"ნაჩალნიკა გოგია" და პატრული ვენახში - კვირის პალიტრა

"ნაჩალნიკა გოგია" და პატრული ვენახში

რემნებგადაჭერილი კახელების ახალი თავსატეხი

კახეთში "ყვავი ჩხიკვის მამიდაც" არ მყავს, მაგრამ მართლა დალოცვილმა ისეთი მონატრება იცის, პატარა მიზეზი და - გავქანდები.  მოკლედ, ახლაც ასე გავვარდი ისანში - იქიდან მიდის "მარშრუტკა" კარდენახში. იქ წინა სკამზე ფაშფაშაჩანთიან და ფაფაშა... (აღარ ვიტყვი!) ქალბატონთან ერთად გამოვიჭიმე. გამოჩნდა "შოფერიც" - შენა, ეთერაო, მიადგა ჩემს "მეზობელს" (ჩემი სეხნია ყოფილა!), თუ კიდე არ აგიღია ბილეთი, ფეხ არ გავადგამ სადგურიდანაო! ეთერამ - არ გაადგამ და ნუ გაადგამ... პირდაპირ თანხა რო მოგცე, ხელებ დაგწვავ თუ რაო?  მოკლედ, დავიძარით. ჰოდა, მეც ღვედს წავავლე ხელი. ის კი არა, ეთერასაც წავეშველე გადაკვრაში.

არ დაიჯერებთ და, - მაიტაო! მაგი გულითვინა ვენახში ტრაქტორებზე დასდევს პატრული ხალხსაო. ერთი სიტყვით, კარდენახში რომ ჩავედით, ეთერამ - ზავრაშვილ გივის უნდა ჩაგაბარო, ჩვენი სოფლისას ის ყველაზე უკეთ გეტყვისო. სოფლის მაღაზიასთან გივიც გამოჩნდა და ორივე ერთად აღმართს ავუყევით. ქვემოთ ალაზნის ველი ჩანდა, ზემოთ - თოვლიანი კავკასიონი.

- პირველადა ხარ კარდენახშიო? - მკითხა თანამგზავრმა.

- ჰო. ლამაზი ყოფილა, მაგრამ ალბათ თვალი ისე გაქვთ სილამაზეს შეჩვეული, ვეღარც ამჩნევთ-მეთქი.

KvirisPalitra.Ge- ეგრე გგონია?! დილით რო ადგები და პირველს რო ალაზნის ველს შეხედავ, გულიდან სადღა წავა?! აქა, კარდენახში, მაღლობი გვაქვს, ახვალ და მთელი ალაზანი ახმეტამდე, როგორც ხელისგული, ეგრე ჩანს. ადრე რუსებს ავყევი იქა. დავყურებ, სადღაა ალაზნის ველი - ისე ადევ ნისლი, გეგონება, ფეხით რო შედგე, გაგატარებს და გაივლი, მარტო კავკასიონის წვერები ჩანს, ზედ თოვლი ახურავთ ქუდებივითა. მომჩერებიან რუსები - ეს რა არი, გვითხარი რამეიო. როგორ ვუთხრა, ჯერ ხო ისედაც არ ვიცი რუსული ხეირიანად, მერე შევყურებ ამ სილამაზესა და ვარ დამუნჯებული. მოკლედ, იმ რუსების თვალები მახსოვს. ახლა, - გინდა თუ არა, თავიდან ამაიგდეთ საქართველოიო, რა ამააგდებინებთ?!

აქა, კარდენახში ერთი გოგია გვყავდა, სადგურის უფროსი იყო კახეთის რკინიგზაზე და ნაჩალნიკა გოგია შავარქვით. რევიზია ჩამაუვიდა შესამოწმებლად. რო შეამოწმეს, დაპატიჟა შინ მთელი რევიზია. შუა ქეიფში, ქართველები ამბავი ხო ვიცით, - აბა, რომელი უფრო მაგრები ვართ, იმერლები, გურულები თუ კახელებიო.

გოგიამ, - დამაცადეთო და ცოლს გასძახა, - დედაკაცო, ჩანთაში ხორაგი ჩამილაგეო! ჩაულაგა დედაკაცმაც ხორაგი და გაუძღვა გოგია თავის რევიზიას კარდენახის მაღლობისაკენა - აბა, აქეთ ამოდით, ყვარლი გადასახვევს ხედავთო? ვხედავთო. იქაო, ილია ჭავჭავაძე დაიბადაო! ახლა ცოტა იქით გაიხედეთო - იქ სანდრო შანშიაშვილის სოფელიაო, იმის გვერდზე კიდევა, ჰამლეტ გონაშვილისაო, კარდენახიც იოსებ ნონეშვილის სოფელიაო. ახლა ნეტაი, თქვენს თვალებში დამანახა, ვინ ყოფილა მაგარიო!

- ძიაკაცო, ერთი ეს მითხარი, ვენახებში რომ მიდიხართ, მართლა ღვედების შეკვრას ითხოვენ?

- მაგას, მე, ზავრაშვილი გივი, სადაც გინდა, დავამტკიცებ... ჩემი ეზოდან დაგანახებ, ტრასა რამოდენა მანძილზე ჩამდის - დიდი-დიდი ოცდაათ მეტრზე იქნება ჩემი სახლიდან. ეგ ტრასა სიგანეზე რო გადავჭრა, ვენახებისკენა, იქ დამედევნებიან პატრულები, - რემნები შაიკოჭეო. ვენახებიდან ხო მამდევენ - ნასვამი ხარ და ჯარიმა გადაიხადეიო. ბოდბისხევში რემნები გულითვინა რატო ოცი კაცი მაინც არ ეყოლებათ გამწარებული.

ვენახში რემნებ რა უნდა, კაცო?! თანაცა ქართველი კაცი ისე როგო იქნება, მეორე კაცს ვენახში 2-3 ჭიქა ღვინოი არ დაალევინოს?!

- კანონმორჩილი პატრული გყოლიათ.

- ჰო. მაგათგან მარტოკა შეყელაძეანთ სულიკოა მოსვენებითა, - კაჩკა ყავ და რემნების შაკოჭვას არავინა თხოვს, ვენახებიდან ბალახი ისე ამააქ. მაიცა, დავუძახო... (სულიკოც გამოდის)!

- რა იყო?

- სახედარი სადა გყავ?

- საძოვარზე. რათ გინდა?

- ჟურნალისტმა - სურათი უნდა გადავუღოო.

- მაგ ჟურნალისტსა სალაროი წიგნაკი რო ვაჩვენო, არ შაიძლება? გაახსენოს მთავრობასა, ვალი რო აქ ხალხისა. 100 000 მანეთი მაქ ნაშრომი ზედა.

KvirisPalitra.Ge- გეტყობათ, ახლაც ბევრს შრომობთ. ამოდენა ბალახი ამოგიტანიათ.

- მა, რა ვქნა, ავადმყოფი შვილი რო მყავ, იმის შვილებს შენახვა არ უნდა?! მთავრობა რისი შემნახავია, ჩვენთან, სოფლის საბჭოშია, ერთი ქალი ჰყავთ. როცა არ უნდა მივადგე  დახმარებითვინ, დამიხეთქებს, ქაღალდსა - არ გეკუთვნის, არ გეკუთვნისო!

სოფელშია ყველასა დეკემბრის პენსია ინდაურითვინა  ჰქონდა გადადადებული. ჰოდა, ვიყიდეთ. ვინაც ვერ იყიდა, კიდევა, დაილოცოს კარდენახის მაღაზიები, აქამდე გვაძლევდნენ პენსიამდე ყველაფერს ნისიადა, ახალ წელიწადს ხო არ დაამშევდნენ ხალხსა! შეშა ყველასა გვაქვს, ეგება, თოვლიც გამოგვიგზავნოს უფალმა და ეგ იქნება.

- აბა, კარდენახში გაზია შეყვანილიო?

- მაგ გაზის საქმე იმითანაა, თბილისში ქელეხითვინ რო ყიდიან ვარდებსა

- ბუკეტიდან კოკორი კი ჩანს, მაგრამა ქაღალდს შემოახევ და ჯოხებზე არ ყოფილა წამოგებული! ეგრეა ჩვენი გაზიცა. სოფლის თავსა და ბოლოში გვაქ მოტანილი, შუაგული კიდევა, შეშაზე ვართ.

შეგვპირდებიან, წელს არ გადაგიცილებთ შემოყვანასაო და ჩაივლის შარშანდელი თოვლივითა დანაპირები. ეჰ, თოვლი მაინც მოსულიყო ნეტავი, სანატრელი გაგვიხდა!

- გვალვა ძალიან დაგაზარალებდათ.

- ძალიანა, მიწა რო აღარ გაიჟღინთა წყლებითა, დასკდა და თაგვი გამრავლდა, თესლი სულ გაანადგურეს ნათესებშია, მინდვრად, სითაც გაივლი, ფეხი თაგვი სოროშია ჩაგივარდება, მაგრამა ამაი წუწუნით ეშველება?

კახეთს ეგრე არ გაუჭირდება, მშიერი მოკვდეს. ჩვენს მიწაზე, თუ მოუარე, სამი მოსავალი მოვა. ახლა ალაზანზე რო გაიარო, ჯონჯოლია აყვავებული.

ამ ლაპარაკში სოფლის მასწავლებლის მერი ხელაშვილის ჭიშკარსაც მივადექით. როგორც ჩემმა მეგზურმა მითხრა, ამ სოფლის ბალღები თურმე სულ მისი გამოზრდილები ყოფილან.  მოკლედ, გაშლილ სუფრასთან ამოვყავი თავი. იტყვით, ბედი გქონიაო.

მე კი გულს შემომეყარა - აქედან ჭიქის აუწევლად ვინ გამიშვებს-მეთქი. ვეხვეწე ქალბატონ მერის, - მეჩქარება, მალე უნდა წავიდე-მეთქი. იმან კი - თავი გინდა მამჭრაო?! ამასობაში სუფრიდან შემომძახეს - შენა კახეთში ხარ თუ სად გგონია თავიო?! კახეთში, კახეთში-მეთქი!

- მერე, ეს საფერავი რომ არ დალიო, თბილისამდე დარდით როგორღა უნდა ჩააღწიოო? სულაც არ ვიცოდით, "კვირის პალიტრაი" რომ უნდა მოსულიყო, დაგინახეთ და ცას ვეწიეთ სიხარულითა, შენა კიდევ, "წავედი-წავედის" გაიძახიო?! მოკლედ, საფერავი გავსინჯე და, - მართლა მაგარი ღვინო გქონიათ, ამის მოყვანას დიდი შრომა სჭირდება-მეთქი - ეგრეა, მაგრამა ეგ არის ჩვენი სიცოცხლეც და გახარებაც.

ზოგიერთი კიდევ მაიყუდებს ქინძმარაულსა, ეამება და აზრადაც არ იცის, რომ ესეც საფერავის ჯიშია, ახაშენიცა და მუკუზანიც! რუსეთმა დაგვბლოკა, მაგრამ ქართული ღვინო კანადაშიც გავიტანეთო, რო დაიწყეს ტრაბახი ჩვენმა მეღვინეებმა, რით გაიტანეს? - იმ წინაპრების შრომით, ქვის გუთნიდან რომ დაიწყო და დღემდე მოგვიტანა.

ახლაც ეგრე ვშრომობთ, შარშან, ახალ წელიწადს, ხალხმა ათ ლარ-ნაკლებ ხორცი რო ვერ იყიდა, ამის დედა ვატირეო და დაზარდა პირუტყვი. წელს, საახალწლოდა, ბოდბისხევის ბაზარზედ ღორის სამწვადე ექვსი ლარი იყო, თბილისში, "პოპულშია" კიდევა - ცამეტი. ნიორსაც ხო დაედო ათი ლარი! ჰოდა, გაისად კარდენახის გზაზე უკვე ნიორიც იქნება გამოტანილი გასაყიდადა - რო ვეღარ ვიყიდით, დათესავს ხალხი, მა, რას იზამს. ამაი სააკაშვილი კი არ ალაგებს, ბაზარი ალაგებს, ბაზარი!

- მაგარი ხალხი ხართ, გაგიმარჯოთ, ბედნიერი წელიწადი გქონოდეთ!

- თქვენცა. მთელ საქართველოსაცა და... "კვირის პალიტრასაცა". ეგეც იცოდეთ, საქმეს ვერც მარტო დაწერილი გამაასწორებს, ვერც წუწუნი - გვიჭირსო. მთავრობაი ხო არ არის და არ არის საქმის გამსწორებელი. ეს მიწა, ჩვენი საპატრონოა, ხალხისა და როგორც აქამდე გვიპატრონებია, ახლაც ისე უნდა ვუპატრონოთ. ვერ შავძლებთ?

P.S. შეძლებთ, როგორ არ შეძლებთ! ღმერთმა შეძლება და ჯანმრთელობა მოგცეთ, ჩემო კახელებო, თქვენც და მთელ საქართველოსაც ამ და მრავალ წელიწადს!