ქობულეთური ამბები - კვირის პალიტრა

ქობულეთური ამბები

"ზამთარში ამას ათ ლარადაც ამოვიღებდი"

ერთ მშვიდ და წყნარ ღამეს, როცა ჩვეულებისამებრ ვისხედით ეზოში, ერთი მდგმური გამოვარდა და აფორიაქებულმა გვთხოვა: - ქალებო, პინცეტი გექნებათ და მათხოვეთო. იგი თავის 12 წლის ტყუპ ბიჭთან ერთად ცხოვრობდა. მამამ ძილის წინ შვილების დაპურება გამხმარი ტარანით და ლუდით განიზრახა. ერთ-ერთ ბიჭუნას თევზის ფხა გასჩხერია ყელში და მამას პინცეტიც მის ამოსაღებად უნდოდა. ჩემმა მეგობარმა მაშინვე გამოურბენინა პინცეტი. კაცი გაქრა, მაგრამ ცოტა ხანში მობრუნდა და უფრო გრძელი პინცეტი მოითხოვა. მერეღა შემოგვეყარა გულს. ბავშვს საკმაოდ მოზრდილი ფხა გასჩხეროდა. სასწრაფო გამოვიძახეთ. ცოდვას ვერ ვიტყვი - სამ წუთში მოვიდნენ ექიმები, მაგრამ რად გინდა? ვერაფრით დაეხმარნენ ბავშვს. საჭირო გახდა ბავშვის საავადმყოფოში გადაყვანა. იქ მისულებს ნახევრად მძინარე ექიმებმა ზანტად აგვიხსნეს: ახლა თქვენ უნდა იმარჯვოთ, დუურეკეთ ყელ-ყურის ექიმს და შეაფხიზლეთ, თვარა საავადმყოფოში არ იქნება ამეღამო. როგორია, ექიმი რომ გეუბნება, - იმარჯვეთ და შეაფხიზლეთ ექიმიო? ერთი ამბავი ავტეხეთ, მაგრამ მაინც მამას მოუწია ექიმის შეფხიზლებამ და მანაც ნება დართო ბავშვი მასთან შინ მიეყვანათ. ერთი პატარა მანიპულაცია დასჭირდა და ბავშვიც გათავისუფლდა მტანჯველი ტკივილისგან. სამაგიეროდ, ექიმმა მოურიდებლად ითხოვა 50 ლარი და ახსნაც მოაყოლა: ჯერ ერთი, მორიგე არ ვიყავი და გამაღვიძეთ, მეორეც, სეზონზე ძვირია ყველაფერი, თვარა ზამთარში ამას ათ ლარადაც ამოვიღებდიო(!). როგორც ჩანს, ზღვისპირეთში ყველაფერი ძვირდება ზაფხულში, ჰიპოკრატეს ფიციც!

"აგი რუსი თქვენი გადარჩენილია"

ერთ საღამოს, როცა წყლის ზედაპირზე ოქროსფერი ბილიკი სადაცაა, თვალსა და ხელშუა გაგვიქრებოდა, უკნიდან ოხვრა მომესმა. მივიხედე და რუსის ქალი დავინახე. ლიმონათის ბოთლი ეჭირა ხელში და ყლუპ-ყლუპით სვამდა. არყის სუნი ვიგრძენი და მივხვდი, ლიმონათის ბოთლში რუსების უსაყვარლესი "ვოდკა" ესხა. უცებ ქალმა განწირული ხმით დაიძახა. "Ой девочки, за мной гоняться"-ო, წამოხტა და კაბიანად ზღვაში შევარდა: სწრაფი ცურვით სიღრმისკენ მიიწევდა. ნეტავ, ვინ მოსდევს ამ უბედურს-მეთქი, გავიფიქრე და სანაპიროს თვალი შევავლე. საეჭვო ვერავინ დავინახე. ქალი კი უკვე წერტილივით მოჩანდა. გულმა ცუდი მიგრძნო და იქვე სამაშველო პუნქტს მივაშურე. ქალი იხრჩობა, უშველეთ-მეთქი. მეგონა, უცებ წამოხტებოდნენ, მაგრამ შენც არ მომიკვდე. ბიჭებმა ჯერ ზანტად ამომხედეს, მერე მოტივტივე წერტილს თვალმოჭუტულნი დააკვირდნენ და - ე, ბიჭო, მგონი, მართლა იხრჩობაო, წამოხტნენ და ზღვაში შეცვივდნენ. შორიდანაც კარგად ჩანდა, როგორ ებრძოდა ქალი იმ ორ მაშველს. ბოლოს, ეტყობა, დანებდა და იმათაც ნელ-ნელა ნაპირისკენ გამოცურეს. სხვებიც სკუტერებით მივიდნენ და სამივე გამოიყვანეს. ქალს ფერი არ ედო სახეზე, მაგრამ გვარიანად დაღლილი და წყალნაყლაპი (ცოტა უფრო ადრე "ვოდკანაყლაპიც"), ჩხუბს მაინც ახერხებდა: "Почему вы меня спасли, я же утонуть хотела".

- ვერაა აგი ქალი მთლად დალაგებული,  მადლობის მაგიერ ხელჩართული ბრძოლა გაგვიმართა ზღვაში, კაი ბოქსიორივით იმისთანა მდრუზა ცხვირში, კინაღამ ნოკაუტში ჩამაგდო, - ჰყვებოდა ერთ-ერთი მაშველი და შესივებულ ცხვირზე ხელს ისვამდა.

- რაც მაგისიანებმა შარშან ჩვენ დაგვმართეს, კი იყო დახრჩობის ღირსი, ხელიც არ უნდა გაგვენძრია მაგიზა, მარა რაფერი გული გვაქვს ქართველებს, ხო იცით?! - ბუზღუნებდა მეორე მაშველი. ცოტა ხანში ქობულეთის პოლიციაც გამოჩნდა. ამ ფაქტზე აქტი უნდა შევარდგინოთო და - მე, როგორც მაშველთა მომხმობს, მთხოვეს, - პაწა ხანს ჩვენთან წამობრძანდით, ახსნა-განმარტება უნდა მოგვცეთო. სხვა რა გზა მქონდა? თითქოს მაკლდა კურიოზები. განყოფილებაში გაირკვა, რომ ქალი ბათუმელი იყო. ქვრივი. ლოთობის გამო ქალიშვილს და სიძეს შინიდან გამოუგდიათ. გაუგებარი იყო, ქალმა რატომ გადაწყვიტა მაინცდამაინც ქობულეთში დაეხრჩო თავი, ან რა დაუწუნა ბათუმის ზღვას. დაბოლოს, როცა ახსნა-განმარტების შემდეგ პოლიციელები თვითმხილველის (ანუ ჩემი) ვინაობითა და სამსახურით დაინტერესდნენ ოთახში მყოფი სამივე პოლიციელი ფეხზე წამოდგა, მაგრად ჩამომართვეს ხელი - ყოჩაღ, ქალბატონო, თქვენი დამსახურებაა ამ სეზონზე კიდო ერთი უბედურება რომ არ დატრიალდა, "კვირის პალიტრამ" გადაარჩინა აგი რუსიო.

"გაისად  ხომ ჩამუხვალთ"

გვიანობამდე ვრჩებოდით ზღვის სანაპიროზე. მერე ეზოში ჩამოვსხდებოდით და შუაღამემდე ვსაუბრობდით. ჩვენმა დიასახლისმა სწორედ ერთ-ერთი ასეთი საუბრის დროს გადამიშალა გული.

ციალა გოგიტიძე-მჟავანაძე: - შარშანდელმა სეზონმა მოგვსპო და წელში გაგვტეხა. სესხი გვქონდა ბანკიდან გამოტანილი. დამსვენებელს კაი ვანა-ტუალეტი, საშხაპე და სამზარეულო თუ არ დაახვედრე, არ დარჩება, წავა სხვაგან... საქმე კარგად წევიდა და მეგონა, სესხსაც მალე გევისტუმრებდი, მარა რუსების სინსილა რო გაწყდეს, არ დეიწყეს ომი?! ვალებიც დაგვედო.

ამ სეზონს კაი პირი უჩანს და ამინდებმაც ხელი შეგვიწყო (სექტემბრის ბოლომდე რჩებიან ხოლმე მოაგარაკეები), ბანკის ვალს გევისტუმრებ. გაზაფხულზე ისევ გამევიტანთ სესხს, სახლს კიდევ რაცხას მივუმატებთ. მგონი, უკმაყოფილო არც თქვენ წახვალთ აქიდან და გაისად რომ ჩამუხვალთ, კიდო უფრო კარგ პირობებს დაგახვედრებთ. ხომ ჩამუხვალთ? - და ციალა თვალს თვალში მიყრის. ვპირდები, - აუცილებლად ჩამოვალთ-მეთქი.

P.S. დამთავრდა ჩვენი ორკვირიანი "ქობულეთური ეპოპეა". ზღვას უცნაური თვისება აქვს, მაგნიტივით გიზიდავს და გიჭირს მასთან განშორება, მაგრამ რას ვიზამთ?