიცხვში იმიტომ შედის, რომ ზღვის სიახლოვეს ფიჭვნარია. ფიჭვისა და ზღვის სურნელი კი ადამიანისთვის ფრიად მარგებელი გახლავთ. პლაჟიდან მზის მცხუნვარებას ფიჭვნარში შეგიძლია თავი შეაფარო, მაგრამ რად გინდა? თუ შენი სკამი ან პირსახოცი არ გაქვს, ვერსად ჩამოჯდები.

ამხელა ფიჭვნარში (თუ არ ჩავთვლით თემურ ჭყონიას შემოფარგლულ ვრცელ ტერიტორიას, რომელიც მის მეპატრონეს ედემს დაუმსგავსებია) არც სკამია, არც ჰამაკი. ბუნებრივია, ეს იქაურებს შევჩივლეთ. დაგვამშვიდეს: - ფიჭვნარში სკამებიც იქნება, ჰამაკებიც, სარწეველა სავარძლებიც და საქანელებიც. მთელი ეს ზოლი (დაახლოებით 2-კილომეტრიანი მონაკვეთი) არაბმა ბიზნესმენებმა იყიდეს და ძალიან მაგრად გააკეთებენო.

- და ალბათ, ფასიანიც გახდება იქ შესვლა, არა?
- არა, უფასო! უბრალოდ, ამ სიახლოვეს ბინები ცოტა ძვირი იქნება. არაბებს თავიანთი სასტუმროს აშენებაც უნდათ... მოკლედ, ქობულეთს მალე ვეღარ იცნობთ.
ისე, არაბებთან ერთად ან უმათოდ, ქობულეთის მესვეურები მთავარ პრობლემას თუ უმოკლეს დროში მოაგვარებენ, ამას არაფერი აჯობებს. ხომ იცით ადგილი, სადაც მეფენიც ფეხით დადიან? ქობულეთის სანაპიროზე ვერც ფეხით, ვერც კვადროციკლით ვერ მიხვალთ ტუალეტამდე - რამდენიმეკილომეტრიან სანაპიროზე ტუალეტი არ არსებობს(!). თუ ზღვაში ჩასულ ადამიანს ფიზიოლოგიურმა მოთხოვნილებამ მოუსწრო, სირბილ-სირბილით უნდა წავიდეს შინ, თუ არადა, რა პრობლემაა? - ზღვა ხომ აქაა? თუ კაცს არ რცხვენია და არც წითლდება, ის როგორ გაწითლდება?

ჭორ-მართალი
ერთხელ, ზღვის ბულვარზე სეირნობისას, თემურ ჭყონიას ყბადაღებულ დასასვენებელ კომპლექსს მივადექი. ვიფიქრე, ცნობილი ბიზნესმენის პორტრეტს გავაკეთებ, მის სასტუმროსაც დავათვალიერებ და ვნახავ, მართლაც ყველაფერი ისეთი იდეალური და მშვენიერია, როგორც ამბობენ-მეთქი? გალავნის აქეთ, ბულვარში, სკამზე სასტუმროს მცველები ისხდნენ და ლაპარაკობდნენ. მივედი, ავუხსენი, ვინც ვიყავი და ვთხოვე ჭყონიასთვის ხმა მიეწვდინათ, რომ ინტერვიუს ჩაწერა მინდოდა.

ბიჭები ცოტა არ იყოს დაიბნენ. მაშინ წერილი გავაშანშალე, სადაც ბატონ თემურს დაწვრილებით ჩამოვუწერე ჩვენი სამომავლო ინტერვიუს საკითხები, დაცვის თანამშრომელს გადავეცი, ჩემი პირადი ნომერიც დავუტოვე და ვთხოვე, მეორე დღეს პასუხი შეეტყობინებინა. იმ ბიჭმა მეორე დღეს დამირეკა: კი მერიდება, მარა თქვენი გაწბილება მომიწევს. ბატონმა თემურმა თქვა, - კაი ხანია ინტერვიუებს აღარ ვიძლევიო.

დამენანა "მსხვილი რესპონდენტის" დაკარგვა, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა? იმავე საღამოს ჭყონიას უარი ქვეყანას მოვდე. ჩვენმა მასპინძელმა ცხელ-ცხელი ამბები (ალბათ, ზოგი ჭორი, ზოგიც მართალი) ჩამირაკრაკა:

- ცა, სად ეცალა ჭყონიას შენს მისაღებად, იმფერი სტუმრები ჰყავდა - მერაბიშვილი, კოდუა და კეზერაშვილი. გეიგებდი, ალბათ, ამ ორი დღის წინ სკუტერები ერთმანეთს რომ შეეჯახა. ორივე სკუტერზე თურქები ისხდნენ. ერთი იქვე მოკვდა, მეორე - მძიმედაა. დამსვენებლებმა ერთი ამბავი ატეხეს, - მშვიდად გვინდა დასვენებაც და ცურვაცო, ამიტომაც აიკრძალა სკუტერიც, კატერიც, "ბანანიც" და პარაშუტით გაფრენაც. არადა, მეც და ბევრ ქობულეთელს, რომლებსაც სკუტერი ან კატერი გვყავს, სეზონის დაწყებამდე 500-500 ლარი გადაგვახდევინეს ზღვაში შესვლის ნებართვისთვის.

მთელ სეზონზე კარგად გვიტოვებს ფულს ეს ბიზნესი. ამბობენ, ვანოს ბრძანებით აიკრძალა სკუტერებისა და კატერების ზღვაში შესვლაო. სანამ გავლენიანი სტუმრები არ დატოვებენ ზღვისპირეთს, მანამდე ვიქნებით ასე. ნეტავ, ვიცოდე მაინც, როდის მოისურვებენ წასვლას. წუხელ ბიჭებმა მითხრენ, სამივენი ზღვაში შორს გასულან სკუტერებით და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ თურმე. მაგინიზა შეიძლება ზღვაში სეირნობა, ჩვენთვის ან სხვისთვის კიდო, არა? აქაურები ზაფხულის სეზონზე შოვილობენ ფულს, რომელიც მერე მთელი წელი უნდა იმყოფინონ. ორი ნასვამი ტურისტი ერთმანეთს შეასკდა და ჩვენ რატომ უნდა დავზარალდეთ?
არ ვიცი, რამდენი პროცენტია ამ ნაამბობში სიმართლე, მაგრამ ხომ იცით, კვამლი უცეცხლოდ არ იქნება.

გზა ქობულეთამდე

ბევრი წვრილმან-მსხვილმანი შეიძლება გავიხსენო წლევანდელი სეზონიდან, ზოგი უსიამოვნო და ცუდი, ზოგიც კარგი, მაგრამ ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. ერთი მაინც უნდა აღვნიშნო. ესაა ექსკურსიები ღია ვაგონის მსგავსი მანქანით: ბუნება, იცოცხლე, იმისთანაა, ის ლეგენდა, ღმერთმა რომ თავისი სამყოფელი დაუთმო მიწის განაწილებაზე დაგვიანებულ ქართველებს, შეიძლება ირწმუნო. მე და ჩემი მეგობრები ექსკურსიაზე დიდი სიამოვნებით წავედით.

მარშრუტი ასეთი იყო: საათ-ნახევარი სარფის პლაჟზე დასვენება, იქიდან გზად ულამაზეს ჩანჩქერთან გავჩერდებოდით, მერე გონიოს ციხე, ბათუმის აკვარიუმი, სადილი რესტორანში, კატერით გასეირნება და ბოლოს, მწვანე კონცხი და ბოტანიკური ბაღი. ექსკურსიაზე ჩვენთან ერთად სომხებიც იყვნენ. სარფამდე სულ მათი განცვიფრებული "ვაა-ვაა"-ს თანხლებით მივედით. სარფი მართლაც ამქვეყნიური სამოთხეა, საოცრად სუფთა ნაპირი, კამკამა წყალი, ზღვის სიახლოვეს წამომართული მთა და საოცარი სიმწვანე.

KvirisPalitra.Geშორიახლოს უკვე თურქეთის დროშა ფრიალებს - "ესეც და ამის იქითაც ხომ ჩემი მიწაა", - ტკივილით მეწურება გული და უნებლიეთ 100 წლის შემდგომ საქართველოს ვწვდები - "ნეტავ რა იქნება მაშინ? აფხაზეთი და სამაჩაბლო კვლავ რუსეთის "მფარველობის" ქვეშ იქნებიან თუ..."
გონიოს არქეოლოგიურ გათხრებზე აღმოჩენილი ნივთები ჯერ გაუხსნელ მუზეუმში ჩაკეტილი დაგვიხვდა. დაცვის თანამშრომლებს ვთხოვე, - ჟურნალისტები ვართ და იქნებ, გაგვიღოთ მუზეუმის კარი, რაც არის, იმას მაინც ვნახავთ-მეთქი. უარი არ უთქვამთ...

აკვარიუმში იქაური თანამშრომელი გაგვეხუმრა: - რამდენ ოქროს თევზსაც დაინახავთ, იმდენი სურვილი შეგიძლიათ ჩაუთქვათ და აგისრულდებათო. აუზი წითელ-ოქროსფერი თევზებით იყო სავსე და ჩვენც კარგა ხანი დავყავით იქ - სურვილები ხომ თავზე საყრელად გვქონდა თითოეულს.

KvirisPalitra.Geკატერით გასეირნების წინ კაპიტანმა ნავსადგურთან ორი "იახტა" დამანახა - აგი თეთრი იახტა, "ტორნადო IIII" რომ აწერია, მიშასია, აგი ნაცრისფერი, კოსმოსურ ხომალდს რო ჰგავს, ვანოსი. აქანე რომ ჩამოდიან, ჩასხდებიან და მთელი დღე ზღვაში სეირნობენო (ორივე "იახტა" სანაპირო დაცვის კატარღაა - მ.ბ.). ძალიან შინაურულად მოიხსენიეს ამა ქვეყნის ძლიერნი... ხმელეთზე გადმოსულმა ფოტოაპარატი მოვიმარჯვე, მაგრამ დაცვის ბიჭებმა ახლოს არ მიმიშვეს.
- რატომ? - აპარატიანი ხელი ჰაერში გამიშეშდა.

- იმიზა! - იყო მოკლე პასუხი. მაგრამ ხელს სანამ დავწევდი, ორჯერ მაინც მოვახერხე ჩაჩხაკუნება. რატომაც არა? იცოდეს ხალხმა, როგორია "მიშას და ვანოს" საყვარელი "იახტები"...

KvirisPalitra.Geბოტანიკურმა ბაღმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა. უზარმაზარი ტერიტორია კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით არის დაყოფილი.  რა მადლიანი და ნოყიერი მიწაა მწვანე კონცხზე - ყველანაირი მცენარე ხარობს. ერთ ადგილზე უზარმაზარი, დრო-ჟამისგან წაქცეული ხე ხრამზე ხიდივით გადაწოლილა. ამ უცნაური ხის სიცოცხლე მწოლიარე მდგომარეობაშიც გრძელდება. მისი ტოტები - შვილები გაიზარდნენ და მშობლის "ტანზე" მაღალ ხეებად დგანან.

თვალხილული სიბრძნე იკითხება ბუნების ამ საოცარ ქმნილებაში. ჩვენ - ადამიანებმა ისე უნდა ვიცხოვროთ, ერთმანეთთან მისასვლელი "ხიდი" მუდამ გვეიმედებოდეს, შვილებმა კი ჩვენი დანატოვრით იამაყონ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები