"ახლა სააკაშვილი რომ მედგეს წინ, პირში ვეტყოდი ყველაფერს..." - კვირის პალიტრა

"ახლა სააკაშვილი რომ მედგეს წინ, პირში ვეტყოდი ყველაფერს..."

- რად გინდ ეგ სურათ, შვილო, რომ გვიღებ, რად გინდ, რომელ სასურათეებ ჩვენ ვართ, ჩვენ დაკოჟრილ პირისახესა და ხელებსა სურათ რად უნდა?! - შემომიძახეს

ქიზიყში ხევსურელი კილოთი ხანდაზმულებმა, სკამზე რომ დასასვენებლად ჩამომსხდარიყვნენ. როცა ვუთხარი, გაზეთში სწორედ თქვენზე უნდა დავწერო-მეთქი, თან გაუხარდათ, თან ხელი ჩაიქნიეს, მაგრამ მაინც ალაპარაკდნენ, თან იქნებ ჩვენს პრეზიდენტს მიაწვდინოთ ჩვენი ხმაო. თქვენ თქვით და ეგება მისწვდეს კიდეც-მეთქი.

- აღარ ვვარგივართ, შვილო! ჯაფამ გაგვწყვიტა წელში, - მეუბნება ყაზბეგიდან ქიზიყში ჩამოსახლებული თინა არაბული, - ორ ჯოხთ დავდივარ, მაგრამ მშველელ რომ არვინ მყვენ, დილას  ვირის ტაჭკათი აგე, სასაფლაოზე წაველ, აი, ამ ხელით მოვგლეჯ მუჭა-მუჭა ბალახ და ისე მოვიტანე ხბოისთვის. ამ ზამთარ ხომ უნდა გამოზრდა. აგერ ჩემ მეუღლე გაბრიელა ვეღარა ხედავს, ლურსმან ვერ დაარტყამს ჩაქუჩსა, ისევ მე ვჯახირობ...

- მთიდან რად ჩამოხვედით?

- სოფელ აღარ იყვის, ხალხი აღარ სახლობდის! ექიმი იქ არ იყვის და არაფერი, მთამ და მისმა სიმკაცრემ ერთი შვილი მამიკლა, შამოვწყერით და წამოვედით, მაგრამ აქაც არ დამადგა კარგ, შენი მამულეთი არავისზე არ უნდ გაცვალ, აქაც გამოზრდილ-დაკაცებულ შვილ მამიკვდა... ქიზიყი საქონლის მოშენებისთვის კარგ ადგილ არს, ხორბალი იყვის, სიმინდ იყვის, ჩვენ საქონლის გარეშე ვერ შავძლებთ, რომ ვიცხოვროთ. აი, აქ ამ სახლში დავიდეთ ბინა, ჩვენ ავაშენეთ, გან ასეთ იყვ".

ნასყიდა წიკლაური: - პრეზიდენტი ამბობს, წყალი, გაზი და გზა ყველა სოფელში იქნებაო! აბა, სად არის ან ერთ, ან მეორე, ან მესამე! ეტყობა, ან იმას ატყუებენ, ან ის გვატყუებს ჩვენ. ჩვენ უბანში ერთხელ არავინ მოსულა მთავრობიდან და არავის უკითხავს, რა გიჭირთ და რა გილხინთო? - ამბობენ, დედოფლისწყაროს რაიონის წყალკანალი გორს მიუერთდა და ანგარიშიც იქ უნდა ჩავაბაროთო. თურმე გორს უნდა დაეკითხონ, რომელ უბანს მიეწოდოს წყალი და რომელს არაო, სად გორი და სად ჩვენ, სადაური გორელები ჩვენა ვართ, იმათ რა იციან, ჩვენ რა გვიჭირს.

- ახლა სააკაშვილი რომ მედგეს წინ, პირში ვეტყოდი, რომ უკმაყოფილო ვარ დღევანდელი პირობებით, მაგრამ პრეზიდენტი ჩვენს რაიონში რომ ჩამოვიდა, მაშინ ახლოს ვინ მიგვიშვა! იმ შეხვედრაზე მეც ვიყავ და ჩემი ყურით გავიგონე, როგორ დაგვპირდა პენსიონერებს, იანვრიდან თქვენი პენსია ას დოლარს გაუტოლდებაო. 85 ლარი გაგვიხდა პენსია, რად გვინდოდა ასეთი მომატება, თუ ორ კილო ბრინჯს 5 ლარად მოგვასყიდებდა?! - ამბობს გაბრიელა პაპა.

- ფქვილიც რომ საყიდელი გაგვიხადეს ქიზიყელებ, ეს ცხოვრებაა? მიწა თითო ჰექტარი გვაქვს, მაგრამ ვერც მივდივართ და ვერც ვამუშავებთ, ფული არა გვაქვს, რომ დავამუშაოთ, საწვავი ძვირია... მეუღლე დამეღუპა და სახლში მამა-შვილი დავრჩით. ახალგაზრდა ბიჭი მყავს, უმუშევრად დადის. ერთი მითხარი, 85 ლარად შეშა მოვიმარაგო ზამთრისთვის, ფქვილი ვიყიდო, წყალი ვიყიდო თუ ცოტა საჭმელი? შრომა არ მეზარება, შვილო, მაგრამ ჩემს შრომას ფასი არა აქვს! ეგ ყველაფერი კი მიშა სააკაშვილმა უნდა კარგად იცოდეს! - და ქიზიყელი ხევსური ნასყიდა პაპა ნაჯაფარ ხელს მუქარით უქნევს ჩვენი ქვეყნის ამწყობსაც და დამაქცევარსაც.

P.S. როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელთან ლევან ბაღაშვილთან სატელეფონო საუბრიდან შევიტყვეთ, წყალი ამ ხალხს თავის ქუჩებზე აუცილებლად ექნებათ, ოღონდ საკითხს მომდევნო პროექტში გაითვალისწინებენ. მომდევნო პროექტის მოლოდინში კი აგერ უკვე მერამდენე ზაფხული და შემოდგომაც მოგვადგა კარს.

ლალი მეხრიშვილი,

კახეთი