"წუთისოფელი კარგია, თუ კაცი გამაიყენებ" - კვირის პალიტრა

"წუთისოფელი კარგია, თუ კაცი გამაიყენებ"

მთას მივემგზავრები... ხეობები მზის შუქ-ჩრდილში გახვეულან. თივისა და მიწის სურნელს ხარბად ვისუნთქავ. თბილისიდან  სულ რაღაც 50 კილომეტრში (სიონთან ახლოს) სოფელი კოჭბანია. აქ ფშაური სილაღით მხვდება გელა ხოშარაულის ოჯახი.

ფშავში კი... სოფელი ხოშარა ხალხისგან დაცლილა. დღეს იქ ციხეებისა და სიპით ნაშენი სახლების ნანგრევებიღაა შემორჩენილი. ხოშარაულები სალოცავში მაინც ადიან, არ სურთ იქაურობას მოსწყდნენ.

სამ დღეში ჩატეული მთელი ცხოვრება

გელა ხოშარაულის ოჯახი მოკრძალებულად ცხოვრობს ქვით ნაშენ ხისაივნიან სახლში. კომფორტი არა აქვთ, სამაგიეროდ, სახლი სავსეა სითბოთი, სიყვარულით, სტუმართმოყვარეობით... დღეს უმეტესობა ქალაქისკენ გარბის, ზოგი ლუკმაპურის საშოვნელად.…გელა, პირიქით - ქალაქიდან სოფელს მოჰბრუნებია.

-“თავის დროზე, მთა რომ იცლებოდა, ჩემს წინაპარს უყიდია მიწა აქეთ... მას შემდეგ ჩემი გვარ-ჯილაგი აქა ვცხოვრობთ. თბილისში დავიბადე და გავიზარდე, იქ შევქმენი ოჯახი, იქ მეყოლა სამი შვილი. გულმა კი აქეთ გამომიწია,”- მეუბნება გელა და ეზო-კარს თვალს ღიმილით ავლებს, -“ტკბილი ბებო მყავდა, მართა პატარიძე, კარგი მოლექსე ქალი იყო. ის რომ დაიღუპა, აქაურობა გავერანდა, ვიფიქრე, პატრონი ხომ უნდა ამ ყველაფერს, ფესვები რათ უნდა დავკარგო-მეთქი. ქალაქში აუცილებელ საქმეზე მივდივარ. განა ჩემი ქალაქი კი არ მიყვარს, მაგრამ...”

მარინა, გელას მეუღლე საჭმლის მოსამზადებლად ცეცხლს ანთებს. კვამლის სუნი, ქათმების კრიახი და ბომბორა მურას ყეფა ჩვენს საუბარს მცირე ხნით წყვეტს. ტალავრის ქვეშ მაგიდა და სკამები გაუწყვიათ...

- "მე იმ წინაპრის შტოდან ვარ, / სადაც არ ქრება სანთელი, / სადაც პირდაპირ იტყვიან, / თუ რამე არის სათქმელი..." -”ეს მართა ბებოს ლექსია, - იხსენებს გელა, თვალში სევდა უსახლდება და გულს მიშლის, -“თქმა ვიცი ხოლმე, ნეტავ დედაჩემს მაინც ეცოცხლა კიდევ ცოტა ხანს, ერთი წელია, რაც დედა აღარ მყავს და კერიას სითბო მოაკლდა...

მარინა ახლა თონეს ანთებს. ყველაზე გემრიელი "კაკლიანი პურები"”ხოშარაულებთან ცხვება.

გელა ლიქიორს ასხამს ჭიქებში და ამბობს: -“ჩვენს ხელმარჯვნივ ჭეხილას ციხე და კვირიას სალოცავი მოჩანს. ჩვენი შემწე იყოს წმინდა გიორგი, შაგვარგოს წუთისოფელი, მინამ ცოცხლები ვართ.

- გელა, კოჭბანი რატომ ჰქვია თქვენს სოფელს?

-“კოჭბანამდე არის ერთი პატარა სოფელი - სასადილო. ამ სოფლის სახელი თამარ მეფის დროინდელია, ძველად ხალხში ამბობდნენ, თამარს თავისი ამალით აქ გამოუვლია და უსადილია, იმიტომ უწოდეს სასადილოო. მერე აქვე, მეორე სოფელშიც გადმოსულა. ამ ორ სოფელს შორის დამაკავშირებელი გზა არ ყოფილა, მდინარე უნდა გადმოგელახა. თამარს მდინარეში კოჭიც დასველებია. ხალხი ამბობდა თურმე, თამარს ჩვენსა კოჭიც დაუბანიაო. ასე შეარქვეს სოფელს კოჭბანი.

- მართა ბებო მელექსე იყოო, თქვი, შენ არ გალექსავ ხოლმე ფშაურად?

-“მართა ბებოს სკოლაში არ უვლია, მაგრამ. კარგ ლექსებსა წერდა. ვახუშტი კოტეტიშვილის გადაცემაში ნდომებია გამოსვლა და აი, რა მიუწერია: "მინდოდა, პოეზიაში მენაც მიმეღო წილიო, / რა ვქნა, არ დავბადებულვარ თეკლე ბატონიშვილიო, / ზოგმა დაუკრა ჩონგური, ზოგმა დაუკრა სტვირიო, / მე კი არც ერთი არ ვიცი, იმით ჩავკიდე ცხვირიო, / სულ მაგის მოლოდინში ვარ, ცრემლები მამდის ხშირიო, / ეგება როგორ მომიღოთ, მიმაღებინოთ წილიო". ვახუშტის მართა ბებოს ლექსები დიდად მოუწონებია...

მეზობელი მარგო დეიდაც შემოგვიერთდა. ისეთი ფუსფუსი და სილაღეა ეზოში, წამოსვლა არ მინდა. გელას ვთხოვ, შენი ლექსებიც გვითხარი-მეთქი.

“- გეტყვი, ოღონდ ჩემს ლექსებზე არაფერი დაწერო, სად მე და სად პოეზია, ერთი უბრალო კაცი ვარო...”

მაგრამ ჩემს მასპინძელს ერთი ლექსი მაინც გამოვტყუე: "წლები გაფრინდნენ, გაიქცნენ, / ბრძოლას მიცხადებს სიბერე, / იქნებ სიცოცხლე არ გინდა, იქნებ ვეღარა იფერებ, / დასწვები, ვერ დაიძინებ, / ღამეს სულ თეთრად ითენებ, / სიკვდილ-სიცოცხლეს ვინ გასცემს, / ვინ გეტყვის, რომელს ინებებ, / წუთისოფელი კარგია, თუ კაცი გამაიყენებ".”

...მოვდივარ მთიდან და მომყვება იქ გატარებულ სამ დღეში ჩატეული მთელი წელიწადი.