"ფრანციცული ფანტანები" - კვირის პალიტრა

"ფრანციცული ფანტანები"

სანამ ზაფხულის ზეცას შემოდგომა დაასევდიანებს, ბათუმის ლაჟვარდოვან ნაპირებზე ხალხი გალაღებას ცდილობს. მომღერალ ფრანგულ შადრევნებთან საღამოობით ვის არ ნახავთ: ქართველს, უცხოელს, გადამთიელს თუ მთიელს...  ერთ საღამოს, როცა ზაფხულის ღამის სანახავად კი არა, შადრევნის საყურებლად ხალხმა ადგილები ისევ ხმაურით დაიკავა, ერთი მოხუცი ქალის ხმაც ჩამესმა:

- რა ამბავია ამდენი შადრევნებიო, კი იძახიან, მარა შეხედე, ახმედ, რამდენი ხალხი გამოხეკილა მოცეკვარი ფრანციცული ფანტანის სანახავად. როდის ააცეკვებენ ნეტავ ფანტანებს, მაინცდამაინც პრეზიდენტის სტუმრობის დროს უნდა გადარიონ? - მოხუცი მოხერხებულად მოკალათებულიყო საუკეთესო ადგილას, თმაჭაღარა მამაკაცის გვერდით. მეც მათ სიახლოვეს ჩამოვჯექი და აი, რა მოვისმინე:

- ნენევ, რამდენი და რაფერი ლამაზი ქალები ყოფილა დუნიაზე? ხედავ, ქალო, ამფერ კაბებს? - მოკლეკაბიანებს თვალი გააყოლა ახმედ ძიამ.

- ნელა, კისერი არ მოგეღრიცოს, ჩემი სამკურნალო იქნები ისევ, - მეუღლეს იდაყვი გაჰკრა ჟუჟუნამ, - შენფერი ვის რათ უნდა ნეტაი.

- უფ, თუ არა, შენ მყავხარ დილის ჟღურტულა ფრინველი... კი გეგონა, ქალბატონს, პენსია მომემატება, 100-დოლარიანი ქალი გავხდებიო, მარა...

- შენ რომ კუდში დასდევდი ოპოზიციას, რა გიქნა? ფიქრობდი მანდარინებსაც წიწინით გავასაღებო.

ამასობაში ფერადმა შადრევნებმაც ამოხეთქა, რა თქმა უნდა, საქართველოს ჰიმნის თანხლებით.

- გაახილე თვალი, ახმედ, რა სილამაზეა... რეიზა არ იშლი ოპოზიციონერობას?!

- შენ არ იყავი, ქალო, გუშინ საღამოს რომ შემჭამე, პურის ფქვილი აღარ მაქვს, მეზობლობა გედემეხვეწა თურქეთში, რომ მოვკტე, შემცხადებელი ქალი აღარ დამრჩაო, თუ მომეჩვენა?

- ა, გახედე ახლა ამ ქალს, გამომეწყო წინ! გეიწიე, ადამიანო, ძლივს ჩამუაღწიეთ მე და ჩემმა კაცმა შადრევნებამდე და შენ გიყურო ახლა? - თემა შეცვალა ქალმა.

- დაანებე, ქალო, თავი! შეხედე, "განდაგანაზეც" აცეკვდენ შადრევნები, - თვალები გაუბრწყინდა ახმედს.

- შენ რაღას იცეკვებ? წინასაარჩევნოდ ირბინე პოლიტიკოსების პლაკატების გამოსაკვრელად სოფელ-სოფელ რომ...

- აბა, - დადარდიანდა ახმედ ძია, - კი ვაკრავდი პლაკატებს ყველა ხეზე, მარა მოწინააღმდეგეები მიხევდნენ... ნაფერებ თუთის ხეზე გავაკარი ჩემი სანაქებო პოლიტიკოსის პლაკატი და ღამით ვიცავდი საწოლი ოდიდან. სხვას რას ვერჩი, შენ ვერ მოგიშალე სააკაშვილის პლაკატის მიწეპება და...

- დიმიჯერებ აწი, დაწვები და დეიძინებ... ბჟოლის ხეზე ყურებით კი არ აშენდა და დაგრძელდა ამხელა ბულვარი.

- ამის დაგრძელებას არ ჯობდა, ერთი ქარხანა აეშენებინათ ჩვენს მემლექეთში?

- რას დაობ, კაცო, დააგრძელეს, ხომ არ დაამოკლეს? ისე დაგრძელდება ყოლიფერი, ბოლოს ჩვენს სოფელშიც, ბულვარი გაშენდება.

- მზემ გაგაბეჩა, ალბათ, - ცოტა ხნის დუმილის შემდეგ განაგრძო ახმედ ძიამ, - ჩვენთან რომ ბულვარი გაკეთდეს, ვინღა გაგაჭაჭანებს მერე იმ კურთხეულ მიწა-წყალზე? აგერ, ვნახე დღეს ახალ ბათუმში მცხოვრები ჩემი ნათესავი და იცი, რა მითხრა? - ძროხები გვყავს შემორჩენილი და თუ გარეთ დამრჩა გაშვებული, 50 ლარით გვაჯარიმებენო...

- კაი ახლა, აგერ ფერადი ფანტანის წყალს გაატანე მაი დარდები... ხვალ ისევ დავჯდებით იმ ჩვენი თუთის ხის ძირას და რაცხა ტკბილი და ფერადი ხომ უნდა გვქონდეს მოსაგონარი? რა ვუთხრა მეზობლის მოხუცებს, ქალაქშიც ვიდებატე-მეთქი?

ამ სიტყვებმა, ეტყობა, ღრმად ჩააფიქრა ახმედ ძია. გარინდებული დიდხანს უყურებდა ულამაზეს შადრევნებს, მაგრამ ვგრძნობდი, ისევ თუთის ხეზე ფიქრობდა, ხეზე, რომელსაც, ალბათ, პოლიტიკური წარსულის დამღა ნაფლეთებად შემორჩა...