ქართლ-კახეთური გაზაფხული - კვირის პალიტრა

ქართლ-კახეთური გაზაფხული

"რაღა დაგვრჩენია, თავში ქვას ვიხლით და ეგრე ვთესავთ და ვბარავთ"

ამ გაზაფხულზეც ყველაფერი ისეა, როგორც შარშან და იმის წინ იყო, ჩვენი გლეხიც შიშველი ხელებით ისევ ეჭიდება გახრიოკებულ მიწას. დახმარება არ ჩანს, მაგრამ არც სოფელს აქვს მეტი გზა და არც ქვეყანას, - დასახნავი უნდა დაიხნას, დასათესი - დაითესოს... ისევ ღვთისა და საკუთარი მარჯვენის იმედით.

როგორ შეხვდა ამ გაზაფხულს ქართველი გლეხი, ამის ინტერესით ქართლ-კახეთს ვეწვიეთ.

კახეთის ტრასაზე, სოფელ ჩალაუბანის მაღლობზე შეფენილ ტრაქტორებს რომ ჩავუარე, ზემოიმერელი ენოტია (ასე ერქვა!) ტრაქტორისტი გამახსენდა, - ახალთახალი ტრაქტორი გადასცეს და ისიც სიხარულით ცაში დაფრინავდა. გორაკიდან მთელი დღე ვუყურებდი, როგორ დაარახრახებდა ქვიან ყამირზე, თან ისე მღეროდა, ტრაქტორის რახრახზე მეტად მისი ხმა მესმოდა. იმ დღეს რატო 40 ჰა ყამირი არ გადახნა!

ჰოდა, კახეთის ტრასაზე იმდენი მიწაა ყამირად მიშვებული, ტრაქტორების დანახვაზე სიხარულით ცას შევწვდი, ახლა კი ეშველება აქაურობას და ჩვენც-მეთქი. მძღოლიც ამყვა - შენა მაგათი გუთნები უნდა ნახო, თვალ ვერ მააშორებო. მაინც რანაირია-მეთქი. აღარაფერი მითხრა, ეტყობა, ლაპარაკი დაეზარა. სამაგიეროდ, ვეჯინში ვიჯერე გული ლაპარაკით - ტრაქტორებზე, ხორბალზეც და ატამზეც (ვეჯინი  ხომ ატმების სოფელია) და... სოფლის მეურნეობის მინისტრზეც. სოფლის ნაკვეთებს რომ ჩავუარეთ, გოგი ქიტუაშვილმა  30-იან წლებში ალაზნიდან გამოყვანილ სარწყავ ჭას ჩახედა.

- არ მითხრათ, ბატონო გოგი, რომ მაგ ჭაში ისევ წყალია!

- აბა, არ არის! კიდევ კარგი, თორემა, ესეც სახვეწი გვექნებოდა მთავრობისთვინ. ისიც ხო მაირბენდა და მოგვიწყობდა... მაგათ მარტო ბათუმი და სიღნაღი ახსოვთ, თან დაგვძახიან, შემოგვხედეთ, რა კარგები ვართო. განა ვამბობ, გადასაყრელები არიან-მეთქი, ქალაქსა ბევრი რამ  ასარგებლეს, მაგრამ გაიხედე, კაცო, ქალაქ გარდა დანარჩენი საქართველო აღარ არსებობს?! წვალებით მოყვანილი მარწყვი თუ ატამი  ტრასაზე გაგვაქვს, აბა, საწვავი არა გვაქვს და თავად ვერ წავიღებთ ქალაქად ბაზარში. ვყიდით, ვთქვათ, ორ ლარადა. ვინ ყიდულობს? სპეკულანტი. მერე იმას მიაქ და ექვს ლარადა ყიდის. ამ ზაფხულს თბილისში კაცმა ატამი მაჩვენა - ორ ლარად ვიყიდეო, მე კიდევ ვუთხარი, ჩამოდი ვეჯინში, 50 თეთრად თუ არ გაყიდინო-მეთქი... ჩვენი ატამი თაფლივითაა.

აქ ყველაფერი გემრიელია, რასაც ვთესავთ - ხორბალიც, ქერიც, მზესუმზირაც, კარტოფილიც. რად უნდა გვჭირდებოდეს თურქული კარტოფილი? ამეებითა, რაც ჩამოვთვალე, მთელ ქვეყანას ვამარაგებდით. ათი წლის წინ, საწვავის იაფობისას, ჩვენი სოფლის ბოლოებზე, 9 კილომეტრს პირუტყვი ისე ჩაივლიდა, ალაზნამდე ბალახს ვერ მოძოვდა. რათა? ხალხი საწვავს ყიდულობდა და გოჯი მიწა არ იყო დაუმუშავებელი. ახლა ამის ნახევარი ნაკვეთებიც არ არის დათესილი, საწვავის ფულს ვეღარ სწვდება ხალხი. არადა, გულიც არ გვანებებს მიწის გაბალახებას, რაღა სიკვდილი და რაღა ესა!

ჰოდა, ვერც მიწას ვტოვებთ... დავიჯერო, ჩვენმა მთავრობამ ხალხს რომ 50-ლარიანი ვაუჩერები დაურიგა, ამით დიდი რამე უშველა? დაერიგებინათ ეს ფული საწვავისთვის, ცოტას გლეხიც დაამატებდა და მიწებსაც დაამუშავებდა. გლეხი რო ცოტას ამოისუნთქავდა, ქვეყნის სუნთქვა არ არის?! საზღვრისპირა გლეხებს მაინც მოგვცენ უფლება, აზერბაიჯანში საწვავი იაფად ვიყიდოთ - იქ ჩვენს ფულზე 90 თეთრი ღირს. მაგრამ არაო, თავში ქვა გიხლიათო. ჩვენც რაღა დაგვრჩენია, თავში ქვას ვიხლით და ეგრე ვთესავთ და ვბარავთ. შარშანაც დაითესა ჩვენი სოფლის ბოლოებზე 20 ჰექტარი ხორბალი, თუ სასწაული მოხდა და ყანად ივარგა, ერთი-ორი კაცი ხო მაინც შეჭამს ქართულ პურსა!

- ტრაქტორები ხომ მაინც მოგცათ სახელმწიფომ, ჩემი თვალით ვნახე ჩალაუბანში.

- აი, აქედან რომ წახვალ, უთხარი შოფერსა, ცოტა ხანს გააჩეროს და იმ ტრაქტორების გუთანს დაგახედოი - ჟანგით არი შეჭმული. გუთანზე ჟანგს რა უნდა, თუ მუშაობს, სარკესავით უნდა გაუდიოდეს ლაპლაპი. ჰექტარზე ასი ლარი მოგვეცით და მოგაქირავებთო! რომელ გლეხს უპოვეს ამდენი ფული? მარტო დახვნა ხომ არ არი, თესლი გინდა, კულტივაცია, მოწამვლა... რაღა გამოვიდა? ხარჯი მოსავალზე მეტია!

- ბევრი წუწუნი ხომ არ გამოგდით?

- სათქმელი არა ვთქვა? ზოგიერთს მაგ მთავრობაში არ წაუკითხავს გურამიშვილი, თორემა მე ზეპირად ვიცი, - "ავს თუ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელად რა დავარქო?". ჩვენცა, გლეხებს, იმ გურამიშვილივითა, ორმოში რომ ჩააგდეს, ორივე ხელი ორმოდან გვაქ ამოწეული, რომ ამოვცდეთ გაჭირვებასა... სასწაულს ველოდებით - დედას ვუტირებთ, ამოვალთ. მოვკვდებით და მაინც არ დავდგამთ იმ ორმოს ფსკერზე ფეხსა...

"ხელი თუ არ გავანძრიეთ, მთავრობა ცერებზეც რო შედგეს, ზარმაცი კაცის ხეირი მაინც არ იქნება"

KvirisPalitra.Ge

"ეს ურემია ჩვენი "ჯიპიცა" და "კადილაკიც"

გული როგორ არ მოგეწურება, როცა სოფელში ჩაივლი და მინდორში გლეხს  საუკუნის წინანდელი თოხითა და ბარით დაინახავ. კასპში, სოფელ ახალციხის გზაზე, პავლე სვანიშვილიც ადამჟამობის "ტექნიკით" და სალამით შემხვდა. თავისი გზით მიდენიდა ნიშახარიან ურემს, - შევაჩერე, მოვეფერები-მეთქი.

- ქალაქში იმისთანა მანქანები დადიან, ფრთებიღა აკლიათ, კოსმოსში რო გაფრინდნენ გაგარინივითა. ეს ურემი გაგიკვირდა?

- გამიხარდა - მიდიხართ, მიდენით, არც თქვენ მოთქვამთ და არც ეს, რაღა დროს ხარ-ურმით მუშაობააო.

- მოთქმა რო დავიწყო, მთავრობა შეაჭმევს ჩემს შვილიშვილებს პურსა თუ თქვენა? რა ვქნათ, ეს ურემია ჩვენი "ჯიპიცა" და "კადილაკიც". მაგრამ ეს ხარი არ არის ჩემი, ვითხოვე, - ჯერ არა მყავს საურმე მოზვერი, მაგრამ მალე გამოვზრდი. უხაროდ ჩვენი მხარე ვეღარ ვარგა. აი, ახლაც ბაღში მივდივარ, ვაშლს ხმელი ტოტები ჩამოვაჭერი. დავუდებ ურემზე და დავათბობ ბავშვებსა, შეშა ისეთი ძვირი იყო, აქამდე აღარც მოგვყვა. მერე მიწასაც ამ ურმით მოვამზადებ დასათესად.

- რას თესავთ?

- არ უნდა იცოდეთ, ამ დროს რა ითესება? ხახვს, ნიორს, ბოსტნეულს... მალე ქერისა და სიმინდის თესვის დროც მოვა. ხორბალი კიდევ გვალვამ მოსპო, თაგვმა შეჭამა, მაგრამ ცოტა ხო მაინც ამოვიდა! ამაზე ცოტაც გვქონია, არ დავმწყდარვართ. იქნება ამ შემოდგომით მაინც არ იყოს გვალვები და უბედურება. ის ხო მაინც იცი, იმედით რომ ცოცხლობს კაცი?

- ეგ ვიცი, მაგრამ სანამ თქვენ შეგხვდებოდით, სოფლის ბირჟა გამოვიარე და იმდენი კაცი იყო დაყუდებული უსაქმოდ, ეს იმედი სადღა უნდა ეძებო?

-  გაზაფხული რო ძალაში შევა, მანდ ვერც ერთს ვერ ნახავთ. თუ არა და, აგე თამაზა მოდის, ქარქუსაშვილი, მაგას ჰკითხე, მე გამიშვი!

და... თამაზიც მოვიდა:

- რომ არ ვიმუშაოთ, ვინ რას მოგვიტანს? ისედაც სოფლის ათი სახლიდან ხუთი მაინც კარგამოხურულია. ჩვენც თუ აღარ ვიშრომეთ,  ხელებში ვის შევაჩერდეთ, ან ვის ვეჯიბროთ, ჩვენს მთავრობასა? მაგათ სოფელი სულ არ სჭირდებათ, თორემ ქართლ-კახეთის ხრიოკზე უწყლოდ ხვნა-თესვა რომ ტყუილი შრომაა, ეგ როგორღა ვერ ისწავლეს, წყალი რომ აღარ გვაღირსეს! გაიძახიან, სოფელზე ვზრუნავთო. მიდი ახლა და ამისთანა ხალხს გაეჯიბრე, მოიგებ რამეს?!

სარწყავი კი არა, სასმელიც არა გვაქვს, დღეში თითო საათით მოდის, ისიც - გუბის გემოსი. სარწყავზე კიდევ წყლის ამოსაქაჩი მოტორის ამუშავებაა საჭირო, მაგრამ გლეხებმა 300-300 ლარი უნდა გადაიხადოთო. 300 ლარს ქართლის გლეხობა ერთად ვერ ნახულობს. ახლა რომელ ერთს ვეომოთ, მიწას თუ მთავრობას? მაგრამ უომრობაც რომ არ გამოდის? ახლა გვითხრეს, ამ ზაფხულს გექნებათ სარწყავი წყალიო. თუ არ მოგვატყუეს, კარგია. წყალი რომ მოვა, იმედიც გაჩნდება.

- ახლა ყველა სოფელში უცხოურ უხვმოსავლიან სიმინდის თესლზე ლაპარაკობენ. ქართლში აპირებთ დათესვას?

- რომელი სიმინდი, სათესლეს რომ არ მოგცემს?! ასეთია ეგ ჯიში. დათესავ, მოიყვან და შეჭამ, ეგ არის. თუკი დათესვა მოგინდება, ხელახლა უნდა იყიდო გამოყვანილი თესლი. კი არ ვამბობ, რომ ცუდია, ფრინველს გაზრდი, პირუტყვს გაზრდი, მაგრამ თესლი ნურას უკაცრავად.  გლეხობას თუ დაეკითხა ვინმე, ისევ ჩვენი სიმინდის თესლი უნდა დაითესოს...

ძვირია, მაგრამ  ყველას ცოტ-ცოტა ყანა რომ გვქონოდა, ძვირიც აღარ იქნებოდა. მჭადის ფქვილი სამი ლარი რომ გახდა, ახლა მაინც უნდა მოვეგოთ ჭკუას და ხელი გავანძრიოთ. ყველაფერს ცეცხლის ფასი რომ დაედოს, სიცოცხლეზე ძვირი მაინც არაფერი იქნება. ჰოდა, თავს უნდა ვუშველოთ როგორმე.

თუ კაცი არა, ნამს ღმერთი მაინც გადმოაგდებს, სულ გვალვაში და ცეცხლში ხომ არ გვამყოფებს - გლეხები მაინც სულ მის იმედად ვიყავით და კიდევ, საკუთარი მარჯვენისაც. თუ ჩვენ ხელი არ გავანძრიეთ, მთავრობა ცერებზეც რო შედგეს (ჯერ არ უჩანს სამაგისო პირი) გლეხის გულისთვინ, ზარმაცი კაცის ხეირი მაინც არ იქნება.