კახეთის ვენეცია, გიგიტელაანთ სიმონა და ბუშისთვის დაწურული ღვინო... - კვირის პალიტრა

კახეთის ვენეცია, გიგიტელაანთ სიმონა და ბუშისთვის დაწურული ღვინო...

"ჩვენი პრეზიდენტი, კიდევა, ვინმე ერთ-ორ ჩხირ გადასწემს გვერდზე, გავარდება და იმას დაუწყებს კოცნასა"

- ალო, "კვირის პალიტრა" ხარ? გულგულიდან გელაპარაკებით! იქნებ ჩემთან ჩამახვიდეთ, - დიდი ხნის ნაცნობივით მეუბნება ტელეფონში და მეც დიდი ხნის ნაცნობივით ვეკითხები: - რად უნდა ჩამოვიდე, ვინა ხართ? ვინა და, სიმონი ვარ, გიგიტელაშვილი, თელავიდან... ამდენ რამეებს რო სწერამთ, რატო გულგულისკენ არ გამაიხედავთ, კახეთის ვენეციაა! ისეთი ვაზი განახოთ, გუნებაზე მოგიყვანოთ. თანაც ისე მიყვარხართ, თელავი ბუტკაში რო ლარიანს გავუწვდი გამყიდველსა, აღარც მეკითხება, ისე მაწვდის "კვირის პალიტრასა".

არ ვიცი, რა ვუპასუხო, მაგრამ ჭიგოს ჩახვეული ვაზივით ძარღვიანი ხმა რომ აქვს?! უნდა წავიდე! მივდივარ...

- ძია სიმონ, არ მითხრათ, ამოდენა ვაზი სულ ჩემი მოვლილიაო!

- აი, ამ ხელებ ხედამ, შვილო? მარტო ამ ხელებმა დარგო 16000 ძირი. პირველად რო მამცეს ეს ხუთი ჰექტარი და გაავაშენეი, მას მერე მარტოდენ ჩემი დედაკაცი იყო ჩემი მამხმარე. იმასაცა წელს ჯანი გაუტყდა. ეგრე იკვირვებს სხვაცა - მარტოკინა ამოდენა ვენახებ როგორ უვლი, რეკორდიაო. მეც კი ვიცი, რო რეკორდია, ერთი რეკორდები აღმწერი კაცი უნდა ჩამავიყვანო თბილისიდანა და დავაწერინო.

KvirisPalitra.Ge- ჩამოიყვანეთ. ნეტა, მთელი საქართველო ნახავდეს თქვენს ვენახს. იმედი მიეცემა.

- თქვენც იმიტომაც ჩამაგიყვანეთ, რო სულ გულის გასახეთქი ამბები ისმის. რა წააქცევს საქართველოი, თუ იშრომა! მა გლეხი იმედი არ არი ქვეყნითვინა?! მაგრამა მთავრობამაც ხო უნდა მისცეს იმედი. ვენახი გარდა ნარგავი და ბაღჩა-ბაღი ასეულობით ძირი მაქ, ჩვენი პრეზიდენტი, კიდევა ვინმე ერთ-ორ ჩხირ გადასწემს გვერდზე, გავარდება და იმას დაუწყებს კოცნასა.

ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რო არ მიყვარს. მაგხელა და მაგაზე უფროსი შვილები მყამს, მაგრამა გლეხიკენაც უნდა ჩამეიხედოი... ჩემ ვენახში მოყვანილი ყურძნით დაწურული ღვინითა ხო იწონებდა თავს ბუშთანა!

- რას ამბობთ?!

- სიმართლესა! კავკასიონზე თოვლი იდო და იმი დაბლა კიდევა ფოთოლი არ ჭაჭანებდა, 2004-ში, 15 დეკემბერს ჩემ რქაწითელს რო კრეფდნენ. რაღაც ევროპული ცივი ღვინოა და ეგ უნდა დავამზადოთო. მთელ საქართველოში მარტო ჩემი ვენახი დაარჩინეს ამისთვისა. ეს თითონ ქარხანამ მითხრა და ღვინოც გამამიგზავნა სამი ბოთლი, თორემა მე ვინ მამცემდა, იგეთი ძვირი ღირს. ჰოდა, მერე კიდევა 2007-შიც რომ დაარჩინეს ჩემი ვენახი, წავედი კახეთის გუბერნატორთანა, ნაცვლიშვილი იყო მაშინა, - ამ ჩემი ვენახით თავს რომ იწონებთ, ერთი პრეზიდენტი დამიპატიჟეთ გულგულაში, რო ნახოს, გლეხი როგორა შრომობს-მეთქი. მდივანმა - მაგასთან ვერ შეგიშვებო, რო არ დავიშალე, შოფერი გამაიძახა, მერე იარაღიანი დაცვა. ჭიდაობას ხო არ დავუწყებდი იარაღიან ხალხსა...

ამას წინათ წავიკითხე, ერთი ცნობილი კაცი მეორე ცნობილ თანამდებობიან კაცზე ჯიბრითა წერდა - ეგაო, პროვინციელია, გლეხური ცბიერება აქვსო. ცეცხლი შემემენთო - განა რამდენ გლეხს იცნობს, ამაი რო ლაპარაკობს! თუ გაისადაც ვიცოცხლე, ამაარჩიოს თავისავით ახალგაზრდა ოთხი ჯანიანი კაცი და მთელი დღე ისე მდიონ ზვარში, არ იმუშაონ. მერე ნახავენ, ჭამის მადაი თუ დაურჩებათ...

ხანდახან ისე დავაღამებ ხოლმე ზვარში, მარტო მწყემსი თუ ჩამაივლის ხოლმე. მწყემსი მევენახეზე მეტად თუ არა, ნაკლებად კი არ შრომობს. სულ ჯავრი მჭამდა, ჩვენში ცხვარი რო გადააშენეს. ახლა ვენახ რა შემოსავალი აქვს, ცხვარი ვენახსაც შაინახამს და მის პატრონსაც. ახლა ჩემმა ვაჟმაც აიღო კრედიტი და ფარაი მოშენება დაიწყო. აგე, აკაკის 300-წლიან ხის ძირას ჰყავ გაშლილი.

- რამდენი ჰყავს?

- მაგას არც ერთი მწყემსი არ გეტყვის, ცხვრის დაკლება იცისო... კაცოო, ერთხელ ტელევიზორში ვნახე, ყველაზე პატიოსანი ქვეყანა ისლანდიაა, იქაო, თუ ვინმე რამეს იპოვის, პოლიციას აბარებსო. ეგენი რას გვაჩრიან ამ ისლანდიასა, მაგათზე ნაკლებები ვართ? კაცსა რვაჯერ მიპოვია 700 სული დაკარგული პირუტყვი და ისე ჩამიბარებია პატრონისთვინ, ბეწვი არ გამამიძვრია. როგორა მკითხე, რით მუშაობო? ტრაქტორიცა მყამ. მანამდე კიდე ვირი ტაჩკა გვყავდა. იმ ვირმა და ტაჩკამ ამაშენებინა სახლი. ზვარს შუა მწვანილსა ვთესავდით. წამაიყვანდა ჩემი დედაკაცი იმ ტაჩკასა - გადაყრიდა ერთმეტრიან თოვლსა და დაკრეფდა მწვანილსა. იმასა ვყიდდით. მერე ვიღაცამ მისწერა ფინგანსა - გიგიტელაანთ სიმონას ვაზში მწვანილი უთესია და არ შაიძლებაო. მოვიდა ფინგანი: ოღონდ მაგისთანა ვაზი მაიყვანეო, ადექი, ცარიელა ადგილებიც გაიპიროვნე და გინდა ათჯერ მეტი მწვანილი ჩათესეიო...

ძია სიმონი დაუღალავად მიუყვება ზვარს, თან მტევანს ეფერება, შენ გენაცვალეო. მერე უცებ ბრაზდება: - კაცოო, ამ ჩვენ ტელევიზორში რეკლამა როა, კაცი რო ყურძენ ყრის კალათიდან დასაწურადა (პირველ არხის რეკლამაზე ამბობს. - ავტ.), გლეხს ვერა ჰკითხა ჭკუა? რა იყო-მეთქი? რა და, როდის იყო, სუფრი ყურძნით ღვინო იწურებოდა! უცხო ვინც ნახავს, არ იტყვის, თქვენი დედა ვატირეო?!

მე ამაზე, რაღა თქმა უნდა, ვერ ვპასუხობ და ფეხქვეშ მოდებულ გათიბულ ბალახზე ვეკითხები.

- ალბათ, ბევრი პირუტყვი გყავთ, რომ ამდენი გაგითიბავთ.

- ძროხებიცა მყამ და ღორებიც, ოღონდ ეგ არი, ჩემ დედაკაც უჭირს მიხედვაი. ექიმს რომ ვუჩვენე - მუხლებში დაუნიშნა ოპერაციაი. ახლა ახალშენი ვენახი უნდა გავყიდო ამი ფულითვინა.

- ის ვენახი, ამდენი ოფლი რომ გაქვთ, ჩაქცეული?!

- მა რა ვქნა, დედაკაც ხო არ მოვკლამ! დედას ვუტირებ, კიდე ორი იმდენ ვენახს ჩავყრი! მაგრამა იცით, რა მიკვირს? მე რო დილით ვენახში მივდივარ და სძინამთ, ღამით რო მოვდივარ და ისევ დაძინებული მხვდებიან და დღისით კიდევ ჯანმრთელები დომინოსა თამაშობენ, იმათ აქვთ "პოლუსი" - ღარიბები ხართო. კი არა კითხულობენ, ავადმყოფობა და მოხუცობა თუ არ უშლის ხელს, ღარიბი რად არი...

- სამედიცინო პოლისზე ამბობთ, ძია სიმონ?

- ეგრე იყოს... მაგრამა მშრომელმა კაცმა რა დაუშავათ, რო ეგრე არად აგდებენ, მშრომელს არა სჭირდება ექიმი, რო შრომით არაქათი აღარა რჩება? თუ იაფი ღირს ეს ოხერი ოპერაცია? ქალაქში - 15.000 ლარი მაიტანეთ, ისე ვერ გავაკეთებთ მაგ ოპერაციასაო. საიდან მივიტანო, ვენახი თუ არ გავყიდე?! იმ ბალღ რო ვუთხარი, სუბსიდიებ რო არიგებ, დედაკაცი საოპერაციო მყავ და მეც მინდა პოლუსი-მეთქი, - რას ამბობ, ძია სიმონ, ამოდენა სასახლე გიდგა და შენ პოლუსს ვინ მოგცემსო! ერთი, მოდი, დადექი მთელი დღე ამ სასახლესთანა და ნახავ, რა ოქროებ გადმოგიყრის-მეთქი. თავად არ იციან, რას იძლევიან ყურძენშია! თანაც, აგერ გულგულაშია, 70 პროცენტი წელს სეტყვამ დაგვიოხრა. ერთხელ, ბატონი გია არსენიშვილი ჩამობრძანდა ავსტრიიდანა, - ეს რა ვენახები ვნახე, ჩვენი გლეხი უნდა წავიყვანო და ვაჩვენოო. დავმცირდი გულში - იმათ როგო გვაჯობეს-მეთქი. მაგრამა, მერე თავში მამივიდა, ავდექი და იმ ქვეყანაში ჩვენი ნაცნობია, იმაი გავაგებინე ამბავი, - ჰექტარ ვენახის მოსავალში მაგ ავსტრიაში რამდენ იძლევიან-მეთქი. 40 ათას დოლარამდეო. ჰოდა, იმ დალოცვილმა არსენიშვილმა ჩემი შემარცხვენელი ამბავი რო ჩამაიტანა, მთავრობაი შემარცხვენელი რატო დამალა?

- ძალიან მაგარი ხართ, ძია სიმონ.

- კაცი სოფელმა უნდა შეაფასოს. მე კიდე იმისთანა სოფელი მაქვს, ტყუილად კი არ გითხარ ტელეფონშია, კახეთი ვენეციია-მეთქი, სამი მდინარე ჩამაუდის - თურდო, თელავის ხევი და ალაზანი... 7 სექტემბერსა, თვალს ვადევნებდი - მერცხლები გაფრინდნენ და ცოტა მამაწყინეს. რო ვხნავდი, ტრაქტორ გუნდად დასდევდნენ ხოლმე. აქ ყველაფერი მელაპარაკება. ქოხი მაქვს ვენახში დადგმული. მცურავი რო ჩამოცურდება სახურავიდანა, ჯოხს გავუქნევ. ალბათ გული მოსდის, - რათ მაგდებსო. მე კიდე ვაგდებ, მეცოდება, არა ვკლავ. ჩემი დარგული კაკლები მელაპარაკებიან, ჩემი ვაშლები, ჩემი ლეღვები. იცი, რასა? - დაგვკრიფეო. ვაზი ხო მელაპარაკება და მელაპარაკება.

- ახლა მე წავალ და სოფელს დაველაპარაკები, ძია სიმონ, თქვენისთანა ხალხი რომ ჰყავს, მადლობას ვიტყვი.

- სამადლობელი რაა. კაცი უნდა შრომობდეს, ქვეყანაც მარტო აგრე დარჩება.

მე მაინც მივდივარ და გულგულელების ღიმილი მიმაცილებს, - სიმონთან იყავი, შენც კარგი ყოფილხარ, ეგეთი მშრომელი ჩვენ სოფელში არ დადისო.

თქვენც კარგები ხართ, გულგულელებო, ნეტა, ისეთი ზვრები, თქვენს სოფელში რომ ვნახე, მთელ საქართველოში მანახვა და მერე მომკლა. თუმცა მერე რაღა მომკლავს!