"ზმეიკები" ჩაუყენეთ ქუჩებს! - კვირის პალიტრა

"ზმეიკები" ჩაუყენეთ ქუჩებს!

რეგიონული პრესა

„- აპა-პა-პა,„"პოპულის" მიმართულებით არ წეიყვანო მაგი მანქანა, თვარა დეგემტვრევა! ჯავახიშვილიდან და ბუხაიძიდან შემოუარე-თქვა! - შევყვირე, რავარც კი გამარჯვების მოედანზე შეაქროლა შოფერმა თავისი ტაქსად გადაკეთებული ბე-ემ-ვე".

- რავა გეკადრება, ქაიხოსრო როსტომიჩ, გაპრიალებული ასვალტი როა, ვერ ხედავ? - მიპასუხა არხეინად ჩემმა ნაცნობმა ვიტალიამ და ქე გამაფრინა ჩიტივით. თვალს არ ვუჯერებდი: სა იყო ამდენი ხნის ნაჯიჯგნ-ნაგლახავები ქუჩა, გვერდზე დაწყობილი ტრუბები და პაკრიშკების დოუძინებელი მტერი - ქვა-ღორღი, არც მორახრახე ტრანსპორტი ჩანდა სადმე: წვიმით დანამულ, სარკესავით გაპრიალებულ შავ ასვალტზე იქით-აქეთ მიფრინავდენ ნაირ-ნაირი მანქანები.

- ქეა ლამაზი ეს ქუჩა, მარა რათ გინდა! - ამოიხვნეშა ჩემმა ოჯახობამ, - გაახსენდებათ მალე, რო რომელიცხა ტრუბაა კიდო ხელახლა ჩასაწყობი და...

- გაგიხმა მაგი მწარე ენა შენ!  მაცალე ცოტა ხანს ამ ახალი ასვალტით გახარება!

ვიტალია კაი ხანს გვიგდებდა ყურს ჩხუბში გართულ ცოლ-ქმარს და იცინოდა, მერე შემომაპარა: დიდი ნავალი კაცი ხარ, ბიძაჩემო, და ვიცი, ხელისუფლებაშიც გიცნობენ შენი ცქვიტინა ულვაშებითო...

- რაი გინდა, ვიტალია, თქვი პირდაპირ-თქვა, გავამხნევე.

- რაი და ამ ქუჩებს მთელ სიგრძეზე ზმეიკები ჩააკერეთ-თქვა, ასწავლე იმგენს.

- ვის ვასწავლო, რაის ზმეიკები, ხვარ გაგიჟებულხარ?!

- ვის და, ჩვენს ხელისუფლებას უთხარი, ზმეიკები გოუკეთეთ ამ მოასვალტებულ ქუჩებს და ტრუბების გამოცვლა ან კაბელების ჩაწყობა რო მოგინდებიენ, ჩამოწევთ ზმეიკას და აღარ დაგჭირდებათ მთელი ქუჩის გადათხრა-თქვა. ვიტალია ამდონ ხანს ერთი გოუნათლებელი ტაქსისტი მეგონა, მარა, ა, შეხედე, თუ არ ქონია ჭკუა!

ქაიხოსრო იმერეტინსკი

გაზეთი "P.S."