ვარძიის ზარები! - კვირის პალიტრა

ვარძიის ზარები!

აქაურობა მშველელს ელის...

ეს ჩვენი განძია, ჩვენი ხელთუქმნელი სიმდიდრე", - ეს მუხრან თაქთაქიძემ მაშინ მითხრა, როცა ვარძიის კედლებზე უძველესი ფრესკების ნახვისას მეც ჩამიყენა თვალებში სევდა. აკანკალებული ხელით მიმითითა საუკუნეების წინანდელ ფერწერაში გადარჩენილ საქართველოზე და ისტორიის სკივრს ისე მოხადა თავი, რომ აწმყოს წუხილიც ამოაყოლა და მომავლის მოლოდინიც... მუხრან თაქთაქიძე ვარძიის სამეცნიერო ფონდების მთავარი მცველია. მასთან მისვლამდე აჭარიდან საკმაოდ დიდი გზა გავიარე.

სამარშრუტო ტაქსიში  ჰოლანდიელი მგზავრებიც არიან. საქართველოში ჩანჩქერი არავის უკვირს და როცა ჰოლანდიელმა გიდეონმა იგრძნო, რომ მძღოლი უკვე მერამდენედ გადმოხეთქილი ჩანჩქერის სილამაზესთან შეჩერებას არ აპირებდა, ევროპულმა წესრიგიანობამ უმტყუნა და ყვირილი დაიწყო: სთოფ, სთოფო! მძღოლსაც რაღა ექნა, გააჩერა... მაშინ გავიცანი გიდეონი და მისი მეგობარი მარია. მითხრეს: "კარგია, რომ გზა ასეთი ცუდია. კარგი გზა რომ ყოფილიყო, ისე გაიქცეოდა ჩვენი მძღოლი, ვეღარაფერს დავინახავდითო". სხვაც ბევრი თქვეს ჰოლანდიელმა სტუმრებმა, მაგრამ ისეთი არაფერი, რაც არ გვსმენია. ან რა უნდა ეთქვათ, წინ ხომ ვარძიის საოცრება ელოდათ!

მესხეთის, ანუ "ქართული უდაბნოს" ხედებს გავყურებდი, როცა ადიგენელი თანამგზავრის ნათქვამმა მიიქცია ჩემი ყურადღება: - გამოჩნდა ადიგენი და ვანო მერაბიშვილის ქარხანაცო. ადიგენელებმა დაინტერესებულ მგზავრებს ისიც გვიამბეს, რომ თურმე, ქვეყნის სამყოფ პურს სწორედ ადიგენში, მერაბიშვილის ნათესავები აცხობენ, რომ თბილისში არაერთი ობიექტისათვის სწორედ ადიგენიდან ეზიდებიან პურს და ამ ყველაფერზე საუბარი ძალიან საშიშია!... რა იცოდნენ, ჟურნალისტი რომ ვიყავი, თორემ იტყოდნენ?!

KvirisPalitra.Geსაღამოს, როცა ასპინძას ვეწვიეთ, მზის სხივები ლიცლიცებდა ოქროსფერ ქედებზე. ბევრი რამ შეცვლილა: ცენტრალური ქუჩები მოასფალტებულია და განათებული, პარკიც სავსეა ახალგაზრდებით... შადრევანი, რა თქმა უნდა, აქაურობასაც ამშვენებს, ოღონდ მაშინ, როცა ასპინძაში წყალია. წყალი ასპინძელებისთვის მთავარი პრობლემაა.

ასპინძაში ჩვენი მასპინძლები ემზარ ლეკიშვილი და თამარ თაქთაქიძე არიან. ემზარი მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის დარაჯად მუშაობს, თამრიკო დიასახლისია.

თავდაპირველად ასპინძის ციხეს ვსტუმრობთ. ჩამოქცეულ კედლებს ეკალ-ბარდი მოსდებია, მაგრამ გრძნობ, რა ახლოსაა წარსული ... პატარა პოეტი გვახლავს აჭარიდან - ნიკა ფუტკარაძე. გალავნებს აუვლის, ჩაუვლის და ბოლოს ამოხეთქავს: საქართველოზე ლექსებს ამბობს, ვეღარ ისვენებს. ასპინძის ციხე სიბნელეში იძირება, პატარა ბიჭის ხმა კი ბებერ, მრავლისმნახველ ლოდებს აცოცხლებს.

მასპინძელი შესაშურად მასპინძლობს. ფიჩხით გაჩაღებული ცეცხლი დაგვახვედრა თამრიკომ შინ დაბრუნებულებს. ქვაბში ხინკალი იხარშება...

აგარის საიდუმლო

დილაადრიან აგარის მონასტრისკენ მიმავალ გზას მივუყვებით. ასპინძიდან აგარამდე 7 კილომეტრია. უეცრად ჩნდება ხეობებს შორის ჩაკარგული მე-7 საუკუნის მონასტერი.

- აქაურობა სისხლითაა მორწყული, - გვიყვება სტუმრების გამოჩენით გახარებული  აგარის მონასტრის მორჩილი თამარი, - მრავალჯერ აღმოგვიჩენია ამ ეზოში წინაპართა  ძვლები. აქაურობას თურმე "ყიზილ თერქზი" ერქვა, რაც ქართულად წითელ მიწას ნიშნავს.

დედა თამარი გვარწმუნებს, რომ მიწის გაწითლებამდე აქ მრავალი ქართველი სახლობდა, დღეს კი მხოლოდ ეკლესიის ზარები აფხიზლებს გარინდულ სამყაროს; ახლომახლო სომხური სოფლებია.

- სომხებთან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ მათთვის ხომ ქართული მონასტერი არაფერია... საქონელი ან თხა თუ დაეკარგებათ, მოგვაკითხავენ, - ხომ არ გინახავთო.  აქ ისეთი მდუმარებაა, ქვეყნიერების წუხილი ძნელად თუ აღწევს.

მორჩილ თამარს ხელზე საათი უკეთია. ვეკითხები, თქვენთვის რა დროა ახლა-მეთქი. ისიც მპასუხობს: ფიქრისა და სიჩუმისო!

მონასტრიდან დაბრუნებულებმა ასპინძის გოგირდოვანი აბანოები მოვინახულეთ. აბანოები უძველესია, წყალი  - სასარგებლო, მომხმარებელთა ძირითადი ნაწილი - სომეხი. ილიას სიტყვები მახსენდება: "ამ სამოთხე ქვეყანაში მარტო ქართველს უგუბდება სული, გული ელევა, ხორცი ადნება... რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!".

KvirisPalitra.Ge"თამარი აქ ბრძოლის წინ ლოცულობდა"

ვარძიასთან მისვლამდე გზად ხერთვისია - საოცრება! გვერდს ვერ აუვლი!  უცხოელი ტურისტები გაოგნებულები კითხულობენ: რა ხელმა ააგოო. ერთ კედელში ღია ხვრელი გაუჩენია დროებას... აქედან დანარჩენი საქართველო მოჩანს...

ხერთვისის შემდეგ ზედა ვარძიის დედათა მონასტერს ვსტუმრობთ. ადგილს, სადაც სიჩუმე მეფობს, სული ზეიმობს და პატარა სამოთხეა მოწყობილი.

- ტაძარი მე-9 საუკუნეშია აგებული. თამარ მეფე ამ მონასტერში ამოსულა ფეხით ბრძოლის წინ. სულიერებით ებრძოდა დიდი მეფე მტერს და ამიტომაც გააძლიერა ქვეყანა, - გვიამბობს ვარძიის მონასტრის წინამძღვარი, დედა მარიამი.

დედა მარიამმა გაიხარა, როცა გაიგო, რომ პატარა ნიკა ფუტკარაძე ლექსებს საქართველოზეც წერდა და კითხულობდა. დედა მარიამმა ყველა მონაზონი შეკრიბა, ჩრდილში დასვა. მერე თავადაც დაჯდა და პოეზიის მწუხრში ჩაეფლო.

მონაზვნებს ვემშვიდობებით... მდუმარედ გვაცილებენ,  ყოვლისმთქმელი მზერით...

"მთავრობის დახმარებით მუზეუმ-ნაკრძალი ყოველთვის მზად არის სტუმრების მისაღებად. ვარძია დასუფთავებულია, გაყვანილია სანიაღვრე არხები, ურომლისობაც აქამდე დიდ პრობლემას გვიქმნიდა. მუზეუმის დათვალიერება 3 ლარი ღირს, მაგრამ ინგლისურენოვანი გიდი არ გვყავს", - გვითხრა ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის მმართველმა ვალოდია ზაზაძემ.

ვარძიაში სანიაღვრე არხები მართლაც გაყვანილია, მაგრამ ბევრგან მოგიწევთ სიბნელეში სიარული, გამოსავალი ან ჩირაღდანია, ან მობილური ტელეფონის განათება, რომელიც გაოცებულ უცხოეულ ტურისტებსაც ეხმარება, რომ  სიბნელეში თავ-პირი არ დაიმტვრიონ;  ვარძიამდე მისასვლელ გზას კი ამჟამად არემონტებენ. აქაურები ამბობენ, ვარძიის ათვისება არაბ ინვესტორებს მიანდვესო.

- ნახეთ საოცრება, - გვეუბნება ვარძიის ფონდების მცველი, მუხრან თაქთაქიძე და მე-12 საუკუნეში მოხატულ თამარ მეფის ფრესკას გვაჩვენებს - ეს თამარ მეფის გათხოვებამდეა მოხატული. ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი 1185 წელს აკურთხეს. ბევრს არ სჯერა, რომ ამ გუმბათის არქიტექტურა ქართულია, რომ ევროპულ რენესანსს წინ ქართული უსწრებდა. ვარძიაში 600-მდე გამოქვაბულია. თუკი მოვუვლით ამ საოცრებას, ისევ გავაოცებთ სამყაროს.

ბატონი მუხრანი შვილივით ესათუთება ვარძიის კედლებს. საჭირო რომ გახდა, ალპინისტივით ასულა კლდის ქიმზე და იქიდან თოკით დაშვებულს გაუწმენდია სახიფათო ქვაბულები. გაუხარდა, ისტორიაზე რომ ჩამოვუგდე ლაპარაკი. - ახლა ხომ ისტორია 2003 წლიდან იწყებაო, - დანანებით მითხრა და თან საჩუქრად მიტანილი "კვირის პალიტრის" გადაფურცვლა დაიწყო: - მიყვარს ეს გაზეთი, განსაკუთრებით ისტორიულ მასალებს ვკითხულობ და მიხარია, რომ ობიექტურობას არ ღალატობთ, - შემდეგ კი განაგრძო:

- თამარ მეფის შემდეგ ვარძია მშველელს ელის... ამას წინათ პრეზიდენტი იყო დაცვა-ამალით მოსული. დამინახა თუ არა, მიცნო, ბავშვობაში ექსკურსია თქვენ ჩაგვიტარეთო. მიხარია ქვეყნის შენება, ინგლისურის შესწავლაც კარგია, მაგრამ მინდა, საქართველოს ყოველმა მოქალაქემ ქართული ენა იცოდეს. ერთ სომეხს კამათის შემდეგ რომ ვკითხე, საქართველოში ქართულად რატომ არ ლაპარაკობთ-მეთქი, იცით, რა მიპასუხა? - გვასწავლონ და ვისწავლით, ბატონოო!

ბატონი მუხრანი ოხრავს. ვარძიას ნამდვილი მცველივით ავლებს თვალს და ერთი ქალბატონისკენ იშვერს თითს: - შეხედეთ იმ ქალს, ახლა ამ წმინდა ადგილას რომ მოისროლა ბინძური ხელსახოცი. სანამ ჩვენი მიწისა და ერთმანეთის სიყვარულს არ ვისწავლით, ვერც ვარძია შეგვიძრავს დამშეულ სულს და ვეღარც ამ სამრეკლოს ზარები გამოგვაფხიზლებს.

ობოლეთი!...

ასპინძის მთებს შორისაა მოქცეული ობოლეთი. ამბობენ, რომ საუკუნეების წინათ ობოლეთის მონასტერში დაობლებულ პატარებს მალავდნენ. ერთხელ მტერს მონასტრისათვის მიუგნია და ყველა ობოლი ამოუწყვეტია. მას შემდეგ ასპინძელები ფეხით მიდიან შორეულ გზაზე ობოლეთის სევდის შესაცნობად. ჩვენც მათ გზას დავადექით მასპინძლებთან ერთად.

- ეს სიკვდილის ყანაა, - მიამბობს ჩვენი მასპინძელი, ქალბატონი თამარი.

"სიკვდილის ყანის" ბოლოს მოდის ანკარა, კლდეთა ნაპრალებს გამოპარული წყარო. ვგრილდებით და სხვადასხვა ლეგენდას ვისმენთ.

- ჩვენს ცხოვრებასა და გასაჭირზე მეტი რაღა გიამბოთ? - მპასუხობენ მასპინძლები, - ლეგენდაა თავად ჩვენი ცხოვრება. ჩვენი პატრონი არავინაა.

ობოლეთის დაობლებულ მონასტერთან მივდივართ. სიტყვის თქმა გვიჭირს. უმოქმედო ტაძარში სიბნელეა. ეტყობა, კარგა ხანია, არავინ ჰყოლია სტუმრად ობოლეთს. სანთლებს ვანთებთ... ტაძრის ერთადერთი ღია სარკმლიდან მზის სხივი შემოდის პარვით!