"ისე მტკიცე იყვნენ თურმე..." - კვირის პალიტრა

"ისე მტკიცე იყვნენ თურმე..."

აფხაზეთის ომმა ხევსურეთიც ისევე დაამწუხრ-დათალხა, როგორც საქართველოს ყველა კუთხე. აქაური გოგო-ბიჭებიც ჩაიხოცნენ დუშმანის მიერ ნასროლი ტყვიით. მარადისობას შეერივნენ, ჩვენ კი მოურჩენელ იარად დაგვიტოვეს "ვერდაბრუნების დანაშაული".

ჰო, გოგო-ბიჭები...

ლელა ჭინჭარაულმა 22 წლის ასაკში დაასრულა თავისი ლამაზი სიცოცხლე არანაკლებ ლამაზი სიკვდილით - მამულისათვის მოკვდა. უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არ შეჰპუებია ოჩამჩირის შემოგარენში მომდგარ მომხდურთ.

არა და ვინ იფიქრებდა ამ თვალხატულა გოგოს სისხლისმღვრელ ომში წასვლას...

დედამისი, ექვსი შვილის გამზრდელი ძილა არაბული მიყვება: "ბალღობაში სწავლაც უყვარდა, ხელსაქმისკენაც მიუწევდა გული - ქსოვაც ეხერხებოდა, ქარგვაც, კერვაც... საქონელსაც ჰპატრონობდის... დაღლა არ იცოდა, მოქნილი, დაუზარელი იყო".

ბარისახოს სკოლაში სწავლისას რაიონული შეჯიბრება გამართულა გოგონებს შორის ძროხის სწრაფად მოწველაში და ლელას გაუმარჯვია, მაგრამ სხვისთვის, "პატრონიანისთვის" მიუციათ პირველობა და უცხოეთში წასასვლელი საგზური, მას კი თურმე მხოლოდ მცირე პრიზი არგუნეს.

ალბათ, პირველად მაშინ შეეჩეხა უსამართლობას...

ძილა არაბული: "დუშეთში სწავლობდა და მშობლებს არც კი გაგვაგებინა, რომ დუშეთის სამხედრო ნაწილში მივიდა ომის დროს".

ბადრი დიდებაშვილი, დუშეთის სწრაფი რეაგირების შტაბის უფროსი: "ლელა 1993 წლის გაზაფხულზე შემოგვიერთდა, ქმართან ერთად ჩამოვიდა. სანინსტრუქტორად მუშაობდა. 1993 წლის 2 ივლისს მტერმა ზღვიდან გადმოსხა დესანტი, რომელმაც ალყაში მოაქცია ჩვენი შტაბი. ამ ბრძოლამ შეიწირა ლელა, რომელსაც შიშისა არაფერი ეტყობოდა, ისე იდგა მებრძოლი მამაკაცების გვერდით".

ასე დასრულდა ლელას დედისთვის ქალიშვილის ამსოფლიური სიცოცხლე. დღემ პირბადე დაიხურა, ზეცამ თალხი მოისხა, მაგრამ გმირები არა კვდებიან...

გოგი ჭინჭარაული,

ბარისახო