წყალს დანატრებული დედოფლისწყარო - კვირის პალიტრა

წყალს დანატრებული დედოფლისწყარო

"ახლა პურიც საოცნებო გახდება..."

"სტუმრის მოსვლის ეშინია ქართველ კაცს, ამაზე მეტი უბედურება რაღა გვინდა?!"

პურის ქვეყანაში პური დელიკატესად მექცა, სიბერეში რას მოვესწარი, პურს ეკონომიურად ვჭამ, განა შეიძლება ქართველი კაცი ევროპელივით დიეტაზე გადაიყვანო? - კითხულობს 65 წლის გურამა პაპა.

- იყო დრო, როცა თითოეულ დედოფლისწყაროელს ოჯახში 5-10 და ზოგჯერ - 50 ტონა ხორბალიც შეჰქონდა. აი, ასეთი მადლიანი და ბარაქიანი იყო ჩვენი შირაქის მიწები. პური? - პური რა სანატრელი იყო, ყველას თონეში ცხვებოდა, ხალხი პურს ერთიმეორეს უგზავნიდა, ცხელი პურით უნდოდათ ერთმანეთის გულის გათბობა.

რაც იყო, იმის ფასს ვერ ვგრძნობდით, აღარ გვაქვს და ფასიც ახლა გავიგეთ. ფარატინა, რეზინივით გაწელილ-გამოწელილი პურიც, რომელსაც არც გემო აქვს და არც ყუათი, სანატრელია.

ახლა ვითვლი, დღეში თითო პური რომ ვიყიდო, პენსიის ფული მხოლოდ ამაზე მეყოფა თუ არა? სტუმრის მოსვლის ეშინია ქართველ კაცს, ამაზე მეტი უბედურება რაღა გვინდა?! - ამბობენ დედოფლისწყაროში ბირჟაზე გამოსული ბერიკაცები, რომლებმაც ამ დილით შეიტყვეს, რომ პური 5 თეთრით კიდევ გაძვირებულა და 65 თეთრი გამხდარა.

ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა ქიზიყელი გლეხკაცი; წარმოიდგინეთ, არც შეძლებული ფერმერები არიან კარგ დღეში. ჯერ იყო და, მოსავალი აქაური მოსახლეობის მხოლოდ ათმა პროცენტმა მიიღო, ისიც - ძალიან მწირი და უხარისხო, დანარჩენებმა მიწა დაუმუშავებელი დატოვეს, რადგან მიწის დამუშავებისათვის საჭირო თანხა არა აქვთ. მოსავალი დანახარჯს ვერ ანაზღაურებს, ხალხი აღარ თესავს, მიწა მოუსავლიანი გახდა და გაუდაბნოების პირსაა მისული.

არადა აქაურებისთვის ამ გაძვირებული ცხოვრების ფონზე, მაშინ, როცა ერთი ტომარა ფქვილი 50 ლარი ღირს და  1კგ ხორბალი -  70 თეთრი, ერთადერთი მარჩენალი მიწაა, უფრო სწორად, უნდა იყოს, მაგრამ ამ მოუსავლიანი მიწის შენარჩუნებაც სათუო გაუხდათ მიწათმოქმედებს.

პარლამენტში განიხილება კანონპროექტი, რომელიც მიწის შესასყიდ ფასად საბაზისო  ღირებულების არა ათმაგ, არამედ ოცმაგ ოდენობას აწესებს. აღნიშნული კანონპოროექტის განხილვამ დიდი საფიქრალი გაუჩინა დედოფლისწყაროელებს. თუ პარლამენტარებმა ამ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს, ცხადი გახდება, რომ ხალხის  განადგურებას გეგმავენ.

"ისეთ მდგომარეობაში ჩავცვივდით, შვილო, რომ ერთ ჰექტარ მიწასაც ვეღარ ვამუშავებთ, ყველაფერი გაძვირდა და  დამუშავებაც და საიჯარო გადასახადის გადახდაც გვიჭირს, მაგრამ მიწა გვინდა გვქონდეს, დაკარგვა არ გვინდა! გადასახადებს ვერ ვიხდით და ოცმაგად შევისყიდით მიწას?!  ხომ ცხადია, რომ მივატოვებთ და მაგათ დარჩებათ გასაყიდად, ამბობენ, არაბებსა და თურქებს უნდა მიჰყიდონო, ისინი კარგ თანხას - 3.000 დოლარს გადაუხდიანო. რა თქმა უნდა, ეს ურჩევნიათ, ჩვენ კი არავის ვედარდებით!

გუშინ სააკაშვილი გამოვიდა ტელევიზიით, კახეთის გუბერნატორი იკითხა, დედოფლისწყარო რომ არასდროს უხსენებია, ღმერთს მადლობა, ახლა იკითხა და რა თქვა, იცით? - გუბერნატორისაგან გაიგო, რომ ჩვენთან 54 ლარი ღირს ერთი ტომარა ფქვილი.

რა, ის ამ ქვეყანაში არ ცხოვრობს და არ იცის, რომ ყველაფერი გაძვირდა? ბრძანა, დაარეგულირეთ პურის ფასი და აღარ გააძვიროთო, მაგრამ ეტყობა, მის სიტყვას ფასი არა აქვს, დილას გამოვედი მაღაზიაში, პური  5 თეთრით  გაძვირებულია, 65 თეთრი გადავიხადე" - ამბობს 70 წელს მიტანებული ჯემალ ოზბეთალაშვილი.

"ხალხი ისეთ დღეში ჩავარდა, მოსავალი ვერ მიუღია, მიწა გამოიფიტა, საშველი არაფერია, გარდა სამელიორაციო სისტემის აღდგენისა. კომუნისტების დროინდელი სარწყავი სისტემა  მთლიანად მოშლილია, წლებია, მიწა აღარ მორწყულა;

ეს თუ არ აღდგა, თანდათან უარესი მოხდება. ახალგაზრდობას შრომა უნდა და არ იცის, როგორ იშრომოს, როგორ შექმნას მეურნეობა. ეს ყველაფერი უნდა შემუშავდეს, უნდა შეიქმნას შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა", - აცხადებს დედოფლისწყაროს ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი,  ახლა უკვე ფერმერი ბეჟან გონაშვილი.

ძნელია იმის თქმა, რა გველის მომავალში,  რა ელის ჩვენს მიწა-წყალს, და რაც მთავარია, ჩვენს ხალხს! ნუთუ სწორედ ის, რისი გაფიქრებაც არ გვინდა და რის წარმოდგენაც გვზარავს!

დალი მეხრიშვილი, კახეთი