"სააკაშვილმა ერთი ხრონგი ხიდი რო გადვა მტკვარზე, ლამაზი კია, მარა რად მინდა?" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილმა ერთი ხრონგი ხიდი რო გადვა მტკვარზე, ლამაზი კია, მარა რად მინდა?"

"შევარდნაძე რო იყო გურული, იმიზა აგვაშენა!"

"ჩვენო პრეზიდენტო, ერთი მათე-ბიჭი შენც გჭირდება"

რა ვქნა, უნდა ვაღიარო, რომ გურია განსაკუთრებულად მიყვარს. ერთი სული მაქვს, როდის შევაბიჯებ სანუკვარ კუთხეში და როდის გავიგონებ: "ლიანაა, სულიკოო, კუკურაა, თემურაა... უუუ... მარინა ჩამოსულაა". მერე უცებ იკრიბებიან გურულები. ზოგი ხილით მოდის, ზოგიც თხილით, ზოგს ჩემთვის საგანგებოდ კეცზე დამცხვარი მჭადი და ჭყინტი ყველი მოაქვს, დასალოცად ჭაჭის არაყიც ჩნდება და სუფრაც იშლება. მერე? მერე იწყება  ოხუნჯობა, მოსწრებული სიტყვა-პასუხი.  ერთი სიტყვით, სიყვარულისა და იუმორის კორიანტელში ვეხვევი, საიდანაც თავის დაღწევა სულაც არ მინდა.

მიყვარს მისი ხასხასა სიმწვანე, მიახლოებისთანავე რომ შემოგეფეთება, ამ სიმწვანეში კი გაბნეული გვირილებივით თავამოყოფილი ოდასახლები. უყვართ გურულებს თავიანთი კარ-მიდამო და "პაწა ფულს რავარც მეიგდებენ", მაშინვე სახლს და ეზოს უნდა მიაშველონ ხელი, - ასთეა, სოფელს მეტი შრომა-ჯაფა სჭირია, ქალაქიც ხომ სოფლითააო. მართალიც არიან.

ჩახვალ გურიაში და  წამში გაცოცხლდებიან დუმბაძისეული პერსონაჟები. აქ ხომ ყოველ შუკაში ცხოვრობენ ზურიკელა, ილარიონი, ილიკო, ტკბილი ბებია, სოსოია, ხატია და ბეჟანა... აქ ყველა ერთმანეთის სისხლი და ხორცია, უჭირთ თუ ულხინთ - ერთად დგანან. პირუტყვს ისე უვლიან და ელაპარაკებიან, როგორც ახლობელ ადამიანს. ჩემს გურულებს ორი უკიდურესობა აქვთ - ან უყვართ, ან არა, თუმცა სიძულვილი ნამდვილად არ შეუძლიათ.

KvirisPalitra.Geყველა გურული პოლიტიკოსია, ანუ თითოეულ მათგანს მტკიცედ ჩამოყალიბებული ლოგიკა აქვს. იტყვის რამეს, გულიანად გაგაცინებს და ცოტა ხნის შემდეგ ხვდები, რომ ამ ხუმრობაში 97% სიმართლეა.

მას მერე, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, გურულებს განსაკუთრებულად გაუჭირდათ. მათი შემოსავლის წყარო ხომ ციტრუსი და ჩაი იყო. ქართული ჩაი, რა ხანია, საერთაშორისო ბაზარზე აღარ გადის, ციტრუსსაც ცივად მიუხურა კარი უკიდეგანო რუსეთმა...

ძნელი წარმოსადგენია გურულის ჩუმად ყოფნა, მით უფრო მაშინ, როცა რამდენიმე ერთად შეიყრება. თხილი თითქმის ყველამ მოკრიფა და მათ პოლიტიკურ შეხედულებებს თხილის ჩურჩვისას გავეცანი. მინდა დაუსწრებლად "დაგასწროთ" ამ დებატებს.

მზია გიორგაძე: - მაინცდამაინც ოქტომბერ-ნოემბერში რომ მოუნდება ამ ოპოზიციას საპროტესტო მიტინგების გამართვა, ხელისუფლება კი იმიზეზებს, - ვერ ვიცლით თქვენზა შიდაარეულობის გამოო, აგია საქმე? სიმწრით მოწეული და გახაზირებული ციტრუსი ვერც ზღვით, ვერც ხმელეთით მიგვაქვს, საჰაერო გზაზე ხომ ოცნებაც წარმოუდგენელია. რუსეთმა - თქვენი აფერი მინდაო და დავრჩით ასთე, პირშიჩალაგამოვლებულები.

იცით, რამდენი შრომა უნდა თითოეულ ძირს? ზამთარში ყინვებმა თუ დააჭირა, ცეცხლს ვანთებთ, რომ ტოტები არ მოიყინოს, თვარა ერთსაც აღარ მოისხამს მერე. ძალიან გაძვირდა სასუქი. რასაც ვახარჯავთ, ის თუ არ ამოვიღეთ და პაწა მეტიც თუ არ დაგვრჩა, რა გამოვიდა?

მოასფალტებული გზაც კაია და შადრევანიც, მარა მთავრობამ სოფელს თუ არ შეუწყო ხელი, ასფალტი ჭამოს ხალხმა და მერე წყალი დააყოლოს, თუ რაფერაა მაგენის საქმე?

KvirisPalitra.Geსააკაშვილმა ერთი ხრონგი ხიდი რო გადვა მტკვარზე, ლამაზი კია, მარა რად მინდა? საჭმლის ფული გვენატრება დასანახად. ზაფხულში იოლად გავდივართ, ვჭამთ ლეღვს და მსხალს, მარა ზამთარში რო მაგიც არაა?!  ჩვენმა პრეზიდენტმა აი სვანეთიო, სიღნაღი და ყვარელიო, აჭარა და ბათუმიო, კვარიათი მოსწონს ნამეტნავად თურმე, ყველაფრიზა მოიცალა და ერთი გურია რეიზა ვერ გაიხსენა?

თემურ ხომერიკი: - მისი წინამორბედი იყო აქიდან და იმიზა შეიძულა ალბათ.

დოდო ვასაძე: - თვარა, შევარდნაძე რო იყო გურული, იმიზა აგვაშენა. ეს ქე მაინც რაცხას ფაფხურობს, გზები მოგვიხრეშა, შუქი გვაქვს, პენსიაც არ იგვიანებს. მეითმინეთ პაწა, ხომ იძახის - გასაკეთებელი ჯერ კიდო ბევრიაო, ჰოდა, გააკეთებს...

მზია გიორგაძე: - ტიტუუ, რას ჩივა აი ქალი. მოხრეშილი გზა დავანახვო ბაღანას, რომ მოშივდება? ამდენი წყარო და მდინარეა ჩვენში, მოვკტი ვედროებით წყლის თრევით. ერთი დიდი არხი რო გაკეთდეს, ყველა მოსახლეს ექნება წყალი.

ლიანა გოგუაძე: - თქვენი არ ვიცი და ოღონდ ომი ნუ იქნება, ოღონდ სკამებიზა ნუ დახოცავენ ერთმანეთს და რაცხა გვეშველება.

სულიკო ხომერიკი: - რას გეტყვით, იცით? ჩვენც თუ არ მევინდომეთ, ყოლიფერი ძველებურად დარჩება. ზღვის სანაპიროზე რო დგას ნაგვის ურნები და ტაროს იქვე დააგდებს კაცი, სადაც შეჭამს, უზრდელი რომაა და "ჩემი დედას" იძახის, მაგიც მიშას ბრალია?

მზია გიორგაძე: - ა, შენისთანები აფუჭებენ ყოლიფერს. მანდარინი რო ვერ მიგაქ ვერსად, იგი ვისი ბრალია? ჭის ამოთხრას ბურღი უნდა, სად გაქვს ჭის ბურღვისა და არხის თხრის თავი. ისიც ეყოფათ, ტყუილუბრალოდ რომ გამათხრევინეს სიმინდის ყანის ირგვლივ თხრილები.

რა მოხდა, იცი? ტყუილს ვერ ვიტყვი, მიშას დროს არ მომხდარა მაი, მანამდე იყო. ამერიკიდან ჰუმანიტარული დახმარება მოვიდა, სოფლის თავკაცობას თითოეული ოჯახისთვის უნდა მიეცა სულადობის მიხედვით პროდუქტი. გამოგვიცხადეს, ყანის გარშემო ნახევარმეტრიანი თხრილები გააკეთეთ, წვიმის დროს ყანაში წყალი რომ არ შევარდესო. ვინც არ ამოთხრის, იმას აფერს მივცემთ, ასეთია ბრძანებაო.

რავა, ამერიკამ ბრძანა, - გურულებს ყანები არ დაეტბოროთ, არ დევიღუპოთ, ჯერ გათხარონ და მერე გადაეცით ჩვენი დახმარებაო? ხომ ტყუილია მაგი? მარა მაშინ ისე შემეშინდა, მივადექი ჩემს ყანას და იმისთანა თხრილი გავაკეთე, ფრონტის ხაზი გეგონებოდა.

ბევრმა ვერ შეძლო სიცხეში მიწის თხრა და დახმარებაც ვერ მიიღო. იმათ კი უსინდისოდ გაყიდეს ხალხის კუთვნილი პროდუქტი.

ნეტავ, როდის გვეღირსება ისეთი მთავრობა, ხალხზე რო იფიქრებს. მოისყიდავენ ზოგიერთ გლეხს, ტელევიზორში გამოიყვანენ და ალაპარაკებენ - გაიხსნა ციტრუსის მიმღები პუნქტები, კილოს 70-80 თეთრად ვაბარებთო, მაგიც ტყუილია. ყველაზე საუკეთესო მანდარინს და ფორთოხალს 40 თეთრად ძლივს ვაბარებთ, ისიც მაშინ, როცა სომხეთიდან ან ბელორუსია-უკრაინიდან ვინცხა მოგვაკითხავს, თვარა  მიმღებ პუნქტს ვერსად ნახავთ.

დოდო ვასაძე: - ზამთარში რომ ერთწლიანი ვადით მოგვცენ 1.000 ლარი, ნელ-ნელა ქე გევისტუმრებ ციტრუსით, თხილით და სიმინდით. ბანკში კი წინდაწინ ანკეტას ავსებენ - ძროხა, ღორი, ქათამი, ციტრუსი თუ გაქვენ და რამდენიო? თუ არა, სესხსაც არ გვაძლევენ.

მაგ ბანკში აბდლები ხომ არ არიან, ცავ? ძროხა და ღორი, ქათამი და იხვი თუ მყავს, სიმინდიც თუ მომივიდა და ციტრუსიც გადამირჩა, რაღად მინდა მათი ათასი ლარი? მაი ფული იმიზა მჭირია, რაცხა გავაკეთო, ხომ არ ვთხოულობ, მაჩუქეთ-მეთქი, მასესხონ, ბატონო. სად გავიქცევი, დავუბრუნებ უსიკვდილოდ. მივმართავ სააკაშვილს:

ჩვენო პრეზიდენტო, ერთი მათე-ბიჭი შენც გჭირდება, რომე სიმართლე პირში გითხრას და აფერი დაგიმალოს. გატყუებენ შენი ქვეშევრდომები, ყოლიფერს ლამაზად გიყვებიან და გაჯერებენ, რომე უმაღლესადაა საქმე. არ დაუჯერო! შეამოწმე და მიხვთები, რამდენი რამეა გოუკეთებელი.

სულიკო ხომერიკი: - ერთი სურვილი გვაქვს ყველას - გასართობი ცენტრი,  კინოდარბაზი, მუსიკალური სკოლა თუ სპორტული კომპლექსი - გაგვიხსნან სოფელში,  რომ ახალგაზრდობა არ გეიფანტოს აქეთ-იქით. მალე თხილის ჩაბარების დროც მოვა. რაც გვიან ჩააბარებ, მით ძვირად ჩეიბარებენ. ზოგს ისთე უჭირს, რომე 1,30 ლარად აბარებს, არადა მოგვიანებით 4-ადაც იღებენ. ხელშეწყობა გვინდა, რომე ჩვენი მუხლჩაუხრელი შრომა დაფასდეს.

P.S. ჩემი გულახდილი რესპონდენტები ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომის მკვიდრნი არიან. ადრე, გასაბჭოებამდე, ამ სოფელს მიქელ-გაბრიელი ერქვა.  ერთმა იხუმრა: ალბათ, ზეციური სამყოფლიდან ჩამოსული ანგელოზები აქ იდებდნენ ბინას, აქედან შეათვალიერებდნენ იმქვეყნად წასაყვან ადამიანებსო... არადა, ჩემი გურულები არსად წასვლას არ აპირებენ, აქ უნდათ ყოფნა, თავიანთ მიწიერ სამოთხეში, სადაც სამწუხაროდ, არცთუ ძალიან ულხინთ.